ახალი ამბები

სახელმწიფო მდივნის თანაშემწე: კანონი ეფუძნება რუსეთის და არა საქართველოს ინტერესებს

7 მარტი, 2023 • 751
სახელმწიფო მდივნის თანაშემწე: კანონი ეფუძნება რუსეთის და არა საქართველოს ინტერესებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ტოდ რობინსონმა, რომელიც საქართველოში ვიზიტით იმყოფება, “აგენტების” შესახებ საქართველოს პარლამენტში რეგისტრირებული კანონპროექტები შეაფასა. მისი სიტყვებით, ეს კანონი რუსეთის ინტერესებს ეფუძნება.

“აშკარაა, რომ ეს კანონი ეფუძნება რუსეთის და არა საქართველოს ინტერესებს. ვფიქრობთ, საქართველოს ინტერესშია უფრო მჭიდრო თანამშრომლობა ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით. ეს კანონი ამას არ აკეთებს.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არ არის მიზანშეწონილი საქართველოსთვის. რაც უფრო მნიშვნელოვანია, ქართველებიც ფიქრობენ, რომ ეს არ არის სწორი [ამ ქვეყნისთვის].

ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას საქართველოს მთავრობაში ჩვენს პარტნიორებთან, რათა დავრწმუნდეთ, რომ მათი პრიორიტეტი ევროატლანტიკური ინტეგრაციაა”, — დასძინა მან ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ.


უკვე ერთ კვირაზე მეტია, საქართველოში არაერთი საზოგადოებრივი ჯგუფი ეწინააღმდეგება საპარლამენტო უმრავლესობის რუსულ კანონპროექტებს, რომელთა მიზანი ქვეყანაში დასავლური დაფინანსების მქონე ორგანიზაციების დისკრედიტაცია და შეზღუდვაა.

მსგავსი კანონი რუსეთში 2012 წლიდან სწორედ სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიის რეპრესიებისა და საბოლოოდ, ქვეყნიდან გასაძევებლად გამოიყენეს.

ამჟამად უმრავლესობის წევრებს „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ ორი კანონპროექტი აქვს ინიციირებული: 1. როგორც თავად ამბობენ, აშშ-ში მოქმედი „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის“ [FARA] “უფრო შერბილებულ” ვერსია და 2. “ალტერნატივის სახით ამერიკული კანონის ანალოგი”.

მიუხედავად საქართველოში დაწყებული საზოგადოების პროტესტისა, პარლამენტმა აღნიშნული კანონპროექტების საკომიტეტო მოსმენებიც დაიწყო, რომელზე დასწრების საშუალება არ მისცეს იმ ადამიანთა დიდ ნაწილს, რომლებსაც ეს კანონპროექტი ეხებათ.

კანონის მიღებას ასევე ეწინააღმდეგება აშშ, ევროკავშირი და არაერთი დასავლური ორგანიზაცია.

მასალების გადაბეჭდვის წესი