ახალი ამბები

„მოვითხოვთ, ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს კანონის მიღების პროცესი” — „ღია სივრცე ექსპერიმენტული ხელოვნებისთვის”

7 მარტი, 2023 • 316
„მოვითხოვთ, ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს კანონის მიღების პროცესი” — „ღია სივრცე ექსპერიმენტული ხელოვნებისთვის”

ვიზუალური და საშემსრულებლო ხელოვნების ცენტრი „ღია სივრცე” ფეისბუკ გვერდზე აქვეყნებს განცხადებას რუსული კანონპროექტის შესახებ, რომლის მიზანიც სამოქალაქო სექტორისა და მედიის დისკრედიტაცია და შეზღუდვაა.

„ღია სივრცე | ვიზუალური და საშემსრულებლო ხელოვნების ცენტრი ეწინააღმდეგება საქართველოში უცხოეთის აგენტების შესახებ კანონის მიღებას! ჩვენი ცენტრი სახელმწიფოსგან სრულად დამოუკიდებელი ორგანიზაციაა და სწორედ დასავლური დონორების მიერ ფინანსდება. ეს ინფორმაცია არასოდეს ყოფილა დაფარული და ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომია. სახელმწიფოსთვის ცნობილია ორგანიზაციების დაფინანსების ნებისმიერი წყარო და რაოდენობა, დაფინანსებული პირების ვინაობაც და მოტივაციაც.
ნათელია, რომ ხელისუფლება ხალხის მოტყუებას ცდილობს, როცა კანონს გამჭვირვალობის სახელით ნიღბავს, სინამდვილეში კი, კრიტიკულად განწყობილი საზოგადოების ნაწილის მოსასპობად და რეპრესიული პოლიტიკის გასამყარებლად იყენებს. ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის მიერ მოპოვებულ და კონსტიტუციით გარანტირებულ არჩევანს დემოკრატიული, თავისუფალი, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფოს შესახებ; საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის დასავლურ კურსს და გვართმევს განვითარების შესაძლებლობას.
ამ კანონის მიღების შემდეგ პრაქტიკულად შეუძლებელი გახდება აგენტებად გამოცხადებული პროფკავშირების, მედიის, კვლევითი ცენტრების, დამოუკიდებელი კულტურული სივრცეების, სათემო და უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების არსებობა, რომელთა მიზანიც ჩვენი საზოგადოების სუსტი და ჩაგრული ჯგუფების დაცვას, მხარდაჭერას და გაძლიერებას წარმოადგენს.
მოვითხოვთ, ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს კანონის მიღების პროცესი, რომელიც აბსოლუტურად შეუსაბამოა ჩვენი ქვეყნისთვის და ემსახურება საკუთარი მოქალაქეების დევნასა და შევიწროებას!” — წერია განცხადებაში.

უკვე ერთ კვირაზე მეტია, საქართველოში არაერთი საზოგადოებრივი ჯგუფი ეწინააღმდეგება საპარლამენტო უმრავლესობის რუსულ კანონპროექტებს, რომელთა მიზანი ქვეყანაში დასავლური დაფინანსების მქონე ორგანიზაციების დისკრედიტაცია და შეზღუდვაა. მსგავსი კანონი რუსეთში 2012 წლიდან სწორედ სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიის რეპრესიებისა და საბოლოოდ, ქვეყნიდან გასაძევებლად გამოიყენეს.

მიუხედავად საქართველოში დაწყებული საზოგადოების პროტესტისა, პარლამენტმა აღნიშული კანონპროექტების საკომიტეტო მოსმენებიც დაიწყო, რომელზე დასწრების საშუალება არ მისცეს იმ ადამიანთა დიდ ნაწილს, რომლებსაც ეს კანონპროექტი ეხებათ.

კანონის მიღებას ასევე ეწინააღმდეგება აშშ, ევროკავშირი და არაერთი დასავლური ორგანიზაცია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი

საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ. მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია და სამოქალაქო სექტორი.

ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.