კომენტარი

ევროკავშირი შეშფოთებულია “უცხოური გავლენის აგენტების” კანონპროექტით

21 თებერვალი, 2023 • 2865
ევროკავშირი შეშფოთებულია “უცხოური გავლენის აგენტების” კანონპროექტით

ევროკავშირი შეშფოთებულია უცხოური გავლენის აგენტების შესახებ „ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებული კანონპროექტით.

„შემაშფოთებელია „ხალხის ძალის“ მიერ პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტი. სამოქალაქო საზოგადოებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა და შენარჩუნება და მედიის თავისუფლების უზრუნველყოფა დემოკრატიის საფუძველია. ეს ასევე საკვანძოა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში და 12 პრიორიტეტის ნაწილია“, — ნათქვამია ევროკავშირის პრესსპიკერ პიტერ სტანოს განცხადებაში, რომელიც „ნეტგაზეთმა“ წერილობითი კითხვის საპასუხოდ მიიღო.

ევროკავშირის სპიკერი ნეტგაზეთთან ასევე მიუთითებს საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე და საქართველოს მიერ ხელმოწერილ პაქტზე სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ, რომლის დარღვევაც იქნებოდა გაერთიანების უფლების შეზღუდვა.

„საერთაშორისო სამართლის მიხედვით, სახელმწიფოებს აქვთ მოვალეობა, პატივი სცენ, დაიცვან და ხელი შეუწყონ სამოქალაქო საზოგადოების უსაფრთხო და ხელსაყრელ გარემოს, ასევე, გამოხატვისა და მედიის თავისუფლებას. ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კანონმდებლობა და სტანდარტები აღიარებს რესურსებზე ხელმისაწვდომობას, დაფინანსების ჩათვლით, როგორც გაერთიანების თავისუფლების განუყოფელ კომპონენტს, როგორც ეს გათვალისწინებულია სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის 22-ე მუხლში, რომლის მხარეც საქართველოა. საშინაო და საერთაშორისო დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობა კი არ უნდა შეიზღუდოს, არამედ უნდა იყოს ხელშეწყობილი, როგორც აუცილებელი პირობა სამოქალაქო საზოგადოების არსებობისა და მნიშვნელოვანი მუშაობისთვის“, — აცხადებს პიტერ სტანო ნეტგაზეთთან.

მედიაორგანიზაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების „უცხოური გავლენების აგენტად“ რეგისტრაციას ითვალისწინებს კანონპროექტი, რომელიც ანტიდასავლური რიტორიკით ცნობილმა „ხალხის ძალამ“ შეიმუშავა და „ქართულმა ოცნებამ“ მხარი დაუჭირა. “ხალხის ძალა” და “ქართული ოცნება” საპარლამენტო უმრავლესობაში ერთიანდებიან.

ამავე თემაზე:

უცხოელი და ქართველი ანალიტიკოსები ამბობენ, რას გამოიწვევს უცხოური გავლენის აგენტების კანონის მიღება

უცხოელი და ქართველი ანალიტიკოსები ამბობენ, რას გამოიწვევს უცხოური გავლენის აგენტების კანონის მიღება

მასალების გადაბეჭდვის წესი