ახალი ამბები

მდინარაძეს “იმედის” შენობასთან ენმ-ის აქტივისტები შეძახილებით დახვდნენ

10 თებერვალი, 2023 • 891
მდინარაძეს “იმედის” შენობასთან ენმ-ის აქტივისტები შეძახილებით დახვდნენ

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს, მამუკა მდინარაძეს, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტები ტელეკომპანია “იმედის” შენობასთან შეძახილებით დახვდნენ.

“ჩვეულებრივი რუსი ხარ!”; “ივანიშვილის მონა ხარ!” — უყვიროდნენ აქტივისტები მდინარაძეს 9 თებერვალს მომხდარი ინციდენტის დროს.  მმართველი გუნდის ლიდერსა და ადგილზე შეკრებილებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება რამდენიმე წუთს გაგრძელდა. კადრებში მდინარაძის გინებაც ისმის.

პროცესში ჩაერია როგორც პოლიცია, ისე ტელეკომპანია “იმედის” დაცვა.

“ტვ პირველთან” საუბრისას აქციის მონაწილემ, ნიკა ნარსიამ თქვა, რომ მომხდარის წინაპირობა “ქართული ოცნების” წარმომადგენელთა მხრიდან უკრაინასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები იყო.

“არ მოვასვენებთ არსად. ჩვენ არ მოვითმენთ რუსულ რეჟიმს საქართველოში”, — დასძინა მან.

“გვაგინეს და ვაგინეთ კიდევაც”, — დაამატა ნარსიამ ინციდენტზე საუბრისას.

მოგვიანებით, “იმედის” ეთერში მდინარაძემ განაცხადა, რომ აქტივისტები, რომლებიც დაუპირისპირდნენ, “ცოდოები” არიან და დავალებას ასრულებენ.

“კაცს რომ ეუბნები, რა გინდა, რას ითხოვო და სასტვენს ჩაიდებს პირში და მთელი ძალით ჩაბერავს პასუხად… დადიან ასე ჩაბერილები”, — თქვა მან.

“შეიძლება, ვიღაცამ დამძრახოს კიდევაც, რომ გადახვედი [მანქანიდან], გადაუხტი იქ და რაღაცებს ეუბნებიო. უკაცრავად ამისათვის. ყველას ჩვენი ემოცია გვაქვს, მაგრამ ხომ უნდა გაიაზრო, რა დავალების შესასრულებლად მოდიხარ?” — დაამატა მდინარაძემ.

მანამდე “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ რუსეთს ამჟამადაც და საერთო ჯამშიც უკრაინასთან ომში უპირატესობა აქვს.

მისი მტკიცებით, სწორედ აღნიშნულის ფონზე იზრდება “ზოგიერთი ძალის ინტერესი”, რომ საქართველო ჩაერთოს “სამხედრო კონფლიქტში”. კობახიძის თქმით, ამ ინტერესის უკან დგას “გლობალური ომის პარტია”, თუმცა არ სურს დასახელება, ვის გულისხმობს, რათა “არ დავუპირისპირდეთ კონკრეტულ სახელმწიფოებს”.

მასალების გადაბეჭდვის წესი