ახალი ამბები

რასისტული გამონათქვამების გამო ბაადურ ჯობავა Chess.com-ის ტურნირებს გამოეთიშა

7 თებერვალი, 2023 •
რასისტული გამონათქვამების გამო ბაადურ ჯობავა Chess.com-ის ტურნირებს გამოეთიშა

ქართველი მოჭადრაკის, ბაადურ ჯობავას ანგარიში რასისტული განცხადებების გამო Chess.com-ზე დაბლოკეს და 2023 წლის ბოლომდე საპრიზო ტურნირებზე თამაშს ვერ შეძლებს:

„3 თებერვალს Airthings Masters-ზე ბაადურ ჯობავამ ჩვენი ქცევის კოდექსი დაარღვია. მან მეტოქეთა მიმართ რასისტული განცხადებები გააკეთა და ჩვენი გუნდის წევრებს საჯაროდ მიაყენა შეურაცხყოფა. აღნიშნულის შემდეგ მივიღეთ გადაწყვეტილება და ჯობავას ვაცნობეთ, რომ ჩვენს საიტზე მისი ანგარიში დაბლოკილია და 2023 წლის ბოლომდე საპრიზო ტურნირებზე თამაშს ვერ შეძლებს“, — ნათქვამია განცხადებაში.

Chess.com აღნიშნავს, რომ სპორტში სექსიზმის, რასიზმისა და სხვაგვარი დისკრიმინაციის ადგილი არ არის და იმედოვნებენ, რომ პროფესიონალი და მოყვარული სპორტსმენები მათ პლატფორმაზე ამ სტანდარტს დაიცავენ.

რაც შეეხება თავად ინციდენტს, რის გამოც ჯობავა პლატფორმაზე ერთი წლით დაიბლოკა, როგორც Europop წერს, ქართველი დიდოსტატი ონლაინ ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩინელ მოჭადრაკესთან დამარცხდა და მეტოქე არასამართლიან თამაშში დაადანაშაულა. აღნიშნულის შემდეგ ჯობავას დაუკავშირდნენ პლატფორმის წარმომადგენლები, რა დროსაც ჯობავამ მეტოქის მიმართ რამდენჯერმე  გამოიყენა რასისტული ტერმინოლოგია და შეურაცხყოფა მიაყენა საიტის წარმომადგენლებსაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი