ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

რა ემუქრება აზერბაიჯანში ჟურნალისტებს ახალი კანონით – ინტერვიუ ხადიჯა ისმაილთან

3 თებერვალი, 2022 • 1337
რა ემუქრება აზერბაიჯანში ჟურნალისტებს ახალი კანონით –  ინტერვიუ ხადიჯა ისმაილთან

ესაუბრა ნიკა მუსავი


აზერბაიჯანის პარლამენტმა რამდენიმე კვირის წინ მიიღო ახალი კანონი “მედიის შესახებ”, რომელსაც ბევრმა დამოუკიდებელმა ჟურნალისტმა, ექსპერტმა, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციამ შეაფასა ხელისუფლების მცდელობად, სრულად დაიქვემდებაროს მედიასფერო. კერძოდ, საფრთხის შემცველია ახალი კანონით გათვალისწინებული ჟურნალისტთა და მედიასტრუქტურების ერთიანი რეესტრი და მათთვის ლიცენზიების გაცემა. კანონი ძალაში შევა მაშინ, როდესაც პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მას ხელს მოაწერს. 

როგორ შეიძლება ახალი კანონი აისახოს სიტყვის თავისუფლებაზე აზერბაიჯანში, Netgazeti დამოუკიდებელ ჟურნალისტს, ხადიჯა ისმაილს ესაუბრა. 

ხადიჯა ისმაილი ცნობილია მისი ჟურნალისტური გამოძიებებით, ძირითადად – (OCCRP) კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის კვლევის ცენტრის პროექტების ფარგლებში. 2015 წელს მას 7,5 წლით პატიმრობა შეეფარდა გადასახადების დამალვის, მითვისების, უკანონო საქმიანობისა და თანამდებობის ბოროტად გამოყენების ბრალდებებით. თავად ჟურნალისტი, მისი ბევრი კოლეგა და საერთაშორისო უფლებადამცველები აღნიშნულ ბრალდებებს ფაბრიკაციას უწოდებენ. 2016 წელს ხადიჯა ისმაილს პატიმრობა პირობითი სასჯელით შეეცვალა და გაათავისუფლეს. 

როგორია მედიის სფეროში მიმდინარე სიტუაცია აზერბაიჯანში? 

დღეს სიტყვის თავისუფლება აზერბაიჯანში საკმაოდ რთულ მდგომარეობაშია. არცერთი ტელე ან რადიოარხი არ არსებობს, რომელიც რაიმე კრიტიკას მაინც გამოხატავდა ხელისუფლების მაღალჩინოსნების ან თუნდაც საშუალო რანგის ჩინოვნიკების მიმართ. გარკვეული კრიტიკა შეიძლება გაისმას მხოლოდ დაბალი რანგის ჩინოვნიკის მისამართით. 

ამასთან, აქ არ არსებობს არცერთი ოპოზიციური ან ბეჭდური გამოცემა. არსებობს, რა თქმა უნდა, ონლაინ პლატფორმები – YouTube, Facebook-გვერდები ან ვებ-გვერდები, რომლებიც სხვა ქვეყნებიდან მუშაობენ, სადაც განსხვავებული მოსაზრებებიც ისმის. თუმცა ეს რესურსები მუდმივად დახურვის, დაბლოკვის ან დაფინანსების შეწყვეტის საფრთხის ქვეშაა. 

თითზე ჩამოსათვლელია უცხოური/საერთაშორისო მედია, რომელთაც აზერბაიჯანში ჰყავთ ან რეპორტიორები, ან წარმომადგენლობა აქვთ. მათ არასაკმარისო რესურსები გააჩნიათ სრულყოფილი საქმიანობისთვის და ინფორმაციული სიცარიელის შესავსებად. 

როგორია ეს ტენდენცია და როგორ იცვლებოდა მდგომარეობა უკანასკნელ წლებში, უკეთესობის თუ უარესობისკენ? 

უკანასკნელ წლებში სიტუაცია საგრძნობლად გაუარესდა. მაგალითად, დაბლოკეს რიგი ვებ-გვერდები. ბოლო თვეებშიც პროკურატურამ იმ ჟურნალისტების, ბლოგერებისა და სოციალური ქსელების მომხმარებლების წინააღმდეგ დაიწყო გამოძიებები, რომელთაც ისარგებლეს კონსტიტუციური უფლებით და სახელისუფლებო ორგანოების მისამართით კრიტიკა გამოთქვეს. ბევრი მათგანი დააჯარიმეს, ზოგიერთის წინააღმდეგ კი დაუსაბუთებელი სამართლებრივი საფუძვლებით რეალური ადმინისტრაციული პატიმრობა გამოიყენეს. 

და თავად აუდიტორიას რა სჭირდება? როგორ ფორმირდება საზოგადოებრივი აზრი? რამდენად პოპულარულია დღეს ქვეყნის შიგნით დამოუკიდებელი მედია? 

აუდიტორიის აზრი ძირითადად ყალიბდება სოციალური ქსელებისა და ე.წ. ინფლუენსერების მეშვეობით. დამოუკიდებელ მედიებს შორის ძალიან პოპულარულია, მაგალითად, Meydan TV [ახალი ამბების დამოუკიდებელი აზერბაიჯანული ინტერნეტ რესურსი, რომლის მთავარი ოფისი ბერლინშია. აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ვებ-გვერდი დაბლოკილია, თუმცა მომხმარებელს მისი გახსნა გარკვეული სერვერებით შეუძლია], რომელიც ქვეყანაში განვითარებული მოვლენების შესახებ ერთ-ერთი ძირითადი წყაროა. ასევე, დიდი პოპულარობით სარგებლობს YouTube-არხები, რომლებიც სხვა ქვეყნებიდან მაუწყებლობენ. ასევე, სხვადასხვა ტიპის არაპროფესიონალური მედია. ისინი, როგორც წესი, შორს არიან პროფესიული და ეთიკური ნორმების დაცვისგან, მაგრამ საზოგადოებას სწყურია კრიტიკული აზრის მოსმენა, თუნდაც, ასეთი ფორმით გაშუქებული. 

თქვენი მონაყოლის მიხედვით, მედიის შესახებ ახალი კანონი შეიძლება უბრალოდ მოგვეჩვენოს არსებული დე ფაქტო სიტუაციის ლეგალიზების მცდელობად. სწორედ ასე აღიქვამს მას ზოგიერთი ჟურნალისტი და ექსპერტი. თქვენი აზრით, რატომ მიიღო ხელისუფლებამ ეს კანონი? 

იმისთვის, რომ უკვე არსებული შეზღუდვების სამართლებრივი საფუძველი შექმნას. ანუ მას შემდეგ, რაც კანონი ძალაში შევა, ხელისუფლება დაეყრდნობა მას, მაგალითად იმისთვის, რომ დახუროს რომელიმე არხი ან უარი უთხრას ჟურნალისტს აკრედიტაციაზე, ან ინფორმაციაზე წვდომაზე. 

მართალია, კანონის ავტორები პირობას დებენ, რომ არანაირი შეზღუდვა არ ემუქრება ჟურნალისტს, თუმცა პრაქტიკა აჩვენებს, რომ მათი ნდობა არ შეიძლება. მაგალითად, ავიღოთ იგივე რეესტრი… დეპუტატები ამბობენ, რომ ის იქმნება მხოლოდ მედიასივრცის სისტემატიზაციისთვის და მედია და ჟურნალისტები თავად გადაწყვეტენ, სურთ თუ არა ლიცენზიის მიღება და ეს მათ საქმიანობაზე საერთოდ არ აისახება.

ჩნდება კითხვა: რაში სჭირდებათ რეესტრი, თუ მასში დარეგისტირება სავალდებულო არაა. რა თქმა უნდა, ამას თავისი მიზნები აქვს. 

რაც შეეხება კანონებს, რომლებიც “არ არის სავალდებულო”- 2014 წელს ჯერ კიდევ არ არსებობდა კანონი, რომლის მიხედვით, უცხოურ მედიებთან თანამშრომლობისთვის სავალდებულო იყო აკრედიტაცია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში. მაშინაც აცხადებდა ხელისუფლება, რომ თითქოს ეს ნებაყოფლობითია. მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია ხელისუფლებისთვის დავეკავებინე და გავესამართლებინე უკანონო საქმიანობისთვის იმის გამო, რომ ვმუშაობდი რადიო თავისუფლებისთვის. მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც გამასამართლეს, კანონმდებლობა დაკორექტირდა და აკრედიტაცია სავალდებულო გახადეს. და აი, ახლა ამ ადამიანებს თითქოს ისევ ნებაყოფლობით შემოაქვთ აკრედიტაციები ადგილობრივი მედიისთვის, რომელიც გარკვეულ შემთხვევაში რეპრესიული მიზნებისთვის იქნება გამოყენებული.

ახალი კანონის რომელი პუნქტები იწვევს თქვენში პროტესტს ყველაზე მეტად? 

კანონში რამდენიმე აბსურდული პუნქტია, რომელთა შორისა ანტიტერორისტული და ანტიექსტრემისტული ოპერაციების გაშუქება. ახალი კანონის შესაბამისად, ჟურნალისტებმა, რომლებიც აშუქებენ მსგავს თემებს, საკუთარი ჟურნალისტური მასალები [ტექსტის მოცულობის ჩათვლით] უნდა შეუთანხმონ სამართალდამცავ ორგანოებს, რომლებიც ამ ოპერაციებს ახორციელებენ. ეს პუნქტი ფაქტიურად სრულ ცენზურას აკანონებს. ამგვარად მუშაობა შეუძლებელია იმის გათვალისწინებით, რომ ადგილობრივი სამართალდამცველი ორგანოები ხშირად მოქმედებენ კანონს მიღმა, იყენებენ უთანასწორო ძალას დაკავების დროს და დაკავებულების მიმართ წამებას. ასეთ გარემოებებში ეს პუნქტი მხოლოდ იმაზეა გათვლილი, რომ სამართალმდაცველი ორგანოების მიმართ კრიტიკა საერთოდ შეწყდეს.  

როგორ შეიძლება აისახოს მედიის შესახებ ახალი კანონი უშუალოდ თქვენს პროფესიულ საქმიანობაზე და საერთოდ, როგორ აპირებთ გააგრძელოთ მუშაობა? 

კანონის ძალაში შესვლის შემდეგ, მე, ისევე როგორც სხვა ჟურნალისტი-ფრილანსერები, რომლებიც ვერ შეძლებენ აკრედიტებული მედიიდან “ცნობის” წარდგენას, საერთოდ ვეღარ შევძლებთ ვერაფერს. ანუ დამოუკიდებელი მედია რეესტრში, სავარაუდოდ, ვერ მოხვდება, ვერ მიიღებს ლიცენზიას, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს ჟურნალისტები შეწყვეტენ ჟურნალისტობას. მათ შორის მეც. შესაბამისად, “არალეგალურად” გავაგრძელებთ საქმიანობას. 

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, თუ შეგიძლიათ აზერბაიჯანში მედიასფეროს განვითარებისა და ტრანსფორმაციის შესახებ სამომავლო პროგნოზის გაკეთება? 

ვფიქრობ, უცხოური მედიის თანამშრომლებს მოუწევთ, რისკის ფასად იტვირთონ საზოგადოებამდე სიმართლის მიტანა. აზერბაიჯანული მედიის მომავალს სამოქალაქო ჟურნალისტებში ვხედავ. ჯერჯერობით სიტუაცია არ იცვლება უკეთესობისკენ, ვერც აზერბაიჯანში მედიის პროფესიული ზრდის იმედი გვექნება. მოგვიწევს, ისევ ზოგიერთი დამოუკიდებელი ჟურნალისტის გმირობის იმედად ვიყოთ, რომლებიც ყველაფრის მიუხედავად, ქვეყნის შიგნით მუშაობენ. ასეთები არ არიან ცოტანი. ამასთან, ახალი თაობა ჩნდება, რომელიც დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის კეთებისკენ მიისწრაფვის. ამიტომ, რაღაც მცირე იმედი მაინც რჩება. თუმცა დღეს ყველაფერი იმაზე რთულია, ვიდრე აქამდე იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი