ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთში არ იციან, როგორ გაგზავნონ ჰუმანიტარული დახმარება სირიასა და თურქეთში

15 თებერვალი, 2023 • 1610
აფხაზეთში არ იციან, როგორ გაგზავნონ ჰუმანიტარული დახმარება სირიასა და თურქეთში

აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის საერთაშორისო საკითხების კომიტეტის გაფართოებულ სხდომაზე მიწისძვრით დაზარალებული სირიისა და თურქეთის მოქალაქეებისთვის დახმარების საკითხი განიხილეს. 

“თურქეთს მაშველებით დახმარებას ვთავაზობთ” – შამბა

დეპუტატებმა სხდომაზე მოიწვიეს დე ფაქტო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების წარმომადგენლები, ასევე, ბავშვთა უფლებების დამცველი ოფისის ხელმძღვანელი.

როგორც გაირკვა, აფხაზეთი პრობლემის წინაშე აღმოჩნდა, როგორ გააგზავნოს ჰუმანიტარული ტვირთი თურქეთსა და სირიაში.

მიწისძვრის შემდეგ აფხაზეთში აქტიურად დაიწყო ამ ქვეყნებისთვის ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვების პროცესი, თუმცა გარკვეული ლოჯისტიკური სირთულეების გამო ჯერ კიდევ გადაუჭრელი საკითხია, რა გზებით ჩავა ეს ტვირთი დანიშნულების ადგილას. 

როგორც აფხაზი დეპუტატები აცხადებენ, ეს დიდწილად შეეხება სირიას, სადაც ჰუმანიტარული კრიზისი ბევრად მწვავედ დგას. აფხაზეთს კი სირიის ტერიტორიაზე პირდაპირი წვდომა არ აქვს. დეპუტატების თქმით, თურქეთში ტვირთის გადატანა უფრო მარტივია – “არსებობს კომპანია, რომელიც აფორმებს ჰუმანიტარულ ტვირთებს და ცენტრალიზებულად შეაქვს ეს ტვრითი”.  

აფხაზი დეპუტატის, ინარ გიცბას თქმით, მსგავსი სქემა სირიის მიმართულებითაც არსებობს იმ შემთხვევაში, თუ ტვირთის გაგზავნა საქართველოს გავლით მოხდება.

“ჩვენთვის ეს მიუღებელია”, – ამბობს დეპუტატი გიცბა.

სანამ აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა ტვირთის მიწოდების ვარიანტებს ამუშავებს, მოსახლეობა კვლავ აგრძელებს ჰუმანიტარული დახმარების შეგროვებას. 20 ტონაზე მეტი ტვირთი უკვე შეგროვებულია და დე ფაქტო საგანგებო სიტუაციების სამსახური კვლავაც აგრძელებს მოსახლეობისგან თბილი ტანსაცმლისა და მშრალი საკვები პროდუქტის მიღებას. გარდა ამისა, აფხაზეთი მზადაა, სტიქიის ზონაში 50 მაშველი და 6-7 ერთეული ტექნიკა გაგზავნოს. თუმცა ჯერ კიდევ გაურკვეველია, როგორ? 

სირიაში აფხაზეთის ელჩის, ბაგრატ ხუტაბას თქმით, მიწისძვრით დაზარალებულებს სჭირდებათ კონკრეტული დახმარება – კარვები, გენერატორები, თბილი საბნები, ლეიბები და ბალიშები.

მისი თქმით, სირიის დასახმარებლად ოპტიმალური საშუალება არის  ფულის შეგროვება და ლიბანში საჭირო ნივთების ყიდვა. 

ვადიმ ხარაზია, დე ფაქტო პარლამენტის რეპატრიაციის კომიტეტის ხელმძღვანელი, ასევე მხარს უჭერს სირიელებისთვის საჭირო ნივთების ადგილზევე ყიდვას და არა ტვირთის გადატანას კომერციული რეისით.

თუმცა აფხაზი დეპუტატი ერიკ რშტუნი არ ეთანხმება ამ წინადადებას. მისი თქმით, სირიაში უნდა იცოდნენ, რომ სწორედ აფხაზეთში ეხმარებიან და ტვირთი აუცილებლად უნდა იყოს მიწოდებული. 

უნდა გამოიყოს თანხა დაზარალებული ქვეყნებისთვის. თუმცა, ამ შემთხვევაშიც, ეს  ასე მარტივი არაა – დე ფაქტო აფხაზეთის ბიუჯეტი ისედაც დეფიციტურია და სარეზერვო ფონდი ისედაც არ არის მასში გათვალისწინებული.

ამ შემთხვევაში დეპუტატი ბესლან ხალვაში ერთადერთ გზას ხედავს -რეპატრიაციის კომიტეტის ბიუჯეტიდან თანხა გამოიყოს. 

რაც შეეხება აფხაზეთის შეთავაზებას მიწისძვრის გამო დაობლებული ბავშვების აფხაზეთის სანატორიუმებში რეაბილიტაციაზე, დეპუტატები ამბობენ, რომ არც ეს საკითხია მარტივად გადასაჭრელი, რადგან აფხაზეთს არ შეუძლია მათთვის გრძელვადიანი რეაბილიტაციის უზრუნველყოფა. 

სირიაში მიწისძვრით დაზარალებულ ბავშვებს აფხაზეთში რეაბილიტაციას სთავაზობენ

კონკრეტული გადაწყვეტილება, თუ როგორ იქნება ჰუმანიტარული ტვირთი გადატანილი აფხაზეთიდან სირიასა და თურქეთში, პარლამენტის სხდომაზე ასეც ვერ მიიღეს. დეპუტატები და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები მხოლოდ იმაზე შეთანხმდნენ რომ სამივე ვარიანტი უნდა განიხილონ, თუმცა, ყველაზე დიდ იმედს რუსეთის მხრიდან დახმარებაზე ამყარებენ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი