ახალი ამბები

ღარიბაშვილი კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში აშშ-ის მთავარ მრჩეველს შეხვდა

9 მარტი, 2023 • 1026
ღარიბაშვილი კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში აშშ-ის მთავარ მრჩეველს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში აშშ-ის მთავარ მრჩეველს ლუის ბონოს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილმა ლუის ბონოს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა.

ადმინისტაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებას და ამ მიმართულებით ხაზი გაესვა ღარიბაშვილის მიერ ინიცირებულ სამხრეთ კავკასიის სამშვიდობო-სამეზობლო ინიციატივის მნიშვნელობას.

„საუბარი შეეხო საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას და სამომავლო თანამშრომლობის გაძლიერებას სხვადასხვა სფეროებში.

მთავრობის მეთაურმა ლუის ბონოს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ასევე კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარებისა და არაღიარების პოლიტიკის მიმართულებით აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერისთვის“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში არაფერია ნათქვამი რუსულ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომლის მიღებასაც მმართველი გუნდი გეგმავდა და რომლის გამოც საქართველოს ხელისუფლება არაერთხელ გააკრიტიკა აშშ-ის სახელმწიფო დეპარატმენტმა.

კერძოდ, თავის ბოლო განცხადებაში, რომელიც 9 მარტს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესპიკერმა ნედ პრაისმა გააკეთა, კრემლის მიერ შთაგონებული უწოდა “უცხოური გავლენის აგენტების” შესახებ საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის კანონპროექტს და არ გამორიცხა, რომ მან ნეგატიურად იმოქმედოს აშშ-საქართველოს სტრატეგიულ ურთიერთობებზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი