ახალი ამბები

41 000-ს გადააჭარბა თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა

15 თებერვალი, 2023 • 615
41 000-ს გადააჭარბა თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა

თურქეთში, სირიის საზღვართან მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი, ბოლო მონაცემებით, 41 000-ს აჭარბებს. მრავალი მოქალაქე, დაბალი ტემპერატურის ფონზე, უსახლკაროდაა დარჩენილი.

Reuters-ის მიხედვით, 14 თებერვალს, დამანგრეველი მიწისძვრიდან 8 დღის შემდეგ, თურქეთში ნანგრევებიდან 9 ადამიანი ცოცხლად ამოიყვანეს. დაღუპულთა რიცხვი ქვეყანაში 35 400-ს აჭარბებს.

თურქეთის ხელისუფლების მიხედვით, ველზე მუშაობს 249 000 მაშველი, სტიქიის დაზარალებული რეგიონებიდან კი 196 000-მდე მოქალაქეა ევაკუირებული.

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აღიარა, რომ თავდაპირველად პრობლემები იყო მიწისძვრის საპასუხო ღონისძიებებში , თუმცა ამბობს, რომ ამჟამად სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

მიწისძვრა, რომლის სიმძლავრეც 7.8 მაგნიტუდას შეადგენდა, 6 თებერვალს, გამთენიისას მოხდა. ამას მოჰყვა მეორე მიწისძვრა შუადღისას, რომლის სიმძლავრეც ასევე აღემატებოდა 7 მაგნიტუდას.

ორივე შემთხვევაში ეპიცენტრი ქაჰრამანმარაშის პროვინცია იყო, რომელიც სირიის საზღვართან მდებარეობს. თურქეთის გარდა, ბიძგებმა ყველაზე მეტად სირიის ჩრდილო-დასავლეთი დააზარალა. უკანასკნელი ცნობებით, მიწისძვრას იქ 5 801 ადამიანი ემსხვერპლა.

გაეროს მიხედვით, საბნებით, გაზის ბალონებითა და ლეიბებით დატვირთული 11 მანქანა უკვე შევიდა სირიაში, თურქეთ-სირიის საზღვარზე ახლად გახსნილი პუნქტის გავლით.

ორგანიზაციის ინფორმაციით, უკანასკნელ 5 დღეში 58-მა სატვირთომ გადაკვეთა კიდევ ერთი სასაზღვრო პუნქტი, რომელიც ასევე სირია-თურქეთის საზღვარზე მდებარეობს და მიწისძვრამდეც იყო გახსნილი. ტვირთებს შორის იყო საკვები, კარვები და ქოლერას ტესტები.

მასალების გადაბეჭდვის წესი