ახალი ამბებიკინოხელოვნება

ფრანსუა ტრიუფო – დედამიწის ზურგზე ყველაზე ბედნიერი ადამიანი

7 თებერვალი, 2023 • 3227
ფრანსუა ტრიუფო –  დედამიწის ზურგზე ყველაზე ბედნიერი ადამიანი

ცოტა რამაა უძილო ღამეებზე დამტანჯველი, თუმცა სულ პატარა საპირწონე დადებითი მხარეც აქვს გათენებულ ღამეებს. უძილობისას შეიძლება ისეთ რაღაცას გადააწყდე, რასაც სხვა შემთხვევაში ვერასდროს იპოვიდი ან მიუბრუნდებოდი. ასე ამოვყავი თავი რამდენიმე დღის წინ ფრანსუა ტრიუფოს წერილებში, რომლებიც უხსოვარ დროს ჩავწერე ჩემს ვირტუალურ მოწყობილობაში და აღარც გამხსენებია. ამ გულწრფელ, ბავშვობიდან ზრდასრულობამდე ნაწერ ტექსტებში ჩაკარგულს გამახსენდა, რომ რამდენიმე დღეში დადგებოდა 6 თებერვალი — ფრანსუა ტრიუფოს დაბადების დღე, რეჟისორისა, რომელსაც ყველგან თან დაჰყვება სიყვარული, ერთგულება და სიცოცხლე.

ტრიუფო კინოს თვითგადარჩენად აქცევს. ამ გზაზე სიარულს იწყებს თავისი ბავშვობით, რომელიც, მართალია, მისთვის ბოლომდე დარჩა მოუშუშებელ იარად, მაგრამ არასოდეს დაუკლია ცდა, სამყარო  უკეთესი გაეხადა ბავშვებისთვის.

ბავშვის თვალით დანახული უფროსების სამყარო – ეს არის დაუსჯელობის სივრცე, სადაც ყველაფერი ნებადართულია. ოჯახის მამა სიცილით უყვება მეგობრებს, ქუჩაში როგორ დაეჯახა მანქანით ჭადარს; ამ დროს კი მის რვა წლის შვილს, როდესაც ბოთლი მაშინ დაუვარდა და გაუტყდა, როცა კარგი საქმის გაკეთება უნდოდა, ჰგონია, რომ დანაშაული ჩაიდინა. ბავშვი ვერ ხედავს განსხვავებას შემთხვევით საქციელსა და დანაშაულს შორის. ამგვარი მაგალითით ეკრანზე შეიძლება შექმნა დრამა, და ეს ამტკიცებს, თუ რა პატარა ამბებისგან შეიძლება გაკეთდეს ფილმი ბავშვებზე; არადა, როდესაც საქმე ეხება ბავშვებს, არაფერი არ არის პატარა.

ფრანსუა ტრიუფო, „ფიქრები ბავშვებზე და მშობლებზე”. გამომცემლობა „სეზანი”. თარგმნა ნუცა ალექსი-მესხიშვილმა.

მისი ცხოვრების ეკრანზე გაცოცხლებით, მისი განუყრელი თანამოაზრის – ჟან პიერ-ლეოს პოვნითა და ანტუან დუანელის ფილმთა ციკლით, იგი ქმნის ფილმებს არა მხოლოდ თავის თავზე, არამედ ადამიანზე. შეუძლებელია ვერ იპოვო საერთო ანტუანთან, მძიმე ბავშვობიდან – უდიდეს თავმოწონების ვნებამდე, ვერ შემდგარი სიყვარულიდან – პირველი სიყვარულისას განცდილ არარაციონალურ ეჭვიანობამდე.  ეს არის ტრიუფოს კინოს მთავარი მახასიათებელი, გაპოვნინოს და განახოს ის, რასაც სხვაგვარად ვერასდროს დაინახავდი. რაც მთავარია, გააკეთოს ეს სრულიად ძალდაუტანებლად და შეუმჩნევლად. მისი ფილმები სურვილს გიკარგავს წინსწრებით იფიქრო, რადგან მისი კადრი ყოველთვის გიმჟღავნებს თითქოს ყოვლად უმნიშვნელო დეტალს, რომელსაც დაუსრულებლად შეგიძლია დაუბრუნდე, იფიქრო  და ბოლოს თავი გააიგივო მასთან. ყველა მისი სურათიდან მიგყვება ისეთი მზერა (!), განწყობა, კომპოზიცია, დეტალი, უხილავი შეგრძნება და ტექსტი, რომელსაც დიდი მონდომებითაც რომ ეცადო, ვერ დაივიწყებ.

სცადე დაივიწყო…  კინოთეატრში ფილმის მაცქერალი შეყვარებული ბავშვები, რომლებიც ვერ ისვენებენ და ყველანაირად ცდილობენ თავი მოაწონონ გვერდით მსხდომ გოგოებს, ან ფრანსუაზ დორლეაკის მომაჯადოებელი ცეკვა, ან თეატრში გათამაშებული პრემიერა, რომელიც წამით სრულად შლის ზღვარს ეკრანსა და მაყურებელს შორის, ან შურისმაძიებელი ჟან მოროს მიერ აივნიდან გაფრენილი ყელსახვევი, ბერნარდ ჰერმანის მუსიკის ფონზე, ან ზღვასთან მდგარი ანტუან დუანელის მზერა. და ფანი არდანი?! ჩოგბურთის კორტების მფლობელი ქალის მოყოლილი ტრაგიკული ზღაპარი სასოწარკვეთილ სიყვარულზე, წარუშლელი ფერებით, დეტალებით… და კიდევ რამდენი.

ბევრჯერ მიფიქრია, რა შეიძლება იყოს ის, რაც ამ ყველაფერს შესაძლებელს ხდის. მის წერილებთან და რეცენზიებთან მიბრუნებულმა კიდევ ერთხელ აღმოვაჩინე, რომ ეს სიყვარულია. უძირო, უსრული სიყვარული. სიცოცხლის, ბავშვების, მსახიობების, კინოს, კამერის და პროფესიის  სიყვარული, რომელიც ტრიუფოსთვის ერთმანეთისგან არ ცალკევდება – უერთმანეთოდ არ არსებობს.

საოცნებო მასწავლებლის მოსწავლეებისთვის ნათქვამი ტექსტი ფილმიდან „ჯიბის ფული” (ფრანგ. L’argent de poche) ირეკლავს ფრანსუა ტრიუფოს და მის ძალიან ხანმოკლე, სიყვარულით სავსე გზას. ამავდროულად, მისი ნახვა ან წაკითხვა ჩემთვის ყოველთვის აჩენს ასეთი მასწავლებლების არსებობის და სიყვარულის გავრცელების პატარა იმედს  სიყვარულს მოკლებულ ქართულ სკოლაში:

“ვიცი, რომ ფანჯარასთან იყავით მისულები. ვიცი, რომ ყველა ვფიქრობთ ჟულიენ ლეკლოზე. ყველაფერი უკვე პრესაში გამოქვეყნდა და სახლში მშობლების ლაპარაკსაც მოკრავდით ყურს. სანამ არდადეგებზე წახვიდოდეთ, მოდით, ვილაპარაკოთ ჟულიენზე. მე თქვენზე მეტი ინფორმაცია არ მაქვს, თუმცა გეტყვით, რასაც ვგრძნობ. პირველ რიგში, ჟულიენს ყურადღებას სოციალური სააგენტო მიაქცევს. მას ახალ ოჯახში განაწესებენ და მშობლებსაც შეურჩევენ. ნებისმიერ შემთხვევაში, სადაც არ უნდა წავიდეს, უკეთესად იქნება, ვიდრე საკუთარ სახლში, სადაც, მისი თქმით, მას სცემდნენ. შესაძლოა დედამისს დედობის უფლებაც ჩამოართვან, ჟულიენისთვის უკეთესი იქნებოდა, ეს რამდენიმე წლით ადრე მომხდარიყო. მან ახლა უკვე შეიცნო თავისუფლება, თუმცა ეს მოხდა ძალიან ტრაგიკული გზით. მისი ცხოვრება ჩვენს ცხოვრებებთან შედარებით უფრო ტრაგიკულია.

ჩემი ბავშვობაც საკმაოდ მძიმე იყო. ერთი სული მქონდა, როდის გავიზრდებოდი. ვგრძნობდი, რომ უფროსებს აქვთ უფლება იცხოვრონ ისე, როგორც მათ სურთ. თუ უფროსი რამით უკმაყოფილოა, მას შეუძლია ყველაფერი თავიდან დაიწყოს ან რაიმე შეცვალოს. მაგრამ თუ ბავშვია უბედური, მას არაფრის შეცვლა არ შეუძლია. ის სხვაზეა დამოკიდებული – უბედური ბავშვი უმწეოა. მშობლებს აქვთ უფლება მას ტკივილი მიაყენონ, უსიყვარულო და ნაცემი ბავშვი კი თავს დამნაშავედ გრძნობს – ეს არის მთელი ტრაგედია. კაცობრიობაში არსებულ უსამართლობათაგან ბავშვების მიმართ უსამართლობა ყველაზე ტრაგიკულია. ცხოვრება ყოველთვის სამართლიანი არ არის, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია სამართლისთვის ბრძოლა – ეს ერთადერთი გზაა! მართალია, ეს ნელი პროცესია, მაგრამ ჩვენ წინ უნდა წავიდეთ. ყველა ძლიერი ადამიანი ამტკიცებს, რომ შეუვალია მუქარის მიმართ. მაგრამ ისინი მაინც ექცევიან წნეხის ქვეშ! ძალის ჩვენება ერთადერთი გზაა შედეგის მისაღწევად. უფროსები ამას ხვდებიან და დემონსტრაციების გზით მოიპოვებენ იმას, რაც სურთ. ამ ყველაფრით იმის თქმა მსურს, რომ როცა უფროსები მიზანდასახული არიან, მათ საკუთარი თავისა და ცხოვრების გაუმჯობესების საშუალება აქვთ. ბავშვთა უფლებები კი სრულად უგულებელყოფილია!

პოლიტიკურ პარტიებს არ ანაღვლებთ ჟულიენისა და თქვენნაირი ბავშვების ბედი. იცით, რატომ? იმიტომ, რომ ბავშვებს ხმის მიცემის უფლება არა აქვთ! ბავშვებს ხმის მიცემის უფლება რომ ჰქონოდათ, მათ ბევრად უკეთესი სკოლა და სპორტული მოედნები ექნებოდათ. თქვენ მიიღებდით ამ ყველაფერს, რადგან პოლიტიკოსებს თქვენი ხმა დასჭირდებოდათ. ზამთარში მზის ამოსვლამდე, ბინდში სირბილის ნაცვლად, შეგეძლებოდათ სკოლაში ერთი საათით გვიან მოსვლა. ასევე, ჩემი ბავშვობიდან გამომდინარე, მინდა ვთქვა, რომ ვგრძნობ, ბავშვები მეტს იმსახურებენ. სწორედ ამიტომ გავხდი მასწავლებელი. ცხოვრება არ არის მარტივი. უნდა გამოაწრთოთ საკუთარი თავები მისთვის თვალის გასასწორებლად. მე არ ვგულისხმობ „კაი ბიჭობას“, მე ვსაუბრობ – ამტანობაზე. ზოგიერთ ჩვენგანი, ვისაც მძიმე ბავშვობა ჰქონდა, უკეთ არის აღჭურვილი ზრდასრული ასაკის ცხოვრებასთან გასამკლავებლად, ვიდრე ისინი, ვისაც სიყვარულით ზედმეტად იცავდნენ, ეს კომპენსაციის კანონია. ცხოვრება შეიძლება რთული იყოს, მაგრამ ამავდროულად ის მშვენიერია! როდესაც ჩვენ, ავადმყოფები, საწოლს ვართ მიჯაჭვულნი, ერთი სული გვაქვს ავდგეთ და ცხოვრებით დავტკბეთ. ხანდახან გვავიწყდება, რამდენად გვიყვარს ის. საცაა არდადეგებზე წახვალთ, ახალ ადგილებს აღმოაჩენთ და ახალ მეგობრებს გაიჩენთ. სექტემბერში ერთი კლასით მაღლა აიწევთ. ჩვენ კი ბიჭებისა და გოგონების კლასს გავაერთიანებთ. დრო მიფრინავს. მალე საკუთარი ბავშვები გეყოლებათ. თუ გეყვარებათ ისინი, მათაც ეყვარებით. თუ ისინი იგრძნობენ, რომ არ გიყვართ, ისინი საკუთარ სიყვარულსა და ალერსს სხვებს უწილადებენ. ეს არის ცხოვრება! თითოეული ჩვენგანს სჭირდება სიყვარული!”

მასალების გადაბეჭდვის წესი