ახალი ამბები

კობახიძე ირწმუნება, რომ სადავო კანონპროექტს EU-ს სტატუსზე გავლენა არ ექნება

27 თებერვალი, 2023 •
კობახიძე ირწმუნება, რომ სადავო კანონპროექტს EU-ს სტატუსზე გავლენა არ ექნება

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ე.წ. უცხოური გავლენის აგენტებზე საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტის მიღებას გავლენა არ ექნება ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესზე.

ეს იმ ფონზე, როცა ევროკავშირის საგარეო სამსახურმა განცხადებაც კი გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ დოკუმენტი ეწინააღმდეგება 12-პუნქტიან რეკომენდაციებს, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად:

„კანდიდატის სტატუსთან არავითარი კავშირი არ აქვს სინამდვილეში ამ კანონპროექტს, დადგენილია მხოლოდ გამჭვირვალობის სტანდარტი. ბუნებრივია, ვერანაირი გავლენა კანონპროექტს ვერ ექნება.

პირველ შემთხვევაში მხოლოდ იმიტომ, რომ გამჭვირვალობა იქნება დადგენილი, მეორე შემთხვევაში იმიტომ, რომ ამერიკული ვარიანტია პირდაპირ დაკოპირებული და რანაირად შეიძლება ამერიკული კანონის მიღების გამო ვიღაცამ არ მოგანიჭოს კანდიდატის სტატუსი. მით უმეტეს, რომ EPP აინიცირებს ზუსტად ამერიკულის ანალოგიურ კანონს ევროპარლამენტში“, — აცხადებს ირაკლი კობახიძე.

ევროკავშირის საგარეო სამსახურის მიერ გავრცელების განცხადებამდე, კანონპროექტი გააკრიტიკა ევროკავშირის პრესსპიკერმა. „ნეტგაზეთის“ კითხვის საპასუხოდ, კანონპროექტი გააკრიტიკა ევროკავშირის პრესსპიკერმა პიტერ სტანომ. შეშფოთება გამოხატა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ნედ პრაისმაც.


ევროკავშირის საგარეო სამსახური „უცხოეთის გავლენის აგენტების“ კანონპროექტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ის ეწინააღმდეგება 12-პუნქტიან რეკომენდაციებს, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ ინიიცირებული კანონპროექტი არის რუსეთში მოქმედი კანონის ანალოგი, რომლის მიზანიც დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო სექტორის მნიშვნელოვანი შეზღუდვა და დისკრედიტაციაა.

24 თებერვლის საღამოს გავრცლელებულ განცხადებაში აღნიშნულია:

წარმოდგენილი კანონპროექტი „უცხოური ძალის გამჭვირვალობის“ შესახებ სერიოზულ წუხილებს აჩენს. სამოქალაქო ორგანიზაციებისთვის ისეთი გარემოს შექმნა, სადაც ისინი შეუზღუდავად შეძლებენ საქმიანობას და ასევე, მედიის თავისუფლების უზრუნველყოფა, არის დემოკრატიის მთავარი ნაწილი. ეს ასევე მნიშვნელოვანია ევროკავშირში გაწევრიანების პროცესისთვის და ნაწილია 12 პუნქტისა [რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად], განსაკუთრებით მე-7 პუნქტი, რომელიც ეხება მედიის თავისუფლებას და ასევე, მე-10 პუნქტი, რაც სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას გულისხმობს.

ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს რეფორმების მცდელობებში, ასევე, ქვეყნის მისწრაფებებს განვითარებისა და ევროკავშირში გაწევრიანებისკენ, როგორც ეს საქართველოს კონსტიტუციაშია გათვალისწინებული.

ამ კანონპროექტის მიღება შეუთავსებელი იქნება როგორც ამ მისწრაფებებთან, ისე ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან.

ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოში პოლიტიკურ ლიდერებს, ისეთი რეფორმები განახორციელონ, რომელიც შეესაბამება ევროკავშირში გაწევრიანების გაცხადებულ მიზანს და რომელსაც მხარს უჭერს საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობა.“

მასალების გადაბეჭდვის წესი