ახალი ამბები

ხანუმ ჯეირანოვას საქმეზე პატიმრობა კიდევ ერთ პირს მიუსაჯეს

31 იანვარი, 2023 • 462
ხანუმ ჯეირანოვას საქმეზე პატიმრობა კიდევ ერთ პირს მიუსაჯეს

საქართველოს მთავარი პროკურატურის ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ 8-წლიანი პატიმრობა შეუფარდა კიდევ პირს, რომელმაც 2014 წელს თანამზრახველებთან ერთად  ჯგუფურად, ფიზიკურად და სიტყვიერად იძალადეს ხანუმ ჯეირანოვაზე.

უწყება ამბობს, რომ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ბრალდებული ერთხმად ცნო დამნაშავედ სქესის ნიშნით ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევის, ჯგუფურად ჩადენილი დამამცირებელი მოპყრობის და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე.

„ნაფიცმა მსაჯულებმა სრულად გაიზიარეს ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დადასტურებულად მიიჩნიეს, რომ ბრალდებული სხვა თანამზრახველებთან ერთად თვლიდა, რომ დაზარალებული ქალისთვის შეუფერებელ საქციელს სჩადიოდა, რის გამოც, 2014 წლის 16 სექტემბერს სოფელ ლამბალოში დაზარალებული ძალის გამოყენებით ჩასვეს ავტომანქანაში და სოფლის ცენტრის მიმართულებით წაიყვანეს, რა დროსაც მსხვერპლის მიმართ ხორციელდებოდა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. აღნიშნულის შემდეგ ბრალდებულმა და მისმა თანამზრახველებმა სოფლის მოსახლეობის თანდასწრებით დაზარალებულს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და დამამცირებელი სიტყვებით მიმართავდნენ.

ბრალდებულის და მისი თანამზრახველების ქმედებამ დაზარალებულის მორალური ტანჯვა გამოიწვია, რომელმაც 2014 წლის 18 სექტემბერს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა,“

ბრალდებულს ბრალდება წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 144 ტერცია მუხლის მეორე ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით (დამამცირებელი მოპყრობა, ჩადენილი ჯგუფურად და სქესის ნიშნით ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევით) და 143-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით თავისუფლების უკანონო აღკვეთა).

ნაფიცი მსაჯულების მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი ვერდიქტის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. რაც შეეხება ბრალდებულის ოთხ თანამზრახველს, მათ მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლომ 2023 წლის გამამტყუნებელი განაჩენი 9 იანვარს გამოიტანა.


2014 წლის სექტემბერში ხანუმ ჯეირანოვამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, რასაც წინ უძღოდა მის მიმართ ქმრის ნათესავების მხრიდან განხორციელებული ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა.

წლებია სამოქალაქო სექტორი ითხოვდა, რომ ხანუმ ჯეირანოვას საქმე ბოლომდე გამოეძიათ და დამნაშავეები დაეკავებინათ, როგორც ადგილობრივ დონეზე, ასევე საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმების გავლით.

ამასთანავე, ჯეირანოვას ქმარი, აჯი გასანოვი რამდენიმე თვის განმავლობაში ითხოვდა იმ ოთხი პირის დასჯას, რომლებმაც, მისი განცხადებით, ჯეირანოვა ქმრის ღალატში დაადანაშაულეს, სოფელში ჩამოატარეს და სცემეს. აჯი გასანოვმა ერთ–ერთი მოძალადე იარაღით ფეხში დაჭრა და პოლიციას ჩაბარდა. სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ მას მკვლელობის მცდელობისთვის 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. საბოლოოდ კი პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა შეიწყალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი