საზოგადოება

„გადამარჩინეთ“ – თურქეთში ქალმა ნანგრევებიდან ფოტო ტვიტერზე გამოაქვეყნა

6 თებერვალი, 2023 • 25925
„გადამარჩინეთ“ – თურქეთში ქალმა ნანგრევებიდან ფოტო ტვიტერზე გამოაქვეყნა

განახლება: აისელ იერალი გადაარჩინეს. ინფორმაცია ქალის “ტვიტერის” გვერდზე გამოჩნდა.

გადამარჩინეთ“ – წერს ტვიტერზე თურქი ქალი, რომელიც წუხელ მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად ნანგრევებში მოჰყვა.

ქალმა ეს ფოტო ატვირთა თურქი მომღერლის, ჰალუქ ლევენთის ტვიტის ქვეშ, რომელიც დაშავებულების შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს, მათ შორის, აგროვებს დახმარებას.

ჯერჯერობით უცნობია, სად იმყოფება ქალი, რომელსაც აისელ იერალი ჰქვია. ის არაერთმა მოქალაქემ გაამხნევა და კომენტარებში მიუწერა, რომ დახმარება მასთან მალე მივა.

თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შემდეგ ასობით მოქალაქე კვლავ ნანგრევებშია მოყოლილი. თურქულ მედიაში სქრინშოტები ვრცელდება, რომელიც აჩვენებს, რომ ნანგრევების ქვეშ მოქალაქეების ოჯახის წევრებს დახმარებას სთხოვენ.


წუხელ, გვიან ღამით, თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთსა და სირიაში 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. დაღუპულია სულ მცირე 300 ადამიანი.

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი თურქეთის ქალაქ გაზიანთეფიდან 33 კმ-ის მოშორებით იყო. მიწისძვრა მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანმა იგრძნო, მათ შორის, ისრაელსა და ლიბანში.

თურქეთში გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა. ორივე ქვეყანა აგრძელებს სამაშველო სამუშაოებს, რასაც ართულებს ამინდი. BBC წერს, რომ თურქეთის ხელისუფლება მოუწოდებს მოქალაქეებს, თავი შეიკავონ მობილური ტელეფონის გამოყენებისგან, რათა მაშველებს ხელი არ შეუშალონ კოორდინირებაში.

მიწისძვრა: თურქეთსა და სირიაში დაღუპულია სულ მცირე 300 ადამიანი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი