ახალი ამბები

დეპუტატი ხსნის, რატომ არ შედის “ხალხის ძალის” კანონპროექტი ქვეყნის ინტერესებში

15 თებერვალი, 2023 • 1206
დეპუტატი ხსნის, რატომ არ შედის “ხალხის ძალის” კანონპროექტი ქვეყნის ინტერესებში

პარტიის „საქართველოსთვის“ წევრი ბექა ლილუაშვილი აცხადებს, რომ ქვეყანაში „უცხოური გავლენის აგენტის“ შესახებ კანონის მიღების საჭიროება არაა, რადგან არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების საკითხები ისედაც გამჭვირვალეა.

მისი თქმით, ეს ქვეყნის ინტერესებში არ შედის, განსაკუთრებით არსებული კონტექსტის გათვალისწინებით. დეპუტატის შეფასებით, ამ ინიციატივის ერთადერთი ჩანაფიქრი ორგანიზაციებისთვის იარლიყების მიწებებაა.

„ისეთ მოცემულობაში ვართ, როცა ქვეყნის განვითარების ბედი წყდება. რაც შეიძლება მეტი მხარდამჭერა გვჭირდება ჩვენი პარტნიორებისგან, მათ შორის ფინანსური რესურსით, რომ ჩვენი ინფრასტრუქტურა და ინსტიტუტები განვავითაროთ. ამ დახმარების ძალიან მცირე ნაწილია მიმართული პოლიტიკური არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებისკენ. აქ არის უამრავი კულტურული და სახელოვნებო აქტივობა, ინფრასტრუქტურული მხარდაჭერა და სამეცნიერო კვლევითი საქმიანობა, მთელი ინსტიტუციები იღებენ წლების განმავლობაში ამ მხარდაჭერას სხვადასხვა ფორმით.

ახლა რა გამოდის, რომ ათწლეულების განმავლობაში მიღებული მხარდაჭერის გამო კონკრეტული ადამიანები, ხელოვანები, ორგანიზაციები, რომელთაც საერთოდ შეხება არ აქვთ პოლიტიკასთან, აგენტებად უნდა გამოვაცხადოთ?!“ – აცხადებს ბექა ლილუაშვილი.

ლილუაშვილის თქმით, გაუგებარია, რა გამჭვირვალობის შემოტანაზე საუბრობენ კანონპროექტის ინიციატორები, როცა იმ ორგანიზაციების ფინანსები, რომლებიც დაფინანსებას იღებენსაერთაშორისო ორგანიზაციებიდან და ფონდებიდან, ისედაც გამჭვირვალე და საჯაროა.

“რა გამჭვირვალობის შემოტანაა საჭირო?! თითოეული ბიუჯეტი, რომელიც ჩვენი პარტნიორების მხრიდან იხარჯება, იქნება ეს გაერო, მსოფლიო ბანკი, EBRD (ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი) თუ ათასი სხვა ჩვენი პარტნიორი, ყოველწლიურად მტკიცდება შესაბამისი მხარდაჭერის პროგრამა და ბიუჯეტირების პროცესი არის სრულიად გამჭვირვალე. აქ რაზეა საუბარი?! საერთოდ საჭიროება რა არის, გაუგებარია.

ჩვენ თუ ვსაუბრობთ იმაზე, რომ დავაიდენტიფიციროთ კონკრეტული ორგანიზაციები, რომლებიც ამ თანხებს იყენებენ, ეს პროცედურებიც, იქნება ეს სატენდერო პროცედურები, შესყიდვები თუ სხვა, ესეც საჯაროა. ვიღაცას თუ ეზარება ამ ინფორმაციის მოკრება და ამ თვალსაზრისით ინფორმაციის გაანალიზება, ეს სხვა საკითხია. აქ ცალსახად იმაზეა საუბარი, რომ კონკრეტულ ორგანიზაციებსა და პირებს მიეწებოთ ისეთი იარლიყები, რომელიც შიდაპოლიტიკური კონტექსტისთვის გააძლიერებს ანტიდასავლურ რიტორიკას. ეს არ შედის ამ ქვეყნის სახელმწიფო ინტერესებში“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.


მედიაორგანიზაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების „უცხოური გავლენების აგენტად“ მიჩნევას ითვალისწინებს კანონპროექტი, რომელიც „ხალხის ძალამ“ შეიმუშავა. ეს ის ძალაა, რომელიც „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატებისგან დაკომპლექტდა. „ხალხის ძალა“ ახლაც საპარლამენტო უმრავლესობას წარმოადგენს.

კანონპროექტის მიზანი მოკლეა და მკაფიო: არასამთავრობო ორგანიზაციების და კრიტიკული მედიაორგანიზაციების „გაშავება“, რომლებიც საერთაშორისო, ავტორიტეტული და დემოკრატიის განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზაციებიდან გრანტს იღებენ. ამ გზით პუტინის რუსეთში გააქრეს კრიტიკული მედია და მესამე სექტორიც.

“ქართული ოცნების” რამდენიმე დეპუტატი ზემოხსენებული კანონპროექტს იცავს და მხარს უჭერს.

სრულად იხილეთ: ექსპერტთა შეფასება: რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონის მიღებას საქართველოს ევროინტეგრაციულ მომავალზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი