ახალი ამბები

რომელიმე კანონს ყველა შემთხვევაში მივიღებთ, მანამდე ვენეციის კომისიას დაველოდებით – კობახიძე რუსულ კანონზე

27 თებერვალი, 2023 • 1294
რომელიმე კანონს ყველა შემთხვევაში მივიღებთ, მანამდე ვენეციის კომისიას დაველოდებით – კობახიძე რუსულ კანონზე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საპარლამენტო უმრავლესობა აუცილებლად მიიღებს “უცხოური გავლენების აგენტების” შესახებ “ხალხის ძალის” კანონპროექტის რომელიმე ვერსიას, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებისთვის დაელოდებიან ვენეციის კომისიის დასკვნას. ამის შესახებ მან დღეს, 27 თებერვალს პარლამენტში განაცხადა.

მისი თქმით, საპარლამენტო უმრავლესობა პირველი მოსმენით განხილვისას მხარს დაუჭერს კანონპროექტის ორივე ვერსიას – როგორც “ხალხის ძალის” მიერ შემუშავებულ პირველ ვერსიას, ასევე აშშ-ის მსგავსი კანონის მეორე ვერსიას. კობახიძის განცხადებით, ამის შემდეგ ორივე ვერსიას გააგზავნიან ვენეციის კომისიაში განსახილველად და სთხოვენ, რომ დაჩქარებული წესით წარმოადგინონ დასკვნა, რის შემდეგაც “დასრულდება კანონპროექტის შესაბამისი ვერსიის მიღება”:

“თუ [ვენეციის კომისიიდან] იქნება დადებითი დასკვნა ამერიკულ ვარიანტთან დაკავშირებით, გაგრძელდება ამერიკული ვარიანტის განხილვა, თუ იქნება დასკვნა ქართულ ვარიანტთან დაკავშირებით, გაგრძელდება ქართულის განხილვა. ყველა შემთხვევაში დასკვნა წარმოდგენილი იქნება კანონპროექტის დეტალებთან დაკავშირებით. ვერავინ იტყვის იმას, რომ გამჭვირვალობა არ ვარგა.

შეიძლება იყოს ცალკეული კომენტარები ან ერთ, ან მეორე, ან ორივე კანონთან დაკავშირებით. ამ კომენტარებზე, ბუნებრივია, გვექნება მსჯელობა, მაგრამ, რა თქმა უნდა, აპრიორი გამორიცხულია ის, რომ ან ერთზე, ან მეორეზე, ან ორივეზე იყოს წარმოდგენილი უარყოფითი დასკვნა. შეიძლება მხოლოდ დეტალებზე იყოს გარკვეული შენიშვნები ან რეკომენდაციები.

აქედან გამომდინარე ჩვენ ან ერთ, ან მეორე კანონს ყველა შემთხვევაში მივიღებთ, მანამდე დაველოდებით ვენეციის კომისიის დასკვნას”, – განაცხადა მან.


საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობა გეგმავს კანონპროექტის მიღებას, რომლის ანალოგის დამტკიცების შედეგად რუსეთში არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ჯერ „უცხოურ აგენტად“ გამოაცხადეს, შემდეგ კი სრულად აკრძალეს. „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონით ქვეყანაში ებრძვიან მედიასაც.

ამჟამად უმრავლესობის წევრებს „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ ორი კანონპროექტი აქვს ინიცირებული: 1. როგორც თავად ამბობენ, აშშ-ში მოქმედი „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის“ [FARA] “უფრო შერბილებულ” ვერსია და 2. “ალტერნატივის სახით ამერიკული კანონის ანალოგი”.

საქართველოში მსგავსი კანონის მიღებას აკრიტიკებენ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, მისი არმიღებისკენ ხელისუფლებას მოუწოდებენ დასავლელი პარტნიორებიც, მათ შორის, აშშ, სადაც „უცხოური აგენტების რეგისტრაციის“ შესახებ კანონი თითქმის ერთი საუკუნის წინ ამოქმედდა.

ვრცლად ამ საკითხზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი