ახალი ამბები

თურქეთში საქართველოდან დამატებით 40 მეხანძრე-მაშველი გაემგზავრა

8 თებერვალი, 2023 • 808
თურქეთში საქართველოდან დამატებით 40 მეხანძრე-მაშველი გაემგზავრა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თურქეთში სამაშველო ღონისძიებებში ჩართულ ქართველ მაშველებს საქართველოდან კიდევ 40 მაშველი შეუერთდება.

უწყების განცხადებით, დამატებითი ჯგუფი საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკაში უკვე გაემგზავრა და ქალაქ ადიამანში მყოფ ქართველი მაშველების იმ ჯგუფს შეუერთდებიან, რომელიც უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს სამაშველო ღონისძიებას და ერთი ადამიანი გადაარჩინეს.

შსს-ს თქმით, მაშველების ჯგუფი დაკომპლექტებულია მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებების განხორციელების მიმართულებით გადამზადებული მეხანძრე-მაშველებით, კინოლოგებითა და მაშველი ძაღლებით.

6 თებერვალს თურქეთში სამაშველო ღონისძიებებში ჩასართავად უკვე გაემგზავრა 60 მაშველი. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქართველებმა ნანგრევებიდან ახალგაზრდა ქალის გამოყვანა შეძლეს, რომელიც კონტაქტურ მდგომარეობაში სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.

თურქეთისა და სირიის საზღვართან ორშაბათს მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 9 500-ს გადააჭარბა. თურქეთში 7 108 დაღუპული აღრიცხეს, სირიის სახელმწიფო მედია კი 2 547 დაღუპულზე საუბრობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი