ახალი ამბები

დანაშაულის სტატისტიკა ყოველთვიურად აღარ გამოქვეყნდება

31 იანვარი, 2023 • 743
დანაშაულის სტატისტიკა ყოველთვიურად აღარ გამოქვეყნდება

შინაგან საქმეთა სამინისტრო დანაშაულის სტატისტიკის გამოქვეყნების ვადებს ცვლის.

კერძოდ, უწყების გადაწყვეტილებით, რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკური მონაცემები, დანაშაულის სახეობის, კონკრეტული მუხლებისა და გახსნის მაჩვენებლის მითითებით, წელიწადში 4-ჯერ, კვარტალურად გამოქვეყნდება​. აქამდე დანაშაულის სტატისტიკა ყოველთვიურად ქვეყნდებოდა.

ამის შესახებ დღეს, 31 იანვარს, გამართულ ბრიფინგზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა.

მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეისწავლა ევროპული ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც შემუშავდა მთელი რიგი სტატისტიკური მონაცემების გამოქვეყნების ახალი ფორმა და ვადები.

„ყველასთვის ცნობილია, რომ საზოგადოებაში არსებული ინტერესის შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტრო სისტემატურად აქვეყნებს ისეთ ინფორმაციას, როგორიც არის: დანაშაულის სტატისტიკა; ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ ინფორმაცია; საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის მონაცემები; ოჯახში ძალადობის სტატისტიკა; საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების რაოდენობა; გაცემული მართვის მოწმობების შესახებ ინფორმაცია; სამინისტროს საქმიანობას მიკუთვნებული ბევრი სხვა მონაცემი.

ხაზგასასმელია, რომ არ იცვლება დანაშაულის სტატისტიკის დამუშავების მეთოდოლოგია, თუმცა იცვლება ვადები და გამოსაქვეყნებელი მონაცემები უფრო დეტალური ხდება. აღნიშნული ცვლილების მთავარი მიზანია დანაშაულის სტატისტიკის ანალიზის გაუმჯობესების შესაძლებლობა“, – განაცხადა დარახველიძემ.

მისი თქმით, პრაქტიკული ანალიზით ცხადი გახდა, რომ სამართალდამცველების მიერ დანაშაულებრივი ფაქტის გამოვლენის, შემდეგ დანაშაულის გახსნის და დევნის დაწყების პროცესში ხშირია შემთხვევები, როდესაც ერთი თვის პერიოდი არასაკმარისია სრულყოფილი ანალიზისა და დასკვნებისთვის.

უწყების ინფორმაციით, ყველა ჩამოთვლილი კატეგორიის მონაცემები გამოქვეყნდება ყოველი წლის დასრულების შემდეგ, შემაჯამებელი ფორმით. მათივე ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მონაცემების გამოქვეყნების ფორმისა და ვადების ცვლილება არ შეეხება საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების სტანდარტს, საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის წესსა და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხას.

მასალების გადაბეჭდვის წესი