ახალი ამბები

მოძრაობა „ხმის“ წევრებს „ლიბერთი ბანკის“ შენობა ძალის გამოყენებით დაატოვებინეს

28 თებერვალი, 2023 • 1881
მოძრაობა „ხმის“ წევრებს „ლიბერთი ბანკის“ შენობა ძალის გამოყენებით დაატოვებინეს

მოძრაობა „ხმის“ წევრებს „ლიბერთი ბანკის“ შენობა ძალის გამოყენებით დაატოვებინეს.

მოძრაობის წევრები „ლიბერთი ბანკის“ სათავო ოფისში საპროტესტო აქციას მართავდნენ. აქციის მთავარი მოთხოვნა იყო საპენსიო სესხების ჩამოწერა და ე.წ. საპენსიო ოვერდრაფტის [წინსწრებად, მაღალი პროცენტით თანხის გამოტანა, რომელსაც თანხის დარიცხვისას ბანკი იბრუნებს] გაუქმება.

„ამ ზამთარში დავიწყეთ შესწავლა საპენსიო სესხების საკითხის და აღმოჩნდა, რომ სხვადასხვანაირი მექანიზმით – იქნება ეს ინფორმაციის არასწორად მიწოდება, არასაკმარისი ინფორმაციის მიწოდება, მარკეტინგი თუ სხვა –  ასი ათასობით პენსიონერს აქვს მოტყუებით ან ნახევრად მოტყუებით აღებული საპენსიო სესხი „ლიბერთი ბანკში“, – ამბობს გიორგი ქართველიშვილი.

მისი თქმით, 2019 წლის დანერგილი ცვლილებით ათასობით პენსიონერს ასევე დაერიცხა ე.წ. ოვერდრაფტი, რის შესახებაც ბევრმა არ იცის.

„ხმა“ ითხოვს, რომ 2019 წლიდან დღემდე გაცემული საპენსიო სესხები და „ოვერდრაფტები“ გაუქმდეს.

საპენსიო სესხი საქართველოში სტანდარტულთან შედარებით პენსიონერებისთვის უფრო მაღალ პროცენტში გაიცემა. შარშან მთავრობამ საპენსიო გასაცემლებით უზრუნველყოფილი სესხის მაქსიმალური ზღვარი 26% -ზე დააწესა.

მანამდე პენსიით აღებული სესხში პენსიონერები 30 პროცენტზე მეტსაც იხდიდნენ. სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ „ლიბერთი ბანკი“ საპროცენტო განაკვეთის განსაზღვრისას სათანადოდ არ ითვალისწინებს სოციალური სესხების მომხმარებელთა განსხვავებულ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას, რაც ამ პირებს გაუმართლებლად არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს.

წაიკითხეთ ასევე:

 

მასალების გადაბეჭდვის წესი