ახალი ამბები

ირანის ქალაქებში კვლავ გამოვიდნენ რეჟიმის საწინააღმდეგო აქციებზე

17 თებერვალი, 2023 •
ირანის ქალაქებში კვლავ გამოვიდნენ რეჟიმის საწინააღმდეგო აქციებზე

ხუთშაბათს ღამით ირანის ქალაქებში ადამიანთა ჯგუფები გამოვიდნენ აქციებზე, რომლებიც ყველაზე მასშტაბური იყო უკანასკნელი კვირების განმავლობაში. დემონსტრაციებზე ამჯერადაც ისმოდა სლოგანები ისლამური რესპუბლიკისა და მისი ლიდერის წინააღმდეგ.

ვიდეოების თანახმად, 16 თებერვლის ღამით თეირანის, ისპაანის, ქარაჯის, მეშჰედის, არაქისა და სხვა ქალაქების ქუჩებში დემონსტრანტთა ჯგუფები გადაადგილდებოდნენ და რეჟიმის საწინააღმდეგო შეძახილებს სკანდირებდნენ.

კადრებში ისმის საპროტესტო მოძრაობის მონაწილეთა და მხარდამჭერთა შორის პოპულარული შეძახილები, მათ შორის: “სიკვდილი დიქტატორს!”; “სიკვდილი ხამენეის!”; “ეს წელი სისხლის წელია, სეიდ ალი [ხამენეი] დაემხობა”; “ქალი, სიცოცხლე, თავისუფლება!”

ქურთული უფლებადამცველი ჯგუფის, Hengaw-ის ვიდეოში, რომელიც, ორგანიზაციის ცნობით, ირანის ქურთისტანში, ქალაქ სანანდაჯშია გადაღებული, საბურავები იწვის სლოგანის “სიკვდილი დიქტატორს!” ფონზე.

დემონსტრანტების უსაფრთხოებისთვის პროტესტის ამსახველ არაერთ ვიდეოში გამოსახულებები დაფარულია, ხმები კი — შეცვლილი.

პროტესტი ირანში სექტემბერში, ე.წ. მორალის პოლიციის მიერ ჰიჯაბთან და სხვა სამოსთან დაკავშირებული კანონის დარღვევის ბრალდებით დაკავებული მაჰსა ამინის დაღუპვის შემდეგ დაიწყო.

უფლებადამცველთა ცნობით, 22 წლის ქურთი ქალი პოლიციაში ცემის შედეგად გარდაიცვალა, ირანის ხელისუფლება კი მომხდარის მიზეზად ჯანმრთელობის გაუარესებას ასახელებს.

დემონსტრაციები, რომლებმაც მალევე მიიღო მმართველი რეჟიმის საწინააღმდეგო სახე, არაერთგზის შეფასდა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა ისლამური რესპუბლიკისთვის მისი არსებობის ისტორიაში.

ირანული უფლებადამცველი ჯგუფის, HRANA-ს მონაცემებით, ძალოვანთა მიერ პროტესტის ჩახშობის მცდელობისას 529 დემონსტრანტი მოკლეს, რომელთაგან 71 არასრულწლოვანი იყო. მისივე ცნობით, მოკლულია სამთავრობო ძალების 70 წევრიც. ჯამში, 19 763 მოქალაქე დააკავეს.

უკანასკნელ პერიოდში, მათ შორის, დევნისა და სიკვდილით დასჯის განაჩენების ფონზე, დემონსტრაციები შენელდა, თუმცა პროტესტი სხვადასხვა ფორმით გრძელდება:

ღამის საათებში მოქალაქეები ფანჯრებიდან და სახლის სახურავებიდან სკანდირებენ სლოგანებს. ამავე დროს, ვრცელდება ვიდეოები, რომლებშიც ჩანს, როგორ წვავენ ქუჩებში განთავსებულ სამთავრობო ბანერებს, კედლებზე კი საპროტესტო წარწერებს ტოვებენ. საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ბევრი ქალი თავსაბურავის გარეშე გადაადგილდება, მიუხედავად იმისა, რომ რეჟიმი მათ ჰიჯაბის ტარებას ავალდებულებს.

16 თებერვლის დემონსტრაციებს აქტივისტები კვირების განმავლობაში აანონსებდნენ. ეს იყო მე-40 დღე ხელისუფლების მიერ პროტესტთან დაკავშირებული ბრალდებებით ორი კაცის სიკვდილით დასჯიდან.

ადამიანის გარდაცვალების მე-40 დღის აღნიშვნა ირანის კულტურაში მეტად გავრცელებულია. ზოგიერთ შემთხვევაში, მსგავს შეკრებებზე ხელისუფლებით უკმაყოფილო მოქალაქეები იყრიან თავს, რასაც თან სდევს უსაფრთხოების ძალების ჩარევა.

ანტისამთავრობო აქციები გრძელდება სამხრეთ-აღმოსავლეთ ირანში მდებარე სისთან-ბელუჯისტანში — პაკისტანის საზღვართან მდებარე პროვინციაში, სადაც ძირითადად სუნიტი მუსლიმები ცხოვრობენ. რეგიონში მცხოვრები ეთნიკური ბელუჯები არაერთგზის ჩივიან დისკრიმინაციაზე ირანის შიიტ მმართველთა მხრიდან.

ქვეყანაში დემონსტრაციების შენელების პირობებში, პარასკევობით, ლოცვის შემდეგ, სისთან-ბელუჯისტანში კვლავაც იმართება ხალხმრავალი შეკრებები. სექტემბრის ბოლოს სწორედ ამ პროვინციაში მოხდა ე.წ. სისხლიანი პარასკევი, როცა უსაფრთხოების ძალებმა, უფლებადამცველთა ცნობით, ათეულობით ადამიანი მოკლეს.

თავად ირანის ხელისუფლება დემონსტრანტებს უწოდებს “მეამბოხეებს”, რომლებიც იმართებიან ირანის გარე მტრებისგან.

მიმდინარე თვეში ირანის სულიერმა ლიდერმა ალი ხამენეიმ გამოაცხადა ამნისტია, რომელიც პატიმართა დიდ რაოდენობას, მათ შორის, საპროტესტო აქციებზე დაკავებულ ზოგიერთ მოქალაქეს ეხებოდა. ციხეებიდან გაათავისუფლეს სხვადასხვა პერიოდში დაკავებული, საზოგადოებისთვის ცნობილი პოლიტიკური პატიმრებიც.

თუმცა შეწყალების ამ აქტს არაერთი უყურებს სკეპტიკურად იმ ფონზე, როცა პროტესტისას დაკავებული მრავალი პირი ჯერაც გისოსებს მიღმაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი