ახალი ამბები

ვინ არის კაცი, რომელმაც ოსლოში რუსი დიპლომატები საჰაერო განგაშის სიგნალით გააღვიძა

2 მარტი, 2023 •
ვინ არის კაცი, რომელმაც ოსლოში რუსი დიპლომატები საჰაერო განგაშის სიგნალით გააღვიძა

რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან ერთი წლისთავზე 73 წლის ნორვეგიელმა კაცმა შეთილ ქრანმა პროტესტის ორიგინალური ფორმა მოიფიქრა და ოსლოში რუსეთის საელჩოს თანამშრომლებს ძილი დაუფრთხო საჰაერო განგაშის სიგნალებით.

როგორც ნორვეგიული გამოცემა Nettavisen წერს, გვიან ღამით ნორვეგიის მოქალაქემ  პორტატული სპიკერით ხელში იმ საცხოვრებელ კომპლექსს მიაშურა, სადაც რუსეთის ელჩი და საელჩოს პერსონალი ცხოვრობს:

„მინდოდა, ისინი გამომეღვიძებინა როგორც პირდაპირი, ასევე გადატანითი მნიშვნელობით. მათ თვალი უნდა გაუსწორონ, რომ ამ ომის თანამონაწილენი არიან“, — ამბობს ქრანი ადგილობრივ მედიასთან საუბრისას.

ფოტო: Jakob Bjørnøy, Nettavisen

გამოცემა კაცს მის სახლში, პროტესტამდე ერთი საათით ადრე, ღამის 01:00 საათზე შეხვდა. როგორც Nettavisens წერს, სამზარეულოს მაგიდაზე ყავის სავსე თეთრი ჭიქა მიანიშნებდა, რომ ქრანი ღამით დაძინებას არ აპირებდა. ის აღელვებული იყო და ნელ-ნელა იაზრებდა, თუ რის გაკეთებას აპირებდა:

„რუსეთი ბომბავს და ტერორის ქვეშ ამყოფებს საავადმყოფოებს, საბავშვო ბაღებს და საცხოვრებელ სახლებს. ეს სასტიკი ომია, რომლისგანაც რუსი დიპლომატები დისტანცირდებიან“, — ამბობს ქრანი და აღნიშნავს, რომ საჰაერო განგაშის სიგნალები, შიში და გაქცევა უკრაინელი ბავშვების ყოველდღიურობაა, რაც ამწუხრებს მას და მის მეუღლეს, რომელთანაც ერთი ქალიშვილი და შვიდი შვილიშვილი ჰყავს.

სწორედ ამ განცდამ გადააწყვეტინა ნორვეგიის 73 წლის მოქალაქეს, თებერვლის ცივ ღამეს ზამთრის სქელი წინდები ჩაეცვა და ღამით გასულიყო ოსლოს ქუჩებში დიპლომატების საცხოვრებლის მოსაძებნად.

ქრანი შიშობს, რომ შესაძლოა, დროთა განმავლობაში შემცირდეს საზოგადოების ყურადღება უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და მზადაა, ყველაფერი გააკეთოს, რათა ამას ხელი შეუშალოს.

ფოტო: Jakob Bjørnøy, Nettavisen

გამოცემა წერს, რომ საჰაერო განგაშის სიგნალების მსგავსი ხმა ბეტონის შენობებზე აირეკლა და ოსლოს დასავლეთ ნაწილი მოიცვა. Nettavisen-ის თქმით, პროტესტის მიმდინარეობისას შენობის ერთ-ერთ ფანჯარაში შუქი აინთო და სიბნელეში ადამიანის სილუეტიც გამოჩნდა.

ნახევარსაათიანი პერფორმანსის შემდეგ შეთილმა დინამიკი გამორთო, კაცი არ დაუკავებიათ, თუმცა გამოცემა წერს, რომ დაპატიმრებისთვისაც მზად იყო:

„რუსი დიპლომატების ღამით გაღვიძება აქტივიზმის ეფექტური ფორმაა თუ არა? არ ვიცი, დრო გვიჩვენებს. ეს აქამდე არასოდეს გამიკეთებია, იმედი მაქვს, იმუშავებს. ჩემი მიზანი მათი შეშინება იყო.

რაც შეეხება სასჯელს, შესაძლოა, ეს იყო აქტივიზმის არალეგალური ფორმა, მაგრამ ჩემთვის სულერთია. თუ დამაჯარიმებენ, იმედი მაქვს, მეგობრები დამეხმარებიან მის გადახდაში. თუმცა, მორალურად, ჩემს ქმედებებში დარწმუნებული ვარ. თუ ამ ქმედებას კანონგარეშედ ჩათვლიან, დაე, იყოს ასე“ ,- აცხადებს ქრანი და დინამიკით ხელში ამჯერად უკვე შინისკენ მიემართება.

გამოცემა აღნიშნავს, რომ საპასუხო კომენტარისთვის ოსლოში რუსეთის სახელჩოს მიმართეს, თუმცა მათგან პასუხი არ მიუღიათ.

ფოტო: Jakob Bjørnøy, Nettavisen

 

მასალების გადაბეჭდვის წესი