ახალი ამბები

საზოგადოებას აქვს უფლება, ხედავდეს ვინ როგორ ფინანსდება – სარჯველაძე

14 თებერვალი, 2023 • 968
საზოგადოებას აქვს უფლება, ხედავდეს ვინ როგორ ფინანსდება – სარჯველაძე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ საზოგადოებას აქვს უფლება, ხედავდეს, ვინ როგორ ფინანსდება.

ამის შესახებ მან განაცხადა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას, რომელიც მოამზადეს საპარლამენტო უმრაველოსობის წევრებმა „ხალხის ძალიდან“.

„საზოგადოებას აქვს უფლება, რომ ხედავდეს, ვინ როგორ ფინანსდება, რა სახსრებით ახორციელებს თავის საქმიანობას და ა.შ. შესაბამისად, ინიციატვა გულისხმობს იმას, რომ ეს სივრცეც მოექცეს მსგავსი რეგულაციების პირობებში“, – განაცხადა სარჯველაძემ.

ამასთან, სარჯველაძის თქმით, ვისაც კანონპროექტი არ უნახავს, მას უფლება არ აქვს, შეადაროს რუსულ და ბელარუსულ კანონმდებლობას.

„მე მგონია, რომ გამჭვირვალობის პრობლემა ნამდვილად არსებობს. საზოგადოებისთვის მაინცდამაინც ყველაფერი ნამდვილად არ არის ცნობილი იმის შესახებ, თუ ვინ რა ფონდით, საიდან და როგორ ფინანსდება და რაში იხმარს ამ თანხებს[…] მთავარი პრობლემა დგას ასე – დღეს ოპოზიცია გამოვიდა  და იარლიყების მიწებებით არიან დაკავებული ისე, რომ კანონპროექტის შინაარსი არ უნახავთ. ეს არის არასწორი“, – განაცხადა სარჯველაძემ.


საპარლამენტო უმრაველოსობის წევრები „ხალხის ძალიდან“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პარლამენტში აინიცირებენ. ამის შესახებ მათ დღეს, 14 თებერვალს, განცხადება გაავრცელეს.

„ხალხის ძალის“ განცხადებით, მათ მიერ შემოთავაზებული კანონით,  შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი ფინანსდება „უცხოური ძალების“ მიერ.

„ხალხის ძალის“ განცხადებით, მათი კანონპროექტის მიხედვით, სუბიექტების უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციის საკითხს უზრუნველყოფს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.

მასალების გადაბეჭდვის წესი