ახალი ამბები

მიწისძვრიდან მე-11 დღეს მაშველებმა ნანგრევებში მოყოლილი 17 წლის გოგო გადაარჩინეს

16 თებერვალი, 2023 • 1340
მიწისძვრიდან მე-11 დღეს მაშველებმა ნანგრევებში მოყოლილი 17 წლის გოგო გადაარჩინეს

თურქმა მაშველებმა ქაჰრამანმარაშში 17 წლის გოგო გადაარჩინეს, რომელმაც მიწისძვრის შედეგად ჩამოშლილი კორპუსის ნანგრევებში 248 საათი გაატარა. ინფორმაციას ახალგაზრდა გოგოს გადარჩენის შესახებ cnn turk ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ 17 წლის ალეინა ილმეზი საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც მედიასაშუალება ოჯახის წევრების მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე იტყობინება, გოგო ნანგრევებიდან ამოყვანის მომენტში კონტაქტური იყო და მისი მდგომარეობა დამაკყოფილებელია.

გამოცემა აღნიშნავს, რომ მიწისძვრიდან 10 დღეზე მეტი ხნის გასვლის გამო, მაშველებს აღარ ჰქონდათ მოქალაქეების პოვნის იმედი. ნანგრევებიდან ხმაური სახანძრო დახმარების ბრიგადას მაშინ მოესმა, როცა სპეციალური ხელსაწყოებით ტერიტორიას სამშენებლო ნარჩენებისგან წმენდდნენ.

16 თებერვლის ოფიციალური ინფორმაციით, მინიმუმ 36 187 ადამიანი დაიღუპა თურქეთში მომხდარი ორი ძლიერი მიწისძვრის შედეგად. 6 თებერვალს 7.7 და 7.6 მაგნიტუდის მიწისძვრებმა, რომლის ეპიცენტრიც იყო კაჰრამანმარას პროვინციაში, უდიდესი ნგრევა და მსხვერპლი გამოიწვია. თურქეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აცხადებს, რომ დღეის მდგომარეობით, ადგილზე 253 000-ზე მეტი მაშველი მუშაობს.

მიწისძვრის შედეგად დაზარალებული რეგიონებიდან ამ დროისთვის, სულ მცირე, 216 347 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

სამაშველო სამუშაოებში ათეულობით ქართველი მეხანძრე-მაშველიც არის ჩართული.

მასალების გადაბეჭდვის წესი