სიმონ დადიანის შთამომავლები, ლია და მიხეილ ვიდე, ღია წერილს აქვეყნებენ და ეხმაურებიან კულტურის სამინისტროს გენინსპექციის მიერ პრეზიდენტის რეზიდენციიდან მხატვრის ნამუშევრების გატანას:
„2017 წელს საქართველოსათვის ჩვენი წინაპრის, სიმონ დადიანის ნამუშევრების გადაცემით მისი სურვილი შევასრულეთ, რამდენადაც სიცოცხლეში სიმონ დადიანმა ასე განაცხადა: „მსურს, ჩემი ნამუშევრები გადაეცეს საქართველოს, როდესაც ის იქნება თავისუფალი და დამოუკიდებელი, რათა ისინი ყველამ გაიცნოს ჩემს სამშობლოში, რომელიც 5 წლის ასაკში დავტოვე“.
ამ სურვილის აღსასრულებლად ჩვენ ვთხოვეთ ჩვენი ბავშვობის მეგობარს, სალომე ზურაბიშვილს, რომელიც იმ დროს საქართველოს პარლამენტის წევრი იყო, რომ დავეკავშირებინეთ კულტურის სამინისტროსთან, რათა ჩვენი გეგმა უფრო ადვილად განგვეხორციელებინა. ამის შედეგად სიმონ დადიანის სურვილი აღვასრულეთ საქართველოს საელჩოში საფრანგეთში, სადაც ხელი მოვაწერეთ ჩვენს საკუთრებაში არსებული ნამუშევრების საქართველოსთვის გადაცემას“, – ვკითხულობთ წერილში.
განცხადების ავტორები ამბობენ, რომ ვერ წარმოიდგენდნენ, რომ სპეციალური ოპერაცია ჩატარდებოდა ორბელიანის სასახლიდან ხუთი ტილოს გასატანად. მათ ითქმით, საქართველოს დიდი შრომა არ გაუწევია ნახატების პოპულარიზაციისთვის, პრეზიდენტმა კი ეს პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო:
„ადრეც გვჯეროდა და დღესაც გვჯერა, რომ საქართველო შეასრულებს დაკისრებულ მოვალეობას. ვერ წარმოვიდგენდით, რომ სპეციალური ოპერაცია ჩატარდებოდა ორბელიანის სასახლიდან ხუთი ტილოს გასატანად, რომლებიც ხელოვნების სასახლიდან წერილობითი შეთანხმების შედეგად გადაეცა პრეზიდენტის სასახლეს.
საქართველომ პასუხისმგებლობა აიღო, რომ ამ ნამუშევრებს გააცნობდა საზოგადოებას. სად, თუ არა ორბელიანის სასახლეში, შეიძლება ამ ტილოების დათვალიერება. რამდენადაც ჩვენთვისაა ცნობილი, საქართველოს დიდი შრომა არ გაუწევია ამ ტილოების პოპულარიზაციისთვის, რაც დასანანია. პრეზიდენტის სასახლე სწორედ ამის საშუალებას იძლევა“, — ვკითხულობთ წერილში.
სიმონ დადიანის შთამომავლები კულტურის მინისტრს მიმართავენ და აღნიშნავენ, რომ ხელოვნებას ზეწოლა არ უყვარს:
„ქალბატონო მინისტრო, ხელოვნებას არ უყვარს ზეწოლა. დართეთ ნება, რომ ხალხმა იხილოს ეს ნამუშევრები და შესრულდეს საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან 2017 წელს აღებული ვალდებულება“ ,— წერია განცხადებაში.
კულტურის სამინისტროს გენერალური ინსპექცია, ხელოვნების სასახლის თანამშრომლებთან ერთად, ხელოვნების სასახლის კუთვნილი 5 ნამუშევრის წამოღების მიზნით პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 13 თებერვალს მივიდა.
კულტურის სამინისტროს გენინსპექციის მიერ ორბელიანის სასახლიდან სვიმონ დადიანის ნახატების გატანა პრეზიდენტის ინსტიტუტზე პოლიტიკურ თავდასხმად შეაფასა პრეზიდენტის მრჩეველმა განათლების, კულტურისა და მეცნიერების საკითხებში კონსტანტინე ნაცვლიშვილმა.