ახალი ამბები

„მეორე მოსმენის დროს ჩავარდება“ — მდინარაძე რუსულ კანონზე

9 მარტი, 2023 • 1230
„მეორე მოსმენის დროს ჩავარდება“ — მდინარაძე რუსულ კანონზე

„რაც შეეხება კანონპროექტის, რომელიც პირველის მოსმენით არის[მიღებული], გამოწვევის გზებს, საქართველოს [პარლამენტის] რეგლამენტის თანახმად, მეორე მოსმენით გავა და მეორე მოსმენის დროს ჩავარდება. ამის შესახებ პოლიტიკურ განცხადებას კიდევ ერთხელ ვაკეთებ. ჩავარდნა იქნება ის, რაც პროცედურეულად გადაწყვეტს ამ საკითხს“, – აღნიშნა დღეს, 9 მარტს, მამუკმა მდინარაძემ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ.

მამუკა მდინარაძის განმარტებით, ის კანონპროექტი, რომელზეც კენჭი არ უყრიათ, უკვე გამოწვეულია „ხალხის ძალის“ მიერ, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარემ უკვე გაუგზავნა წერილი ვენეცის კომისიას კანონპროექტების გამოხმობის შესახებ.

„ვენეციის კომისიას ჩვენ აღარ ვთხოვთ იმას, რომ მოხდეს განხილვა და დასკვნის გამოგზავნა“, – დასძინა მამუკა მდინარაძემ.

„პოლიტიკურ გადაწყვეტილებას უკან ვერავინ წაიღებს“, – თქვა „ოცნების“ დეპუტატმა, რომელსაც ჟურნალისტებმა ჰკითხეს, რა შეიძლება იყოს ამ დაპირების შესრულების გარანტია. მისივე თქმით, სიტყვის უკან წაღებას ათმაგი პროტესტის გამოწვევა შეუძლია.

მამუკა მდინარაძემ დასძინა ისიც, რომ შესაძლებელია გაწვეული კანონპროექტის ხელახლა ინიცირებაც.

„ეს არის წმინდა წყლის დეტალები და ტექნიკური ხასიათი“, – თქვა მამუკა მდინარაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობამ 7 მარტს მხარი დაუჭირა მედიისა და სამოქალაქო სექტორის შემზღუდავ რუსული კანონის პირველ ვერსიას. კანონის მეორე ვერსია კი, რომელსაც „ამერიკული“ უწოდეს, “ხალხის ძალამ” უკან გამოიწვია.


საქართველოს პარლამენტის 76-მა დეპუტატმა 7 მარტის სესიაზე პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი რუსულ კანონპროექტს, რომლის მიზანიც ქვეყანაში მედიისა და სამოქალაქო სექტორის დისკრედიტაცია და შეზღუდვაა. მსგავსი კანონი რუსეთში 2012 წელს მიიღეს და მას შემდეგ ქვეყანაში, ფაქტობრივად, გაქრა დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო სექტორი. ისინი ჯერ „უცხოეთის აგენტებად“ გამოაცხადეს, შემდეგ კი საქმიანობაც აუკრძალეს. კანონს საქართველოს დასავლური ინტეგრაციის შემაფერხებლად მიიჩნევენ საქართველოს დასავლელი პარტნიორები, მათ შორის, აშშ და ევროკავშირი.

უმრავლესობის წევრებმა მალევე წარმოადგინეს კანონპროექტის მეორე ვერსია, რომელსაც „ამერიკული“ უწოდეს, თუმცა მისთვის სესიაზე კენჭი არ უყრიათ, ისე გააგზავნეს ვენეციის კომისიაში პირველ ვერსიასთან ერთად.

საქართველოს ათასობით მოქალაქე უკვე რამდენიმე დღეა, აპროტესტებს რუსული კანონპროექტის მიღებას. მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ ხელისუფლებამ გამოიყენა ფიზიკური ძალა, წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი.  დარბევის დაწყების შემდეგ პოლიციის მიმართულებით სხვადასხვა საგნის სროლა დაიწყო აქციის მხარეს მყოფმა ადამიანთა ნაწილმა.

დაზიანდა პოლიციის ავტომობილები, დაშავდნენ როგორც პოლიციელები, ისე – აქციის მონაწილეები. 8-9 მარტის ღამეს, რუსთაველზე აქციის დაშლის შემდეგ სპეცრაზმმა აქციის მონაწილეებს მიმდებარე ქუჩებზე დილამდე სდია და აკავებდა მათ.

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ რა ფორმითაც არ უნდა მიიღონ ეს კანონი, მას ვეტოს დაადებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი