დე ფაქტო აფხაზეთის დელეგაცია საგარეო საქმეთა მინისტრ ოლეგ ბარციცის ხელმძღვანელობით სირიის არაბულ რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით ჩავიდა. სოხუმის წარმომადგენლები სირიაში 2025 წელსაც იმყოფებოდნენ.

2018 წლის 29 მაისს სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ალ-ასადმა ხელი მოაწერა ბრძანებას “აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებისა” და მასთან “ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ”.

2025 წლის დეკემბერში საქართველოში ოთხმა ოპოზიციურმა ძალამ სირიის ახალ ხელისუფლებას მიმართა, რომ სირიის მხრიდან რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება გააუქმოს.

2026 წლის ივლისში დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა ევროკავშირის განცხადებას, რომელიც, ცხინვალის შეფასებით, ბრიუსელის განზრახვას ეხება, სირიის სახალხო კრებასთან ითანამშრომლოს, რათა დამასკომ გადახედოს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებებს.

დე ფაქტო უწყების ცნობით, “დამასკოს აეროპორტში დელეგაციას დახვდა სირიის არაბულ რესპუბლიკაში აფხაზეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მუჰამედ ალი და აფხაზეთის საელჩოს თანამშრომლები”.

ოლეგ ბარციცის ხელმძღვანელობით დელეგაციის შემადგენლობაში არიან დე ფაქტო აფხაზეთის კულტურის მინისტრი დაურ კოვე, დე ფაქტო ფინანსთა მინისტრი საიდ გუბაზი, დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ირაკლი ტუჟბა, თურქეთის რესპუბლიკაში დე ფაქტო აფხაზეთის სრულუფლებიანი წარმომადგენელი იბრაჰიმ ავიძბა და კიდევ რამდენიმე პირი.

როგორც აფხაზური მხარე აცხადებს, სირიაში ვიზიტის ფარგლებში აფხაზეთის დელეგაცია მონაწილეობას მიიღებს დამასკოს 63-ე საერთაშორისო გამოფენის მუშაობაში, გამართავს შეხვედრებს სირიის არაბული რესპუბლიკის შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელებთან, ასევე აფხაზურ-ადიღეური დიასპორის წარმომადგენლებთან.

“ვიზიტის დროს დაგეგმილია ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისა და აფხაზეთისა და სირიის არაბულ რესპუბლიკას შორის ურთიერთსაინტერესო სფეროებში თანამშრომლობის გაფართოების საკითხების განხილვა”, – ავრცელებს დე ფაქტო საგარეო უწყება.