ახალი ამბები

ირანში დაჰაკეს პრეზიდენტის გამოსვლა, რომელშიც ის ირწმუნებოდა, რომ პროტესტი დამარცხდა

12 თებერვალი, 2023 • 1258
ირანში დაჰაკეს პრეზიდენტის გამოსვლა, რომელშიც ის ირწმუნებოდა, რომ პროტესტი დამარცხდა

ირანის ხელისუფლებამ 1979 წელს ქვეყანაში მომხდარი რევოლუციის 44-ე წლისთავი აღნიშნა. პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი თეირანში სიტყვით გამოსვლისას ირწმუნებოდა, რომ 2022 წელს დაწყებული პროტესტი დამარცხდა. მისი გამოსვლა აქტივისტებმა ინტერნეტში მცირე ხნით, საპროტესტო მიმართვით დაჰაკეს.

ირანში 1979 წელს აგორებული დემონსტრაციები აშშ-ის მიერ მხარდაჭერილი შაჰის, მუჰამად რეზა ფაჰლავის ხელისუფლების დამხობით დაგვირგვინდა. სწორედ მაშინ დასრულდა მონარქია და დამყარდა ისლამური რესპუბლიკა, რომელიც დღემდე არსებობს.

თარიღი წელსაც ხელისუფლების მიერ ორგანიზებული შეკრებებით აღინიშნა. პრეზიდენტმა ებრაჰიმ რაისიმ, რომელიც, რეჟიმის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, რამდენიმე თვის წინ დაწყებული ანტისამთავრობო პროტესტის სამიზნეა, “მოტყუებულ ახალგაზრდებს” მოუწოდა, მოინანიონ, რათა ირანის სულიერმა ლიდერმა მიუტევოს მათ.

11 თებერვალს რაისიმ კვლავ გაიმეორა, რომ პროტესტს გარე ძალები მართავენ ირანის მიღწევების შესაჩერებლად და მათ არა თავისუფლება, არამედ ქვეყნისთვის დამოუკიდებლობის წართმევა სურთ.

ირანის პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი სიტყვით გამოდის თეირანის ცენტრალურ მოედანზე. 11.02.23 ფოტო: EPA 

“…ისტორიის შემქმნელმა ირანმა იცნო მტრის ბოროტი ხელი და… დაამარცხა მტერი”, – თქვა მან.

პერიოდულად, თეირანის ცენტრალურ მოედანზე შეკრებილები რაისის გამოსვლას აწყვეტინებდნენ სლოგანებით: “სიკვდილი ამერიკას”, “სიკვდილი ისრაელს”. ორივე სლოგანი ხშირად ისმის სახელმწიფოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებზე.

რაისის სიტყვით გამოსვლა სახელმწიფო ტელევიზიასთან აფილირებულ ერთ-ერთ ონლაინ პლატფორმაზე რეჟიმის მოწინააღმდეგე აქტივისტებმა დაჰაკეს. მიმართვა დაახლოებით 1-წუთიანი ვიდეოთი შეწყდა, რომლის ავტორებიც მოუწოდებდნენ მოქალაქეებს, შეუერთდნენ ანტისამთავრობო აქციებს მომდევნო კვირას. ვიდეოს ბოლოს გაისმა შეძახილი:

“სიკვდილი ისლამურ რესპუბლიკას!”

მეორე მხრივ, სოციალურ მედიაში ვრცელდება 10 თებერვლის ღამის ვიდეოები, რომლებშიც ჩანს, როგორ აღნიშნავენ რევოლუციის თარიღს ფეიერვერკითა და შეძახილებით. თუმცა, კადრებში ასევე ისმის, როგორ სკანდირებს ბევრი მოქალაქე ფანჯრებიდან და სახლის სახურავებიდან ანტისამთავრობო სლოგანებს, მათ შორის, “სიკვდილი დიქტატორს!”

პროტესტი ირანში სექტემბერში, ე.წ. მორალის პოლიციის მიერ ჰიჯაბთან და სხვა სამოსთან დაკავშირებული კანონის დარღვევის ბრალდებით დაკავებული მაჰსა ამინის დაღუპვის შემდეგ დაიწყო.

უფლებადამცველთა ცნობით, 22 წლის ქურთი ქალი პოლიციაში ცემის შედეგად გარდაიცვალა, ირანის ხელისუფლება კი მომხდარის მიზეზად ჯანმრთელობის გაუარესებას ასახელებს.

დემონსტრაციებმა მალევე შეიძინა მთლიანად ისლამური რესპუბლიკისა და მისი ხელმძღვანელობის საწინააღმდეგო სახე და მთელ ქვეყანაში გაიშალა.

ხსენებული საპროტესტო მოძრაობა საერთაშორისო მედიაში არაერთგზის შეფასდა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა ისლამური რესპუბლიკისთვის, მისი არსებობის ისტორიაში.

ირანული უფლებადამცველი ჯგუფის, HRANA-ს მონაცემებით, ძალოვანთა მიერ პროტესტის ჩახშობის მცდელობისას 528 დემონსტრანტი მოკლეს, რომელთაგან 71 არასრულწლოვანი იყო. მისივე ცნობით, მოკლულია სამთავრობო ძალების 70 წევრიც. დაკავებულთა რიცხვი 19 763-ს შეადგენს.

გასულ კვირას ირანის სულიერმა ლიდერმა ალი ხამენეიმ პატიმართა დიდი რაოდენობა შეიწყალა, რომელთა შორის ანტისამთავრობო აქციებზე დაკავებულებიც არიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი