ახალი ამბები

დინამოს დიდი ოჯახი მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ გზას – FC Dinamo

6 მარტი, 2023 • 892
დინამოს დიდი ოჯახი მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ გზას – FC Dinamo

„დინამო თბილისი“ პარლამენტში რუსული კანონპროექტის განხილვების პარალელურად განცხადებას ავრცელებს, სადაც წერს, რომ მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ გზას.

„დინამო თბილისი, როგორც საქართველოს იდენტობის ერთ-ერთი მთავარი მატარებელი, არის და იქნება ქართველი ხალხის თვითგამოხატვის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა. ჩვენი კლუბი, დინამოს დიდი ოჯახი მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ გზას და საფრთხედ მივიჩნევთ ნებისმიერს ინიციატივას, რომელიც ამ გზას საფრთხეს შეუქმნის.

როგორც ჩვენს ფეხბურთს, ისევე ჩვენს ქვეყანას სჭირდება მეტი განვითარება და საქართველოს მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა არაერთხელ დააფიქსირა, რომ ამ განვითარების საშუალებას მხოლოდ ევროპულ ოჯახთან ერთად ხედავს. ევროკავშირში გაწევრიანება უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი მიზანი და ამ გზის მართებულობა არ უნდა დაექვემდებაროს გადახედვას“, – წერია განცხადებაში.


დღეს, 6 მარტს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „ხალხის ძალის“ ინიციირებულ კანონპროექტებს უცხოეთის აგენტების შესახებ I მოსმენით მხარი დაუჭირა.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის შემდეგ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი არის მეორე და წამყვანი კომიტეტი, რომელმაც კანონპროექტებს მხარი დაუჭირა.

საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობა გეგმავს კანონპროექტის მიღებას, რომლის ანალოგის დამტკიცების შედეგად რუსეთში არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ჯერ „უცხოურ აგენტად“ გამოაცხადეს, წლების შემდეგ კი სრულად აკრძალეს. „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონით ქვეყანაში ებრძვიან მედიასაც.ამჟამად საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს “ხალხის ძალიდან” „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ ორი კანონპროექტი აქვთ ინიციირებული: 1. როგორც თავად ამბობენ, აშშ-ში მოქმედი „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის“ [FARA] “უფრო შერბილებულ” ვერსია და 2. “ალტერნატივის სახით ამერიკული კანონის ანალოგი”.

საქართველოში მსგავსი კანონის მიღებას აკრიტიკებენ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, მისი არმიღებისკენ ხელისუფლებას მოუწოდებენ დასავლელი პარტნიორებიც, მათ შორის, აშშ, ევროკავშირი, გაერო, ევროპის საბჭო.

ევროკავშირის საგარეო სამსახური „უცხოეთის გავლენის აგენტების“ კანონპროექტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ის ეწინააღმდეგება 12-პუნქტიან რეკომენდაციებს, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად.

მასალების გადაბეჭდვის წესი