შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ რუსთაველის გამზირზე, სადაც რუსული კანონის წინააღმდეგ მრავალათასიანი აქცია იმართება, ხალხს წაართვა ცურვის სათვალეები, აირწინაღები, ველოსიპედისტის ჩაფხუტები, ე.წ. ფაუერბანკი, საღებავები. ამოღებულ ნივთებს შორის, შსს-ს ცნობით, ასევე არის ხელკეტი, პიროტექნიკა. ამოღებული ნივთების ფოტოები თავად უწყებამ გაავრცელა.
როგორც შსს აცხადებს, „საპროტესტო აქციის უსაფრთხოდ ჩატარებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით“, პოლიციელთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული წესით, კიდევ 10 პირი დააკავა.
„აღნიშნული პირები შეჩერებული იქნენ სამართალდამცველების მიერ, რადგან როგორც პოლიციელებმა შენიშნეს, მათ თან ჰქონდათ გარკვეული კანონსაწინააღმდეგო ნივთები და ხელკეტები. „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, რომლის მიხედვითაც სამართალდამცველი უფლებამოსილია განახორციელოს პირის ზედაპირული შემოწმება მისი ტანსაცმლის მხოლოდ გარე ზედაპირზე ხელით, პოლიციის თანამშრომლების მიერ განხორციელდა მათი ზედაპირული დათვალიერება და შემოწმება. დადგინდა, რომ ისინი მიდიოდნენ პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციაზე და თან მიჰქონდათ ძალადობრივი ქმედებებისთვის გამიზნული ნივთები“ ,— აცხადებს შსს.

შსს-სვე ცნობით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მიმდინარე წლის 7 მარტს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული საპროტესტო აქციის დროს პოლიციელებზე განხორციელებულ თავდასხმის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით (წინააღმდეგობა, მუქარა ან ძალადობა საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ, ითვალისწინებს პატიმრობას 4-7 წლით), ერთი პირი დააკავეს. იდენტიფიცირებულია კიდევ რამდენიმე პირი, რომელთა დაკავების მიზნით მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებები.
სამართალდამცველების მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად, ჯამში, 76 პირია დაკავებული.
საქართველოს პარლამენტის 76-მა დეპუტატმა 7 მარტის სესიაზე პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი რუსულ კანონპროექტს, რომლის მიზანიც ქვეყანაში მედიისა და სამოქალაქო სექტორის დისკრედიტაცია და შეზღუდვაა.მსგავსი კანონი რუსეთში 2012 წელს მიიღეს და მას შემდეგ ქვეყანაში, ფაქტობრივად, გაქრა დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო სექტორი.ისინი ჯერ „უცხოეთის აგენტებად“ გამოაცხადეს, შემდეგ კი საქმიანობაც აუკრძალეს. კანონს საქართველოს დასავლური ინტეგრაციის შემაფერხებლად მიიჩნევენ საქართველოს დასავლელი პარტნიორები, მათ შორის, აშშ და ევროკავშირი.
საქართველოს ათასობით მოქალაქე უკვე რამდენიმე დღეა, აპროტესტებს რუსული კანონპროექტის მიღებას. მშვიდობიანი აქციის წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლებამ 7 მარტის აქციაზე წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი გამოიყენა.დარბევის დაწყების შემდეგ პოლიციის მიმართულებით სხვადასხვა საგნის სროლა დაიწყო აქციის მხარეს მყოფმა ადამიანთა ნაწილმა.შსს-ს ინფორმაციით, დააკავეს 66 პირი, დაშავებულია 50-მდე პოლიციელი. ცნობები აქციის დაშავებული მონაწილეების რაოდენობის შესახებ ჯერ დაუზუსტებელია.
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ რა ფორმითაც არ უნდა მიიღონ ეს კანონი, მას ვეტოს დაადებს.
