ახალი ამბები

შსს-მ გვითხრა, რომ აბრუნებენ დანაშაულის დამალვის და სტატისტიკის გაყალბების პრაქტიკას – მეზვრიშვილი

1 თებერვალი, 2023 • 680
შსს-მ გვითხრა, რომ აბრუნებენ დანაშაულის დამალვის და სტატისტიკის გაყალბების პრაქტიკას – მეზვრიშვილი

პარტიის „საქართველოსთვის“ წევრი ნათია მეზვრიშვილი ეხმიანება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დანაშაულის სტატისტიკის გამოქვეყნების ვადების ცვლილებას.

კერძოდ, უწყების გადაწყვეტილებით, რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკური მონაცემები, დანაშაულის სახეობის, კონკრეტული მუხლებისა და გახსნის მაჩვენებლის მითითებით, წელიწადში 4-ჯერ, კვარტალურად გამოქვეყნდება​. აქამდე დანაშაულის სტატისტიკა ყოველთვიურად ქვეყნდებოდა.

მეზვრიშვილის თქმით, ამით შინაგან სამქეთა სამინისტრომ პირდაპირ თქვა, რომ დანაშაულის დამალვის და სტატისტიკის გაყალბების პრაქტიკას აბრუნებენ.

„როცა გვეუბნებიან, რომ დანაშაული 3.39%-ით შემცირდა, გახსნის მაჩვენებელი უპრეცედენტოდ მაღალ 62%-ს შეადგენს და კვარტალური გამოქვეყნების პრაქტიკაზე გადადიან, ეს ნიშნავს, რომ დანაშაული იმალება, სტატისტიკა ყალბდება ან ხდება სტატისტიკით მანიპულირება და ამას გვიმალავენ და აი, რატომ:

  • როცა გვეუბნებიან, რომ შემცირდა მკვლელობის მცდელობა და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, პირველი კითხვა, რაც უნდა დავსვათ, არის – ხომ არ გაიზარდა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება? თუ დააკვირდებით 26%-ითაა გაზრდილი, რაც იმას ნიშნავს, რომ დიდი ალბათობით მკვლელობის მცდელობებს და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებებს აკვალიფიცირებენ 118-ე მუხლით. ამაზე პასუხი არავის გაუცია. ჩვენ დეტალურად ვხსნიდით, რა და რატომ იმატებდა და იკლებდა.
  • როცა გვეუბნებიან, რომ შემცირდა ყაჩაღობა, პირველი კითხვა, რაც უნდა დავსვათ, არის – ხომ არ გაიზარდა ძარცვა? თუ დააკვირდებით, 22%-ითაა გაზრდილი, რაც იმას ნიშნავს, რომ დიდი ალბათობით ყაჩაღობას აკვალიფიცირებენ 178-ე მუხლით. ამაზეც პასუხი არავის გაუცია. ჩვენ დეტალურად ვხსნიდით, რა და რატომ იმატებდა და იკლებდა.
  • როცა გვეუბნებიან, რომ ქურდობამ იკლო და ვხედვათ, რომ ქურდობის გახსნის მაჩვენებელმა იმატა, ნიშნავს, რომ ან ქურდობის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდები უმაღლეს დონეზე აიყვანეს (რაც პოლიციის ისტორიაში არ მომხდარა) ან ქურდობა იმალება იმიტომ, რომ ქურდობა ფარული დანაშაულია და წლების განმავლობაში ასეთი მონაცემების ჩვენება მხოლოდ ქურდობის დამალვით იყო შესაძლებელი. ამაზეც პასუხი არავის გაუცია. ჩვენ დეტალურად ვხსნიდით, რა და რატომ იმატებდა და იკლებდა. დიდი ალბათობით დაბრუნდა ძველი პრაქტიკა, როცა ქურდობაზე დაზარალებულს აწერინებდნენ, რომ კი არ მოპარეს, დაკარგა, თავისუფლების აღკვეთაზე აწერინებდნენ, რომ ცოლად ნებით გაჰყვა და ა.შ. რასაც ვერ გავიგებთ უწყების ჩაკეტილობის პირობებში.
  • როცა გვეუბნებიან, რომ კვარტალურ გამოქვეყნებაზე გადადიან, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს ერთადერთ მიზანს ემსახურება – სტატისტიკით მანიპულირება. კერძოდ, მაგალითად: თუ იანვარში გამოძიებას დაიწყებ 100 ფაქტზე და თებერვალში ამ 100-დან გამოძიებას შეწყვეტ 20 ფაქტზე, ამ 20 ფაქტს აკლებენ იანვრის სტატისტიკას და იანვარში რეგისტრირებულად აფიქსირებენ 80-ს. ყოველთვიურად სტატისტიკის გამოქვეყნება, რომლის პრაქტიკაც ჩვენ დავნერგეთ, ნიშნავს იმას, რომ სტატისტიკით მანიპულირება შეუძლებელია. კვარტალურ გამოქვეყნებაზე გადასვლა ნიშნავს იმას, რომ წინა თვის ფაქტებზე მომდევნო თვეებში შეწყვეტილ გამოძიებებს გამოაკლებენ და დაჯამებულ სურათს გვაჩვენებენ, რაც რეალობის ამსახველი არ არის.
    გახსნის მაღალი მაჩვენებელიც განპირობებულია ორი ფაქტორით – სტატისტიკის მანიპულირებით (რაც ზემოთ აღვწერე), დანაშაულის დამალვით და შეწყვეტებით, რომლის ციფრიც აკლდება რეგისტრირებული დანაშაულის ციფრს“, – წერს მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში.

შინაგან საქმეთა მინისტრის ალექსნადრე დარახველიძის განცხადებით, სამინისტრომ შეისწავლა ევროპული ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც შემუშავდა მთელი რიგი სტატისტიკური მონაცემების გამოქვეყნების ახალი ფორმა და ვადები.

მისი თქმით, პრაქტიკული ანალიზით ცხადი გახდა, რომ სამართალდამცველების მიერ დანაშაულებრივი ფაქტის გამოვლენის, შემდეგ დანაშაულის გახსნის და დევნის დაწყების პროცესში ხშირია შემთხვევები, როდესაც ერთი თვის პერიოდი არასაკმარისია სრულყოფილი ანალიზისა და დასკვნებისთვის.

დანაშაულის სტატისტიკა ყოველთვიურად აღარ გამოქვეყნდება

მასალების გადაბეჭდვის წესი