ახალი ამბები

შსს: როტაციის მიზნით თურქეთში 85 მეხანძრე-მაშველი გაემგზავრა

14 თებერვალი, 2023 • 692
შსს: როტაციის მიზნით თურქეთში 85 მეხანძრე-მაშველი გაემგზავრა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით,  როტაციის მიზნით, 85 მეხანძრე-მაშველი თურქეთის რესპუბლიკაში, ქალაქ ადიამანში გაემგზავრა.

უწყების განცხადებით, ქართველი მეხანძრე-მაშველების ახალი ჯგუფი იმ მეხანძრე-მაშველებს ჩაანაცვლებს, რომლებიც ამ დრომდე ახორციელებდნენ მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებს.

შსს-ში განმარტავენ, რომ ქართული სამაშველო ჯგუფი ქალაქ ადიამანში სამაშველო ოპერაციას ორ სექტორზე ახორციელებს. უწყების განცხადებით, ადგილზე მოწყობილი საველე შტაბი მუშაობს ქალაქ ადიამანის ოპერატიული მართვის ცენტრთან კოორდინაციით.

„ქართველი მაშველების ახალი ჯგუფი დაკომპლექტებულია მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებების განხორციელების მიმართულებით გადამზადებული მეხანძრე-მაშველებით. სამაშველო ჯგუფი ასევე აღჭურვილია თანამედროვე აკუსტიკური საშუალებებით, დრონებით, კავშირგაბმულობის მანქანითა და ყველა სახის შესაბამისი სპეციალური სამაშველო მოწყობილობებით“, – ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თურქეთისა და სირიის საზღვართან 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 6 თებერვალს, ღამით მოხდა.მიწისძვრის შედეგად თურქეთსა და სირიაში ათობით ათასი ადამიანი დაიღუპა, ასობით ათასი კი უსახლკაროდ დარჩა და საკვების, წყლისა თუ სხვა რესურსების ნაკლებობას განიცდის. თურქეთში სტიქიის შედეგად დაღუპულთა შორის საქართველოს ხუთი მოქალაქეა.

მასალების გადაბეჭდვის წესი