ახალი ამბები

კობახიძე ნედ პრაისს სიცრუეში ადანაშაულებს

27 თებერვალი, 2023 • 1061
კობახიძე ნედ პრაისს სიცრუეში ადანაშაულებს

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა „ოცნების“ უმრავლესობის“ მხარდაჭერილ კანონზე საუბრისას იცრუა.

კობახიძის თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი შეცდომაში შეიყვანეს და მას არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს. კობახიძე რამდენჯერმე იმეორებს, რომ ყველა ცრუობს, ვინც საპარლამენტო უმრვალესობის კანონპროექტზე ამბობს, რომ რუსულია:

„ვინც ამბობს, რომ პირველი ვერსია არის რუსული კანონი, იტყუება. ნედ პრაისს მოატყუებინეს, შეცდომაში შეიყვანეს, მიუტანეს არასწორი ინფორმაცია და, სამწუხაროდ, სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის პირით ითქვა ტყუილი. გვარებზე არ ჩავალ, ფაქტს ვამბობ, ვინც ამბობს, დაინიციირებული კანონპროექტი არის რუსული, ის იტყუება“ ,- ამბობს ირაკლი კობახიძე.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიციის შესახებ 16 თებერვლის ბრიფინგზე ისაუბრა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა. მან განაცხადა, რომ დეპარტამენტმა იცის კანონპროექტის შესახებ და გამოხატავს შეშფოთებას მის გამო.

„განცხადებები იმის შესახებ, რომ ეს კანონპროექტი დაფუძნებულია შეერთებულ შტატებში არსებულ „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტზე (FARA)“, აშკარად მცდარია. მეტიც, ჩანს, რომ ეს კანონპროექტი ეფუძნება მსგავს რუსულ და უნგრულ კანონმდებლობას [და არა FARA-ს ან რომელიმე ამერიკულ კანონმდებლობას]“, — განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა.

საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობა გეგმავს კანონპროექტის მიღებას, რომლის ანალოგის დამტკიცების შედეგად რუსეთში არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ჯერ „უცხოურ აგენტად“ გამოაცხადეს, შემდეგ კი სრულად აკრძალეს. „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონით ქვეყანაში ებრძვიან მედიასაც.

ამჟამად უმრავლესობის წევრებს „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ ორი კანონპროექტი აქვს ინიცირებული: 1. როგორც თავად ამბობენ, აშშ-ში მოქმედი „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის“ [FARA] “უფრო შერბილებულ” ვერსია და 2. “ალტერნატივის სახით ამერიკული კანონის ანალოგი”.

საქართველოში მსგავსი კანონის მიღებას აკრიტიკებენ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, მისი არმიღებისკენ ხელისუფლებას მოუწოდებენ დასავლელი პარტნიორებიც, მათ შორის, აშშ, სადაც „უცხოური აგენტების რეგისტრაციის“ შესახებ კანონი თითქმის ერთი საუკუნის წინ ამოქმედდა.

აღნიშნულ კანონპროექტს რუსული უწოდა საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა. იგივე შეფასება გააკეთა ამერიკელმა სენატორმა ჯინ შაჰინმაც.

ვრცლად ამ საკითხზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი