ახალი ამბები

დაგეგმილი პროტესტის შემდეგ თსუ-ში კობახიძის ლექცია გააუქმეს — სტუდენტი

11 მარტი, 2023 • 2305
დაგეგმილი პროტესტის შემდეგ თსუ-ში კობახიძის ლექცია გააუქმეს — სტუდენტი

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში შაბათს, 10 საათზე დაგეგმილი იყო ირაკლი კობახიძის ლექცია, თუმცა მოსალოდნელი პროტესტის გამო ლექცია გაუქმდა.

ამის შესახებ ინფორმაციას თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის მე-4 კურსის სტუდენტი მამუკა ჩხეიძე ავრცელებს, რომელიც სტუდენტური თვითმმართველობის წევრიცაა.

„სტუდენტები, რომლებისთვისაც მიუღებელია კობახიძის მიერ სალექციო კურსის წაკითხვა და მისი მოღალატეობრივი საქმიანობა, ვაპირებდით მისვლას და მშვიდობიან პროტესტს, რაც გულისხმობდა შემდეგს: აუდიტორიაში მივიტანდით პლაკატებსა და მისსავე წიგნებს, რასაც ვაჩვენებდით და დავუტოვებდით ყოველგვარი ხმაურისა და ძალადობის გარეშე.

ცოტა ხნის წინ, მის სალექციო ჯგუფში რეგისტრირებულ სტუდენტებს მიუვიდათ შეტყობინება, რომ ლექცია არ ჩატარდება.

ესაა იმ „კაცის“ სახე, რომელიც ვერ ბედავს სტუდენტებთან თამამად გამოჩენას. საერთოდ, ყოველთვის დაცვით დადის, აუდიტორიის წინ მუდმივად დგას დაცვის ორი თანამშრომელი, თითქოს მას ვინმე ემუქრებოდეს. ახლა კი ლექციის ჩატარებასაც ვერ ბედავს, რადგან კარგად იცის, რომ სწორედ ის Gen Z დახვდება ადგილზე, რომელიც ლამის სასიკვდილოდ გაიმეტა ორი ღამის განმავლობაში.

ეგ Gen Z დაგამთავრებთ!

პ.ს. არც გიორგი კახიანს ჩაუტარებია დარბევის შემდეგ დღეს (ხუთშაბათს დილით) ლექცია”, — წერს ფეისბუკზე მამუკა ჩხეიძე.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა სტუდენტებმა ირაკლი კობახიძის მიმართ პროტესტი აკადემიურ სივრცეში გამოხატეს. მათ 8 მარტს თსუ-ს ეზოში კობახიძის სახელმძღვანელო პროტესტის ნიშნად დახიეს.


„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე არის იმ 78 დეპუტატს შორის, რომელსაც საქართველოში „უცხოეთის აგენტებზე“ რუსული კანონის მიღება სურდა.

მსგავსი კანონის რუსეთში მიღების შემდეგ ქვეყანაში ფაქტობრივად გაქრა დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო სექტორი. ამ რეგულაციას აქტიურად იყენებენ კერძო პირების დასასჯელადაც, რის გამოც ათასობით ადამიანი ემიგრაციაში წავიდა.

აშშ და ევროკავშირი თავიდანვე აცხადებდნენ, რომ რუსული კანონის მიღების შემთხვევაში, საქართველო დაკარგავდა შანსს, მიეღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. მიუხედავად ამისა, პარლამენტმა კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღო, რასაც მრავალათასიანი, მძლავრი პროტესტი მოჰყვა.

ხელისუფლება 2 დღე არბევდა აქციას, რა დროსაც რუსთაველის გამზირზე დაზიანდა ავტომობილები, პარლამენტის შენობა, დაშავდა 50-მდე პოლიციელი და აქციის არაერთი მონაწილე, დაკავებულთა რაოდენობამ კი 130-ს გადააჭარბა.

საბოლოოდ, მძლავრი პროტესტის ფონზე ხელისუფლებამ უკან დაიხია და „აგენტებზე“ ორივე კანონპროექტი 10 მარტს უკან გაიწვია.

მასალების გადაბეჭდვის წესი