ახალი ამბები

“გადავრჩი, მადლობა ყველას” — თურქი ქალი, რომელმაც დახმარება “ტვიტერზე” ითხოვა

8 თებერვალი, 2023 • 2420
“გადავრჩი, მადლობა ყველას” — თურქი ქალი, რომელმაც დახმარება “ტვიტერზე” ითხოვა

თურქი ქალი აისელ იერალი, რომელიც ორშაბათს მომხდარი მიწისძვრის შემდეგ ნანგრევებში მოყვა და შველა “ტვიტერის” მეშვეობით ითხოვა, გადაარჩინეს. ინფორმაცია იერალის “ტვიტერის” გვერდზე გამოჩნდა.

“გადავრჩი. დიდი მადლობა ყველას”, — ვკითხულობთ 7 თებერვლის ღამით გამოქვეყნებულ პოსტში. ქალი იქვე მოუწოდებს საზოგადოებას, ილოცონ გასაჭირში მყოფთათვის.

აისელ იერალის შესახებ მილიონობით ადამიანმა შეიტყო მას შემდეგ, რაც ნანგრევებში მოყოლილმა ქალმა სოციალური ქსელის მეშვეობით ითხოვა შველა.

ქალმა თავისი ფოტო, აღწერით “გადამარჩინეთ”, ატვირთა თურქი მომღერლის, ჰალუქ ლევენთის ტვიტის ქვეშ, რომელიც დაშავებულების შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს და დახმარებას აგროვებს.

აისელი არაერთმა მოქალაქემ, მათ შორის ჰალუქ ლევენთქმა,  გაამხნევა და კომენტარებში მიუწერა, რომ დახმარება მასთან მალე მივიდოდა.

თურქეთისა და სირიის საზღვართან ორშაბათს მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 8 000-ს გადააჭარბა. მხოლოდ თურქეთში, სახელმწიფოს თანახმად, 6 234 ადამიანია დაღუპული.

როგორ და სად შეგიძლიათ თურქეთში დახმარების გაგზავნა თბილისიდან — სია

მასალების გადაბეჭდვის წესი