“ვიბრძოლებთ, ვიბრძოლებთ და მაინც დავიბრუნებთ ირანს!” — ყვირის საქართველოს პარლამენტის წინ მიკროფონით ხელში მოსიარულე ახალგაზრდა კაცი სპარსულად, რასაც იქვე შეკრებილი სხვა ადამიანები ერთხმად, ამავე შეძახილით პასუხობენ.
თითქმის ორი თვეა, ეს და სხვა სლოგანები რუსთაველის გამზირზე ყოველი შაბათის საღამოს ისმის. სწორედ ამ დღეს იკრიბება საქართველოში მყოფი არაერთი ირანელი თანამოაზრეებთან ერთად თბილისის ცენტრში, რათა სოლიდარობა გამოუცხადოს თავის სამშობლოში მიმდინარე ანტისამთავრობო დემონსტრაციების მონაწილეებს.
პერიოდულად, ძველ შეძახილებს ახლები ემატება. ჩნდება ახალი პორტრეტებიც სოლიდარობის აქციების მონაწილეთა ხელში — სურათები იმ ირანელებისა, რომელთაც საპროტესტო აქციებზე კლავენ.
“ჩვენ ამას პროტესტს აღარ ვეძახით. ჩვენ ამას რევოლუციას ვუწოდებთ და ის ისევ მიმდინარეობს ირანში”, — ამბობს მარიამ შარიფი, საქართველოში მცხოვრები ირანელი აქტივისტი, რომელიც აქტიურად მონაწილეობს თბილისის სოლიდარობის აქციების ორგანიზებაში.
აქცია თბილისში, რომლითაც სოლიდარობას უცხადებენ ირანში მიმდინარე დემონსტრაციების მონაწილეებს და გმობენ ისლამურ რესპუბლიკას. ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია
მარიამი აღნიშნავს, რომ მის სამშობლოში პროტესტი არ შენელებულა და “ახლა უფრო მეტ ქალაქში გამოდიან გარეთ”, თუმცა, ერთი მხრივ — ინტერნეტთან წვდომის შეზღუდვა, მეორე მხრივ კი — მოქალაქეთა სიფრთხილე ცენზურის გამო, ართულებს ინფორმაციის გავრცელებას.
“მე მაქვს კონტაქტი ზოგიერთ ჩემს მეგობართან და ისინი მეუბნებიან, რომ ირანში არაფერი შენელდება ან შემცირდება. ყველაფერი იმაზე დიდია, ვიდრე აქამდე…”, — დასძენს ის.
პროტესტი ირანში ე.წ. მორალის პოლიციის მიერ ჰიჯაბთან და სხვა სამოსთან დაკავშირებული კანონის დარღვევის ბრალდებით დაკავებული მაჰსა ამინის დაღუპვის შემდეგ დაიწყო.
უფლებადამცველთა ცნობით, 22 წლის ქურთი ქალი პოლიციაში ცემის შედეგად გარდაიცვალა, ირანის ხელისუფლება კი მომხდარის მიზეზად ჯანმრთელობის გაუარესებას ასახელებს.
აქციები, რომლებმაც მალევე მიიღო ისლამური რესპუბლიკის ხელმძღვანელობის საწინააღმდეგო სახე, რეპრესიების მიუხედავად გაფართოვდა და ირანის გარშემო გაიშალა.
უფლებადამცველები დემონსტრაციების ჩახშობის მცდელობისას მოკლულ ასობით ადამიანზე — მათ შორის, არასრულწლოვანებზე — საუბრობენ. ხელისუფლების რეპრესიები მეტად ხისტია ირანის ქურთულ ქალაქებში, საიდანაც პროტესტი დაიწყო.
“ამ პროტესტის სლოგანად ახლა მთელი ირანელი ხალხის მიერ არის არჩეული “ჟენ, ჟიან, აზადი”, ანუ “ქალი, სიცოცხლე, თავისუფლება”.
ეს სლოგანი არის ქურთების სლოგანი, რომლითაც ვიბრძოდით და დღემდე ვიბრძვით თურქეთში, ირანში, ერაყში, სირიაში…”, — ამბობს თბილისელი ქურთი მომღერალი როზა გერგერი, რომელიც თბილისში სხვებთან ერთად აპროტესტებს ისლამური რესპუბლიკის მოქმედებებს.
“თუკი ქალის როლი და მისი პოზიცია იქნება დაკნინებული საზოგადოებაში, მაშინ ვერ განვითარდება საზოგადოება. როგორც გრძნობს თავს ქალი საზოგადოებაში, ეს არის ანარეკლი იმ საზოგადოების დონისა, მისი ცნობიერების დონისა”, — აღნიშნავს ის.
რუსთაველის გამზირზე გამოტანილ პლაკატებზე ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკის კრიტიკაც იკითხება. კერძოდ, მისი ურთიერთობებისა რუსეთთან და მოსკოვის მიერ უკრაინაში ირანული წარმოების საბრძოლო დრონების გამოყენება.
იმისათვის, რომ გადაარჩინოთ უკრაინელთა სიცოცხლე, დაეხმარეთ ირანელებს რეჟიმის დამხობაში — ასეთია ერთ-ერთის შინაარსი.
საქართველოში მცხოვრები ირანელები ფიქრობენ, რომ ირანის გარეთ, თბილისსა და მსოფლიოს სხვა ქალაქებში, მათი აქტივობა მნიშვნელოვანია, რათა თანამემამულეების გზავნილები საერთაშორისო საზოგადოებამდე მიიტანონ.
“ირანი დგას უკრაინის გვერდით” — პლაკატი აქციაზე. ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია
“2 თვეზე მეტია, ადამიანებს ძალიან შეზღუდული წვდომა აქვთ ინტერნეტთან. მიზეზი, რატომაც აქ ვდგავართ, არის ის, რომ ვიყოთ ჩვენი ხალხის ხმა.
ინტერნეტი ბევრ ქალაქში გათიშულია და სხვა ქვეყნები ვერ იღებენ ვიდეოებს, როგორ დევნიან არმია და მთავრობა დემონსტრანტებს”, — ეუბნება თბილისში მცხოვრები ირანელი აქტივისტი სოჰრაბ ეფთეხარი “ნეტგაზეთს”.
რეჟიმის მოწინააღმდეგეები, სხვა ქვეყნების მთავრობებთან ერთად, საქართველოს ხელისუფლებასაც მოუწოდებენ, გადახედოს თავის ურთიერთობებს ისლამური რსპუბლიკის ხელმძღვანელობასთან.
“ვთხოვთ საქართველოს მთავრობას, დახუროს საელჩო, ბოიკოტი გამოუცხადოს ყველას, ვინც ისლამის რესპუბლიკისთვის მუშაობს…
ირანელები ირანში იბრძვიან არა ხმოლოდ საკუთარი თავებისთვის, არამედ ყველასთვის, კაცობრიობისთვის, თავისუფლებისთვის მსოფლიოს გარშემო… ეს ყველა ჩვენგანისთვისაა, არამხოლოდ ირანელებისთვის”, — აღნიშნავს მარიამ შარიფი.
აქცია თბილისში, რომლითაც სოლიდარობა უცხადებენ ირანში მიმდინარე დემონსტრაციების მონაწილეებს და გმობენ ისლამურ რესპუბლიკას. ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია
ირანში 2022 წლის პროტესტი ქალთა ლიდერობითა და აქტიური მონაწილეობით დაიწყო. წინააღმდეგობის ერთ-ერთ სიმბოლოს — სავალდებულო ჰიჯაბის მოხდასა და მის საჯაროდ დაწვას — სწორედ ქალებმა დაუდეს სათავე.
დემონსტრაციებში ქალების როლზე მიანიშნებს არაერთი სლოგანი, რომლებსაც თბილისის სოლიდარობის აქციების მონაწილეებიც ახმიანებენ.
ერთ-ერთი ასეთია შეძახილი, რომლითაც დემონსტრანტები მათდამი შეურაცხყოფას პასუხობენ. ის შემდეგანირად ჟღერს:
“ეს შენ ხარ ბინძური და გარყვნილი. მე თავისუფალი ქალი ვარ”.