ახალი ამბები

სირია კიდევ ორ სასაზღვრო პუქნტს გახსნის დახმარების მისაღებად — გაერო

14 თებერვალი, 2023 • 877
სირია კიდევ ორ სასაზღვრო პუქნტს გახსნის დახმარების მისაღებად — გაერო

გაეროს ინფორმაციით, მიწისძვრით დაზარალებული სირიის ხელისუფლება დათანხმდა კიდევ ორი სასაზღვრო პუნქტის გახსნას, რათა ამბოხებულთა მიერ კონტროლირებად რეგიონში ჰუმანიტარული დახმარება შევიდეს.

“ეს დიდ განსხვავებას მოგვცემს. ახლა მხოლოდ ერთ სასაზღვრო პუნქტს ვიყენებთ”, — ამბობს გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერესი.

6 თებერვალს მომხდარმა დამანგრეველმა მიწისძვრებმა თურქეთსა და სირიაში, ბოლო მონაცემებით, 40 000-მდე ადამიანი შეიწირა.

სირიის ტერიტორიაზე ყველაზე მეტად დაზარალებული არეალი ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთი ნაწილია, რომელსაც წლობით მიმდინარე სამოქალაქო ომის ფონზე სხვადასხვა ძალა აკონტროლებს.

ბუნებრივმა კატასტროფამ ომით ისედაც დატანჯული მრავალი სირიელის მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა, რასაც ჰუმანიტარული დახმარების სიმცირეც დაემატა.

პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმი მიწისძვრის შემდგომ ღონისძიებებში შექმნილ სირთულეებში დასავლეთისა და ევროპის მიერ დაწესებული სანქციების როლზე საუბრობს და მათ გაუქმებას მოითხოვს.

თუმცა, როგორც BBC აღნიშნავს, საერთაშორისო ჰუმანიტარული ჯგუფები ამბობენ, რომ მთავარ დაბრკოლებას სირიის მთავრობის არასწორი მენეჯმენტი ქმნის, ისევე როგორც ნების არქონა, დახმარებამ სირიის ყველა რეგიონი მოიცვას.

გაეროს ინფორმაციით, გაიხსნება ორი ახალი სასაზღვრო პუნქტი, რომელთაგან ორივე თურქეთ-სირიის საზღვარზე მდებარეობს.  აღნიშნულს წინ უძღოდა დამასკოში გამართული მოლაპარაკებები ბაშარ ალ-ასადთან.

ამჟამინდელი ცნობებით, 6 თებერვლის მიწისძვრებს თურქეთში 31 000-ზე მეტი ადამიანი შეეწირა, სირიაში — 5 700-ზე მეტი. თურქეთში მილიონზე მეტი ადამიანი დარჩა უსახლკაროდ, სირიაში კი, ჰუმანიტარულ ორგანიზაციათა ცნობით, შეიძლება, ეს რაოდენობა უფრო დიდი იყოს.

რა ხდებოდა მანამდე

სისხლისმღვრელი ომის შემდეგ ჩრდილო-დასავლეთი სირია პოლიტიკურად დაქსაქსული რეგიონია:

მიწისძვრით დაზარალებული არეალის დიდ ნაწილს პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ხელისუფლება აკონტროლებს, ზოგიერთ სხვა ტერიტორიას კი — თურქეთის მიერ მხარდაჭერილი ოპოზიციური ჯგუფები, ჯიჰადისტები და აშშ-ის მიერ მხარდაჭერილი ქურთული ძალები.

ბუნებრივი კატასტროფიდან მალევე, ძირითადად, სირიისადმი მეგობრულმა ქვეყნებმა, მათ შორის, რუსეთმა, ირანმა და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა, მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე გაგზავნეს დახმარება.

თუმცა ამბოხებულთა კონტროლირებად არეალში ვითარება მეტად რთული იყო, რადგან საერთაშორისო დახმარების ამ ტერიტორიაზე შესვლა თურქეთ-სირიის საზღვარზე არსებული მხოლოდ ერთი პუნქტიდან ან სირიის იმ ტერიტორიებიდანაა შესაძლებელი, რომელთაც სამთავრობო ძალები აკონტროლებენ.

სირიის მთავრობა წლების მანძილზე ეწინააღმდეგებოდა ამბოხებულთა ტერიტორიაზე დახმარების შეტანას იმ სასაზღვრო ზოლიდან, რომელსაც თავად ვერ აკონტროლებს, აღწერდა რა ამ ჰუმანიტარულ ოპერაციას სირიის სუვერენიტეტის დარღვევად.

თუმცა ბევრი გამოთქვამდა ეჭვს, რომ თუ მიწისძვრის შემდგომი დახმარება პირდაპირ ალ-ასადის მთავრობის ხელში მოხვდებოდა, მთავრობა რესურსებს სურვილისამებრ გაანაწილებდა მხოლოდ თავის კონტროლირებად ტერიტორიაზე.

დამანგრეველი მიწისძვრიდან 5 დღის შემდეგ სირიის მმართველ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმმა გაეროს ნება დართო, შეეტანა ჰუმანიტარული ტვირთი მიწისძვრით დაზარალებულ იმ რეგიონშიც, რომელსაც აჯანყებულები აკონტროლებენ.

მეორე მხრივ, წყარო ალ-ასადის მოწინააღმდეგე ჯიჰადისტური ალიანსიდან “ჰაიათ თაჰრირ ალ-შამი”, რომელიც თურქეთის საზღვართან მდებარე იდლიბის პროვინციაში დომინირებს, სააგენტო Reuters-ს ეუბნება, რომ დაჯგუფება მთავრობის კონტროლირებადი ტერიტორიებიდან ტვირთებს არ შეუშვებს. მისი პოზიციაა, რომ დახმარება თურქეთის ტერიტორიიდან უნდა შევიდეს.

“ჩვენ არ მივცემთ საშუალებას რეჟიმს, ისარგებლოს სიტუაციით იმის საჩვენებლად, რომ გვეხმარებიან”, — აღნიშნავს წყარო დაჯგუფებიდან.

მიმდინარე დღეებში გაერომაც თქვა, რომ სირიის მთავრობის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიებიდან ოპოზიციის მიერ კონტროლირებად არეალში დახმარების შეტანა ერთი რადიკალური ჯგუფის პოზიციის გამო შეფერხდა. ორგანიზაციას დეტალებზე არ უსაუბრია.

მასალების გადაბეჭდვის წესი