ნეტგაზეთი | საპენსიო ფონდი ხელშეუხებელია – გახარია “ევროპული საქართველოს” კრიტიკაზე საპენსიო ფონდი ხელშეუხებელია – გახარია “ევროპული საქართველოს” კრიტიკაზე – Netgazeti

საპენსიო ფონდი ხელშეუხებელია – გახარია “ევროპული საქართველოს” კრიტიკაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, საპენსიო ფონდი “ხელშეუხებელია” და სახელმწიფო არ აპირებს მისი მიმდინარე ხარჯებისთვის გამოყენებას. ამის შესახებ მან პარლამენტში ისაუბრა და პოლიტიკური პოპულიზმი უწოდა “ევროპული საქართველოს” პოზიციას, რომელიც ფონდში დაგროვილი თანხის ხალხისათვის დაბრუნების აუცილებლობას ეხება.

საპენსიო ფონდთან დაკავშირებით გახარიას ჰკითხა “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ოთარ კახიძემ. მისი თქმით, სახელმწიფო მოქალაქეებს იძულებით აგროვებინებს თანხას, რომელსაც არ აბრუნებს კრიზისის დროს, როცა ის ადამიანებს სჭირდებათ. მისი თქმით, ფონდში დაგროვილი თანხა, რომლის ოდენობაც 772 მილიონ ლარს შეადგენს, უკვე უფასურდება.

“მაგალითად, 1 500-ლარიანი ხელფასის მქონე ადამიანს აღნიშნულ ფონდში უკვე დაგროვილი აქვს მინიმუმ 980 ლარი, რომელსაც მათ არ უბრუნებთ. ამის გარდა, ფონდში თანხა გადარიცხული აქვს ბიზნესსაც, რომელსაც უდიდეს შეღავათს მისცემდა ამ თანხის უკან დაბრუნება.

მიუხედავად იმისა, რომ თქვენი ამ სქემით ეს ფული უკვე გაუფასურდა, მაგალითად, 980 ლარი შარშან მაისში იყო 350 დოლარი და ახლა არის 300 დოლარი. მაგრამ ამ ფულს რატომ არ უბრუნებთ? ფულს, რომელიც წაართვით, უთხარით, რომ შავი დღისთვის იყო გადანახული და დღეს, როცა ყველაზე მეტად სჭირდებათ, მაინც არ უბრუნებთ”, – მიმართა მან გახარიას.

გახარიას თქმით, საპენსიო რეფორმა “ქვეყნის ფინანსური სისტემის მდგრადობისთვის უმნიშვნელოვანესი ელემენტია. მან ასევე უარყო კახიძის ნათქვამი ფონდში არსებული თანხის გაუფასურებაზე და აღნიშნა, რომ მთავრობა არ აპირებს, საპენსიო ფონდს რაიმე ფორმით შეეხოს.

“საშუალო წლიური ზრდა ამ ფულის განთავსებით ახლა არის 14%. კურსთა შორის სხვაობის შედარება, საპენსიო ფონდის გადაყვანა უცხოურ ვალუტაში, ეკონომიკურად ნონსენსია, რადგან ჩვენ ლარის სივრცეში ვცხოვრობთ და ხელფასსაც ლარში ვიღებთ და არა დოლარში.

საპენსიო ფონდი არის ხელშეუხებელი. საპენსიო ფონდს ვერასდროს ვერავინ შეეხება და ეს უნდა იყოს ერთხელ და სამუდამოდ დადგენილი წესი, იმიტომ, რომ ამ ქვეყანას არ აქვს ის რესურსები, რომ რეზერვები დააგროვოს ათობით მილიარდობით, რომელიც იქნება გარანტია სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის, ხანდაზმულობისას, მსგავსი ტურბულენტური კრიზისების პირობებში, ელემენტარული დაცულობა რომ ჰქონდეთ.

ეს არის ჩვენი მოქალაქეების ხანდაზმულობის პერიოდში დასახარჯი ფული და არა დღეს, კრიზისში, როდესაც ეს ფული არ მჭირდება”, – აღნიშნა მან.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან