ახალი ამბები

„პოლიტიკურად ანგაჟირებულ პირთა მოსაზრებებია“ — სამინისტრო გელათზე ჩუბინაშვილის ცენტრის დასკვნაზე

31 იანვარი, 2023 • 1173
„პოლიტიკურად ანგაჟირებულ პირთა მოსაზრებებია“ — სამინისტრო გელათზე ჩუბინაშვილის ცენტრის დასკვნაზე

საქართველოს კულტურის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და გელათში განხორციელებული სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით „ლელოს“ პასუხობს.

თეა წულუკიანის უწყებაში ამბობენ, რომ პარტიის პრესკონფერენცია ეყრდნობოდა „ვითომდა“ გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის კვლევითი ცენტრის მიერ შემუშავებულ დასკვნას, რომელიც სამინისტროს ზედამხედველობის ქვეშ მოქმედი ორგანიზაციაა:

„მას შემდეგ, რაც 2021 წლის მარტში სამინისტროს სათავეში ჩაუდგა თეა წულუკიანი, კვლევითი ცენტრის მეცნიერთა ვიწრო ჯგუფი ხანგამოშვებით პოლიტიკურ ნიადაგზე უპირისპირდება სამინისტროსა და მის ხელმძღვანელობას და, სამწუხაროდ, ამ მიზნისათვის სისტემატურად იყენებს გელათის სამონასტრო კომპლექსში 2008-2020 წლებში შექმნილ ვითარებას“ ,- ვკითხულობთ განცხადებაში.

კულტურის სამინისტროს განცხადებით, წუხს იმის გამო, რომ  „2021 წლის მარტამდე არავის ახსოვს მოცემულ მეცნიერთა აღშფოთება გელათის სამონასტრო კომპლექსში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით“.

უწყებაში ამბობენ, რომ კვლევითი ცენტრის მიერ დღეს გამოქვეყნებული დასკვნა შემუშავებული იქნა სამინისტროსა და მის მიერ გელათში შექმნილი პრობლემების გამოსასწორებლად ქვეყნის შიგნიდან თუ უცხოეთიდან მოწვეული ექსპერტების ჩართულობის გარეშე და, შესაბამისად, შორს არის მეცნიერული დასკვნისაგან თუნდაც მისი შემუშავების მეთოდიდან გამომდინარე.

„შესაბამისად, მოცემული დასკვნა ერთი კონკრეტული და მცირერიცხოვანი, პოლიტიკურად ანგაჟირებულ პირთა ჯგუფის მოსაზრებების კრებულია“ ,- ამბობენ კულტურის სამინისტროში.

ამასთან, კულტურის სამინისტროს განცხადებით, მათთვის ცნობილი გახდა, რომ  მოცემული დასკვნა ცენტრის ხელმძღვანელისაგან მალულად იქნა შემუშავებული და დამტკიცებული.

„ეს კი ხდება მაშინ, როდესაც ცენტრის ხელმძღვანელი იმავდროულად ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარეა. ცენტრის ხელმძღვანელისა და ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის გვერდის ავლით „დამტკიცებული“ დასკვნა წარმოადგენს თუ არა კვლევითი ცენტრის დასკვნას, ეს საკითხი სამინისტროს მხრიდან დამატებითი სამართლებრივი შესწავლის საგანი უნდა გახდეს.

არავის აქვს უფლება, ვიწროპარტიული ინტერესებისათვის გამოიყენოს იმ ცენტრის სახელი და ემბლემა, რომლის სათავეშიც, ჯერ კიდევ 1940-იანი წლებიდან გიორგი ჩუბინაშვილი, ვახტანგ ბერიძე, გიორგი ახვლედიანი, სიმონ ჯანაშია, შალვა ამირანაშვილი და სხვა დიდი მეცნიერები იდგნენ“, – ვკითხულობთ კულტურის სამინისტროს განცხადებაში.

წულუკიანის უწყების განცხადებით, უცნაურ მეცნიერულ საქმიანობაზე მიანიშნებს ის ფაქტი, რომ ცენტრის შესაბამისმა მეცნიერებმა ანგარიში წარადგინეს არა სამინისტროში ან ცენტრის ოფისში, არამედ პარტიის ოფისში.

ამასთან, სამინისტროში მიიჩნევენ, რომ დასკვნა ზედაპირულია, ავტორებს კი არაკომპეტენტურობაში ადანაშაულებენ. უწყების განცხადებით, დოკუმენტის ავტორები სამუშოებს ხარაჩოდან ვიზუალური დათვალიერებით აკრიტიკებენ მაშინ ,როცა არავითარი პრაქტიკული გამოცდილება კედლის მხატვრობისა და კონსერვაცია-რესტავრაციის დარგში არ გააჩნიათ:

„ამავე არაკომპეტენტური თეორეტიკოსების საქმიანობის შედეგია ის, რომ სამინისტრო, უკვე რამდენიმე თვეა, სამონასტრო კომპლექსში გადარჩენით სამუშაოებს ვეღარ ახორციელებს.

2021 წლის მაისიდან დღემდე, კულტურის სამინისტროს ყველა გადაწყვეტილებისა და ქმედითი ნაბიჯის შესახებ ცნობილია იუნესკოსა და მისი სტრუქტურებისათვის. სამინისტრო სწორედ იუნესკოს ექსპერტების ჩართულობითა და მათი მოსაზრებების გათვალისწინებით ცდილობს, აღმოფხვრას პრობლემები, რომლითაც ცენტრის ზოგიერთი, პოლიტიკოსად ქცეული „მეცნიერი“, თეა წულუკიანის კულტურის მინისტრად დანიშვნამდე, მთელი 12 წლის განმავლობაში, საერთოდ არ დაინტერესებულა“, – აცხადებენ კულტურის სამინისტროში.

გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულმა კვლევითმა ცენტრმა ანგარიში გუშინ გამოაქვეყნა. ცენტრი დოკუმენტში მიმოიხილავს გელათის მოხატულ ტაძრებში კონსერვაციის პრობლემებს.

ცენტრის განცხადებით, ანგარიში შესრულდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს მიმართვის პასუხად და საფუძვლად უდევს ცენტრის თანამშრომელთა მრავალწლიანი ექსპერტიზა, გელათის კონსერვაციის საკითხებთან დაკავშირებით მოწოდებული დოკუმენტაცია და 2023 წლის 20 იანვარს გელათში განხორციელებული სამუშაო ვიზიტის შედეგები.

მასალების გადაბეჭდვის წესი