ახალი ამბები

„კობახიძეს აბსურდულობის განსაკუთრებული ნიჭი აქვს“ — ევროპარლამენტარების გამოხმაურებები

3 მარტი, 2023 • 1479
„კობახიძეს აბსურდულობის განსაკუთრებული ნიჭი აქვს“ — ევროპარლამენტარების გამოხმაურებები

ევროპარლამენტარები ეხმაურებიან „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას იმის შესახებ, რომ 19 აპრილის შეთანხმების მიზნის მიღწევის შემთხვევაში საქართველოში რუსული ტანკები იდგებოდა.

რა ხდება?

2 მარტს ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ირაკლი კობახიძემ  განაცხადა, რომ 19 აპრილის შეთანხმებას ჰქონდა კონკრეტული მიზანი და ამოცანა.

„ეს მიზანი რომ შესრულებულიყო, სრული გარანტიით გეუბნებით, რომ თბილისში იდგებოდა რუსული ტანკები. მარტივად განვმარტავ: ისინი გააკეთებდნენ იმ ყველაფერს, რასაც ჩვენგან ითხოვდნენ და ეს აუცილებლად გამოიწვევდა ესკალაციის იმ ხარისხს, რომელიც დამთავრდებოდა თბილისში ტანკების შემოსვლით. ეს იყო მათი სცენარი და საბედნიეროდ, არ შედგა ეს სცენარი, რომელიც 19 აპრილის შეთანხმებაში იყო ჩადებული. შესაბამისად, დღეს თბილისში გვაქვს არა რუსული ტანკები, არამედ ქვეყანაში გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა“, — განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, კობახიძე ამბობს, რომ მიზანმიმართულად არ უწოდებს 19 აპრილის შეთანხმებას შარლ მიშელის შეთანხმებას, რათა პერსონალური პასუხისმგებლობა შარლ მიშელზე არ გადაიტანოს.

2021 წლის 19 აპრილის, იგივე შარლ მიშელის შეთანხმების მიზანს წარმოადგენდა საქართველოში დეპოლარიზაციის მიღწევა. „ქართული ოცნების“ მიერ ჯერ ხელმოწერილი და შემდეგ ანულირებული შეთანხმება ითვალისწინებდა პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირებას, საარჩევნო და სასამართლო რეფორმებს, პარლამენტში ძალაუფლების განაწილებას, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას 2022 წელს იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში „ქართული ოცნება“ პროპორციული ხმების 43% -ზე ნაკლებს მიიღებდა.

19 აპრილის შეთანხმების [„შარლ მიშელის დოკუმენტის“] სულისკვეთებით პოლიტიკური პოლარიზაციის საკითხის მოგვარებას ითვალისწინებს ევროკავშირის 12 რეკომენდაციაც, რომელიც საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მისაღებად არის შესასრულებელი.

ევროპარლამენტარების გამოხმაურება

ირაკლი კობახიძის განცხადებას Twitter-ზე გამოეხმაურნენ ევროპარლამენტარები.

ლიეტუველი ევროპარლამენტარი Renew Europe-დან პეტრას აუსტრევიჩიუსი ავადმყოფურ ლოგიკას უწოდებს მოსაზრებას, რომ ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს და მის ტრადიციებს დაანგრევს.

„რაღაც სერიოზულად არასწორია ამ ტიპის ქართულ პოლიტიკაში“, — წერს აუსტრევიჩიუსი, რომელიც ირაკლი კობახიძის განცხადებას აზიარებს.

ევროპის სახალხო პარტიის წევრი მირიამ ლექსმანი წერს, რომ კობახიძეს აბსურდულობის ნიჭი აქვს.

„თუმცა ეს ტალანტი შეიძლება დაეხმაროს ოლიგარქის ბედნიერების შენარჩუნებას, საქართველოსთვის ის დამღუპველია“, — წერს ლექსმანი.

„მთავრობა საფრთხეს უქმნის ევროპულ გზას…“

რუმინელი ევროპარლამენტარი ვლად გეორგი წერს, რომ საქართველოს მთავრობა უფრო და უფრო საფრთხეს უქმნის ევროპულ გზას.

„ეს ხდება საქართველოს მოქალაქეების ხარჯზე, რომლებმაც არაერთხელ დაამტკიცეს პროევრკავშირისეული ფასეულობების ერთგულება. ვიმედოვნებ, რომ უცხოური აგენტების კანონპროექტი არ გავა და საქართველო ისევ გახდება დემოკრატია“, — წერს ევროპარლამენტარი.

საქართველოს პარლამენტი განიხილავს „ხალხის ძალის“ ინიციირებულ კანონპროექტებს უცხოეთის აგენტების შესახებ. კანონპროექტებს მხარი დაუჭირეს საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე.

საგარეო და თავდაცვის კომიტეტებმა რუსულ კანონპროექტებს I მოსმენით მხარი დაუჭირეს

საქართველოში მსგავსი კანონის მიღებას აკრიტიკებენ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, მისი არმიღებისკენ ხელისუფლებას მოუწოდებენ დასავლელი პარტნიორებიც, მათ შორის, აშშ, ევროკავშირი, გაერო, ევროპის საბჭო.

ევროკავშირის საგარეო სამსახური „უცხოეთის გავლენის აგენტების“ კანონპროექტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ის ეწინააღმდეგება 12-პუნქტიან რეკომენდაციებს, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად.

„ეწინააღმდეგება 12-პუნქტიან რეკომენდაციებს“ — ევროკავშირი „აგენტების“ კანონპროექტზე

მასალების გადაბეჭდვის წესი