ახალი ამბები

ეს კანონი პირდაპირ ურტყამს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას და დემოკრატიას – გია დვალი

27 თებერვალი, 2023 • 1521
ეს კანონი პირდაპირ ურტყამს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას და დემოკრატიას – გია დვალი

ფიზიკოსი გია დვალი ეხმაურება  “უცხოური გავლენის აგენტების” შესახებ “ხალხის ძალის” კანონპროექტს და აცხადებს, რომ ეს პირდაპირ საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ პერსპექტივას და დემოკრატიულობას. ამის შესახებ მან დღეს, 27 თებერვალს TV პირველის ეთერში ისაუბრა.

“ეს არის კანონი, რომელიც პირდაპირ ურტყამს და ანგრევს ჩვენს ევროპულ პერსპექტივას იმიტომ, რომ ეს უკვე გადის ისეთი ქმედებების კატეგორიაში, რომელზეც გარედან რეაგირება შესაძლებელია და აუცილებლად იქნება.

ეს არის კანონი, რომელიც პირდაპირ ურტყამს ჩვენთან დემოკრატიას და დემოკრატია არის ჩვენი არსებობის აუცილებელი პირობა. საქართველოსთვის, რომელიც არის დაუცველი, არანაირი ქოლგების ქვეშ არ არის, ერთადერთი გადარჩენის შანსი არის დემოკრატია. დემოკრატია ჩვენთვის მარტო ფუფუნება კი არ არის, ეს არის არსებობის პირობა. მთელი ჩვენი უბედურება 30 წელია იქიდან მოდის, რომ ვერაფრით ვერ გავხდით დემოკრატიულები. ახლა ეს კანონი ამ ყველაფერს აყენებს უდიდესი დარტყმის ქვეშ.

ორმაგ დარტყმას გვაყენებს, ერთი ევროპულ პერსპექტივაზე უდიდესი დარტყმაა და მეორე  შინაგან დემოკრატიას აყენებს დარტყმას, რომლის გარეშეც შეუძლებელია, რომ ჩვენ რამეს დავემსგავსოთ. რაღაც ტერიტორია ყოველთვის ვიქნებით, მაგრამ შეუძლებელია, სრულფასოვანი ქვეყანა გვერქვას”, – განაცხადა დვალმა.


საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობა გეგმავს კანონპროექტის მიღებას, რომლის ანალოგის დამტკიცების შედეგად რუსეთში არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ჯერ „უცხოურ აგენტად“ გამოაცხადეს, შემდეგ კი სრულად აკრძალეს. „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონით ქვეყანაში ებრძვიან მედიასაც.

ვრცლად ამ საკითხზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი