ახალი ამბები

ანგარიშის პოლიტიკურ ჭრილში გადატანის მცდელობა უსაფუძვლოა — ჩუბინაშვილის ექსპერტი სამინისტროზე

1 თებერვალი, 2023 • 757
ანგარიშის პოლიტიკურ ჭრილში გადატანის მცდელობა უსაფუძვლოა — ჩუბინაშვილის ექსპერტი სამინისტროზე

ჩუბინაშვილის სახელობის ეროვნული კვლევითი ცენტრის ექსპერტი დავით ხოშტარია მიიჩნევს, რომ გელათის არასწორი რესტავრაციის შესახებ მეცნიერების მიერ  მომზადებული დასკვნის პოლიტიკურ ჭრილში განხილვა უსაფუძვლოა. ამის შესახებ მან ნეტგაზეთს დღეს, 1 თებერვალს განუცხადა.

ხოშტარია ერთ-ერთი თანაავტორია იანვრის მიწურულს გამოქვეყნებული დასკვნისა, სადაც მკაცრად არის გაკრიტიკებული არასწორად გადახურული გელათის ტაძრის რესტავრაციის მცდელობა. თავის მხრივ, კულტურის სამინისტრომ აღნიშნულ კვლევას 31 დეკემბერს „პოლიტიკურად ანგარიჟებული“ უწოდა და სამართლებრივი რეაგირებაც დააანონსა.

კვლევის თანაავტორის, დავით ხოშტარიას თქმით, ანგარიში სამინისტროს მხრიდან  აღქმული იყო, როგორც პირადი კრიტიკა, თუმცა კვლევის ამოცანა არ ყოფილა “ვიღაცის გაკრიტიკება, მით უმეტეს, სახელმწიფო უწყების”:

“ჩვენ სულ სხვა რეაქციას ველოდით, უფრო საქმიანს, და იმედი გვქონდა, რომ პროფესიული დისკუსია დაიწყებოდა გელათის პრობლემებზე. ეს არის პოლიტიკურ ჭრილში გადატანის მცდელობა, რაც, რა თქმა უნდა, უსაფუძვლოა. ამას არავითარი კავშირი აქვს პოლიტიკასთან.

საერთოდ, კულტურული მემკვიდრეობის ექსპერტები არ მსჯელობენ პოლიტიკური სიმპათია-ანტიპათიების მიხედვით. მსჯელობენ რეალური ფაქტების ანალიზით.

[ანგარიში] აღიქვეს როგორც მათი [სამინისტროს] კრიტიკა. თუმცა ანგარიში არის მსჯელობა პრობლემებზე, მისი ამოცანა არ ყოფილა ვიღაცის გაკრიტიკება, მით უმეტეს, სახელმწიფო უწყების. ჩვენ გვინდა გელათს ეშველოს და ამ დროს მეწყინა-არმეწყინას დრო არ არის.

პოლიტიკური ანგაჟირება, პოლიტიკური ბრძოლა, პოლიტიკური აზრი – ეს ისეთი უადგილო გამოთქმებია, საერთოდ არავითარი კავშირი არ აქვს ამ საქმესთან”, – განმარტა ხოშტარიამ.

ის ფიქრობს, რომ სამინისტროს მხრიდან სამართლებრივ შეფასებაზე საუბარი გაუგებრობაა და “ალბათ გაკეთდება განმარტებაც”. თუმცა, ხოშტარიას თქმით, “თუ რამე შესასწავლია”, ის ამის შესწავლაში პრობლემას ვერ ხედავს.

“მაინც არ ვკარგავთ იმედს და ვფიქრობთ, რომ ეს იყო პირველი ემოციური რეაქცია სამინისტროსგან, მაგრამ მერე და მერე უფრო საგნობრივ და საქმიან დისკუსიაზე გადავიდეთ”, – თქვა ხოშტარიამ.

რაც შეეხება სამინისტროს განცხადებას, რომ “ცენტრის შესაბამისმა მეცნიერებმა ანგარიში წარადგინეს არა სამინისტროში ან ცენტრის ოფისში, არამედ პარტიის ოფისში”, ხოშტარიას თქმით, ეს აბსურდია და პარტია “ლელოს” მიერ გელათის გარშემო ჩატარებულ ბრიფინგებზე ჩუბინაშვილის ცენტრის არცერთი წარმომადგენელი არ ყოფილა.


გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულმა კვლევითმა ცენტრმა ანგარიში გუშინ გამოაქვეყნა. ცენტრი დოკუმენტში მიმოიხილავს გელათის მოხატულ ტაძრებში კონსერვაციის პრობლემებს.

ცენტრის განცხადებით, ანგარიში შესრულდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს მიმართვის პასუხად და საფუძვლად უდევს ცენტრის თანამშრომელთა მრავალწლიანი ექსპერტიზა, გელათის კონსერვაციის საკითხებთან დაკავშირებით მოწოდებული დოკუმენტაცია და 2023 წლის 20 იანვარს გელათში განხორციელებული სამუშაო ვიზიტის შედეგები.

აღნიშნულ ანგარიშის ექსპერტებს პოლიტიკურად ანგაჟირებული უწოდა კულტურის სამინისტრომ. ამის შესახებ განცხადება უწყებამ გუშინ, 21 იანვარს გაავრცელა. სამინისტრო განცხადებაში აღნიშნავდა, რომ კვლევა “სამართლებრივი შესწავლის საგანი უნდა გახდეს”.

მასალების გადაბეჭდვის წესი