ახალი ამბები

რუსული კანონის გამო ესტონეთის საგარეოში საქართველოს ელჩი დაიბარეს

8 მარტი, 2023 • 831
რუსული კანონის გამო ესტონეთის საგარეოში საქართველოს ელჩი დაიბარეს

რუსული კანონპროექტის გამო ესტონეთში საქართველოს ელჩი არჩილ ყარაულაშვილი ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. ამის შესახებ ინფორმაციას ესტონეთის საგარეო უწყება ავრცელებს.

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით,  ელჩთან დიდი უკმაყოფილება გამოხატეს იმის გამო, რომ საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა რუსულ კანონპროექტს .

მათი თქმით, ამ კანონპროექტის მხარდაჭერა სერიოზულ კითხვებს აჩენს საქართველოში დემოკრატიის მომავალთან დაკავშირებით.

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ეს კანონპროექტი აშკარად ეწინააღმდეგება საქართველოს ხელისუფლების სურვილს, სწრაფად ინტეგრირდეს ევროატლანტიკურ სივრცეში.

„ეს ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს და ეწინააღმდეგება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისთვის საჭირო 12 პრიორიტეტის შესრულებას. კანონის აღსრულება გამოიწვევს დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების გაჩუმებას და გაართულებს საქართველოში ესტონეთის განვითარების თანამშრომლობის პროექტების განხორციელებას.

მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, პასუხისმგებლობით შეაფასოს ქვეყნის რეალური ინტერესები და უკან გაიწვიოს კანონპროექტი.

ჩვენ ასევე მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, პატივი სცეს ხალხის მშვიდობიანი პროტესტის უფლებას“, – ნათქვამია ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.


ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ კანონპროექტის საბოლოო მიღებამ შესაძლოა, სერიოზულად იმოქმედოს ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებზე.

ასევე ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის თქმით, „უცხოური გავლენის“ შესახებ კანონის მიღება არ შეესაბამება ევროკავშირის გზას.

7 მარტს საქართველოს პარლამენტის 76-მა დეპუტატმა სესიაზე პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი რუსულ კანონპროექტს, რომლის მიზანიც ქვეყანაში მედიისა და სამოქალაქო სექტორის დისკრედიტაცია და შეზღუდვაა.

მსგავსი კანონი რუსეთში 2012 წელს მიიღეს და მას შემდეგ ქვეყანაში, ფაქტობრივად, გაქრა დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო სექტორი. ისინი ჯერ „უცხოეთის აგენტებად“ გამოაცხადეს, შემდეგ კი საქმიანობაც აუკრძალეს.

კანონს საქართველოს დასავლური ინტეგრაციის შემაფერხებლად მიიჩნევენ საქართველოს დასავლელი პარტნიორები, მათ შორის, აშშ და ევროკავშირი.

საქართველოს ათასობით მოქალაქე უკვე რამდენიმე დღეა, აპროტესტებს რუსული კანონპროექტის მიღებას.

მშვიდობიანი აქციის წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლებამ 7 მარტის აქციაზე წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი გამოიყენა. დარბევის დაწყების შემდეგ პოლიციის მიმართლებით სხვადასხვა საგნის, მათ შორის აალებადის, სროლა დაიწყო აქციის მხარეს მყოფმა ადამიანთა ნაწილმა.

EU: ეს კანონი ეწინააღმდეგება საქართველოს ევროკავშირში გაწევრების მიზანს

მასალების გადაბეჭდვის წესი