თბილისში მიმდინარე ჭადრაკში ქალთა მსოფლიო გრანპრის მერვე ტურის ლიდერთა შეხვედრაში საპატიო პირველი სვლა ცოტნე ივანიშვილმა გააკეთა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია ავრცელებს.
ნეტგაზეთის კითხვაზე, ქალთა ჭადრაკში ასეთ მნიშვნელოვან ტურნირზე ბიძინა ივანიშვილის შვილი საპატიო სტატუსით როგორ მოხვდა, ფედერაციაში გვიპასუხეს, რომ ის ჭადრაკში შემთხვევითი ფიგურა არ არის და რომ ყველა ტურნირზე მიღებულია მსგავსი ტაქტიკა, როცა პირველ საპატიო სვლას მოწვეული სტუმრები აკეთებენ.
„ის წლების განმავლობაში ინტენსიურად მეცადინეობს ჭადრაკში. საერთაშორისო დიდოსტატი ჰყავს მწვრთნელი. პოპულარულ საერთაშორისო საჭადრაკო პლატფორმაზე, chess.com, მას რეიტინგი აქვს 2200-მდე. საერთოდ, ეს არის მიღებული ტრადიცია, ყველა ტურში პირველ სვლას აკეთებენ მოწვეული სტუმრები. ეს შეიძლება იყოს ოფიციოზი, ჭადრაკის მოყვარული ადამიანები, მეცენატი, სპონსორი, ბავშვი და ა.შ. გუშინ გააკეთა ეს სვლა ცოტნე ივანიშვილმა აქედან გამომდინარე. ანუ ის შემთხვევითი ადამიანი ჭადრაკში არ არის“, — გვითხრეს ჭადრაკის ფედერაციაში.
ჭადრაკის ფედერაციის მიერ მიმდინარე ტურნირის შესახებ გავრცელებული ცნობებიდან ირკვევა, რომ მეექვსე ტურში პირველი საპატიო სვლა ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის, ფიდეს პრეზიდენტმა, არკადი დვორკოვიჩმა და ვიცე-პრეზიდენტმა, მაჰირ მამედოვმა გააკეთეს.
2024-25 წლის ქალ მოჭადრაკეთა მსოფლიო გრანპრის გათამაშების პირველი ეტაპი საქართველოში 14 აგვისტოს დაიწყო და დღეს, 24 აგვისტოს მეცხრე ტურით დასრულდება. ფედერაციის ინფორმაციით, ტურნირის ფინანსური მხარდამჭერი კულტურისა და სპორტის სამინისტროა.
გრანპრის გათამაშება ჭადრაკში ქალთა შორის ტურნირების სერიაა მსოფლიოს 20 უძლიერეს მოჭადრაკე ქალს შორის და ქალთა ჭადრაკში ყველაზე მნიშვნელოვან ასპარეზობად ითვლება. გრანპრის სერია 2 წლის მანძილზე გრძელდება. მოიცავს 6 ტურნირს და თითოეულში 10 მოჭადრაკე ქალი იღებს მონაწილეობას. სერიის მონაწილე 20 ქალიდან თითოეული ვალდებულია, რომ სამ ტურნირში მიიღოს მონაწილეობა. საქართველოში მიმდინარე ტურნირი 6-დან პირველია. მომდევნო ტურნირები სხვა ქვეყნებში ჩატარდება.
დაგროვილ ქულათა საერთო ჯამით ორი საუკეთესო მოჭადრაკე მოიპოვებს მონაწილეობის უფლებას 2026 წელს დაგეგმილ ფიდეს კანდიდატთა ტურნირში ქალთა შორის, სადაც გამარჯვებული მსოფლიო ჩემპიონთან თამაშის უფლებას მოიპოვებს.
საქართველოში მიმდინარე პირველი ტურნირის 10 მონაწილეს შორის ორი ტიტულოვანი ქართველი მოჭადრაკეა: ნანა ძაგნიძე და ლელა ჯავახიშვილი. მათ გარდა თბილისში ასპარეზობენ მოჭადრაკეები უკრაინიდან, ესპანეთიდან, შვეიცარიიდან, ინდოეთიდან, ყაზახეთიდან, პოლონეთიდან და საბერძნეთიდან.
ამჟამინდელი სატურნირო მდგომარეობის მიხედვით, ნანა ძაგნიძე მეოთხე ადგილზეა, ლელა ჯავახიშვილი კი — მეცხრეზე.