ახალი ამბები

ნიკოლოზ სამხარაძის პოზიცია “აგენტების” კანონპროექტზე

27 თებერვალი, 2023 • 3270
ნიკოლოზ სამხარაძის პოზიცია “აგენტების” კანონპროექტზე

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ამბობს, რომ „პრინციპის დონეზე გამჭვირვალობას“ მხარს უჭერს.

ამის შესახებ მან ნეტგაზეთს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის კომენტირებისას განუცხადა.

თუმცა კითხვაზე, დაუჭერს თუ არა კანონპროექტს მხარს, როგორც ამას მისი პარტია აპირებს, სამხარაძე ცალსახად არ პასუხობს. მისი თქმით, თუ რაიმე წინააღმდეგობაშია ევროპულ კანონმდებლობასთან, ამას ვენეციის კომისია იტყვის.

„მე წინასწარ გამიჭირდება იმის თქმა, რას დავეთანხმები და რას არა, ვინაიდან კანონპროექტს ჯერ საბოლოო სახე მიღებული არ აქვს. შესაბამისად, ჩვენ გავმართავთ მსჯელობებს. ასევე გვაქვს მოსაზრება, რომ ეს კანონპროექტი აუცილებლად უნდა გადავაგზავნოთ ვენეციაში, იმისთვის, რომ მივიღოთ დასკვნები, თუ რა შეიძლება იყოს პრობლემური და რა არის.

ზოგადად, გამჭვირვალობის პრინციპს მე მივესალმები და ამ მიმართულებით მე კითხვის ნიშნები არ მაქვს. ამიტომ იქნება მსჯელობა, მივიღებთ ვენეციის კომისიიდან პასუხსაც და შემდეგ უკვე ჩამოვაყილებებ მე ჩემს პოზიციას“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

დღეისათვის სახელმწიფოს, შემოსავლების სამსახურის გავლით, ისედაც აქვს ყველა სახის ფინანსური ინფორმაცია, თუ რა თანხები ტრიალებს უცხოური ფონდებიდან დაფინანსებული ორგანიზაციების ანგარიშებზე. ამასთან, დონორებიც და ორგანიზაციებიც თავად ასაჯარობენ პროექტების ხარჯებსა და მიზნებს.

სამხარაძეს ვკითხეთ, რატომ არ არის ახლა გამჭვირვალე არასამთავრობოთა დაფინანსება და კიდევ რა ინფორმაციაა საჭირო, რაზეც სამხარაძე კონკრეტულ პასუხს არ სცემს. ის ირწმუნება, რომ სახელმწიფოს არ აქვს სრული ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების შესახებ.

ნიკოლოზ სამხარაძე 2005 – 2010 წლებში სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ოფისში მუშაობდა ექსპერტის პოზიციაზე; ხოლო 2010 – 2016 წლებში გაეროს განვითარების პროგრამაში, საზღვრის მართვის პროგრამების ხელმძღვანელი იყო. საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტის თანახმად, ორივე ამ ორგანიზაციას “უცხოური ძალის” სტატუსი ენიჭება.

„მე პირადად არასამთავრობო სექტორში არ მიმუშავია, მე საერთაშორისო ორგანიზაციებში ვმუშაობდი და, შესაბამისად, საერთაშორისო ორგანიზაციები აფინანსებდნენ იმ არასამთავრობოებს. მაგრამ სახელმწიფოს, როგორც ასეთს, არ აქვს სრული ინფორმაცია ამ დაფინანსების შესახებ. მე მიმაჩნია, რომ ეს უნდა იყოს სავალდებულო. ეს რაც შეეხება გამჭვირვალობის ნაწილს. სხვა საკითხებზე [აგენტად რეგისტრაცია და ა.შ.] მე პოზიცია მექნება მას შემდეგ, რაც დავიწყებთ მსჯელობას“, – ამბობს სამხარაძე.

აღნიშნულ კანონპროექტს საერთაშორისო პარტნიორების არაერთი უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა, მათ შორის ევროკავშირის განცხადება, რომ ის ეწინააღმდეგება 12-პუნქტიან რეკომენდაციებს. სამხარაძეს ვკითხეთ, როგორ იმოქმედებს ამ კანონპროექტის მიღება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭირების პროცესზე, რაზეც საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ მან პარტნიორების განცხადებაში გამჭვირვალობის შესახებ „წუხილი“ ვერ დაინახა.

„რაც შეეხება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების განცხადებებს, მე იქ ვერ დავინახე წუხილი გამჭვირვალობასთან დაკავშირებით. იქ წუხილი უფრო მეორე ნაწილთან დაკავშირებით იყო და სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ ჩვენ ჯერ მსჯელობაც არ დაგვიწყია ამ საკითხზე. გამჭვირვალობის წინააღმდეგი არცერთი ჩვენი პარტნიორი არ არის“, – ამბობს ნიკოლოზ სამხარაძე.

თუმცა სამხარაძის თქმით, ესმის, რომ სიტყვა „აგენტი“ შეიძლება „სახამუშოდ“ ჟღერდეს.

„რა თქმა უნდა, ეს სიტყვა მესმის, რომ შეიძლება სახამუშოდ ჟღერდეს, თუმცა ამაზეც იქნება მსჯელობა, შეიძლება თუ არა ეს სიტყვა და არის თუ არა ძალიან მძიმე“, – ამბობს ნიკოლოზ სამხარაძე.

თავად სამხარაძე, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის 15-წლიანი გამოცდილება აქვს, ვერ პასუხობს კითხვას, ახლა რომ ისევ მსგავს სამსახურში მუშაობდეს, დააფინანსებდა თუ არა „უცხოური გავლენის აგენტებს“.

„რთული კითხვაა“, – ამბობს სამხარაძე.

თუმცა, სამხარაძის თქმით, იმ დროს, როცა საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობდა, თავს „აგენტად“ არ გრძნობდა.

„15 წელი ვმუშაობდი საერთაშორისო ორგანიზაციაში და მე ვამაყობ თითოეული იმ დღით, რომელიც გავატარე ამ საერთაშორისო ორგანიზაციაში და არ მიმაჩნია, რომ მაშინ ვინმეს აგენტი ვიყავი“, – ამბობს სამხარაძე.


საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობა გეგმავს კანონპროექტის მიღებას, რომლის ანალოგის დამტკიცების შედეგად რუსეთში არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ჯერ „უცხოურ აგენტად“ გამოაცხადეს, შემდეგ კი სრულად აკრძალეს. „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონით ქვეყანაში ებრძვიან მედიასაც.

ამჟამად უმრავლესობის წევრებს „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ ორი კანონპროექტი აქვს ინიცირებული: 1. როგორც თავად ამბობენ, აშშ-ში მოქმედი „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის“ [FARA] “უფრო შერბილებული” ვერსია და 2. “ალტერნატივის სახით ამერიკული კანონის ანალოგი”.

საქართველოში მსგავსი კანონის მიღებას აკრიტიკებენ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, მისი არმიღებისკენ ხელისუფლებას მოუწოდებენ დასავლელი პარტნიორებიც, მათ შორის, აშშ, სადაც „უცხოური აგენტების რეგისტრაციის“ შესახებ კანონი თითქმის ერთი საუკუნის წინ ამოქმედდა.

ვრცლად ამ საკითხზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი