საზოგადოება

8 წლის შემდეგ ხანუმ ჯეირანოვას საქმეზე 3 პირს ბრალი წაუყენეს

27 აპრილი, 2022 • 1540
8 წლის შემდეგ ხანუმ ჯეირანოვას საქმეზე 3 პირს ბრალი წაუყენეს

ხანუმ ჯეირანოვას საქმეზე, რომელიც 8 წლის წინ თვითმკვლელობამდე მიიყვანეს, პროკურატურამ 3 პირს ბრალი წაუყენა – ჯგუფურად თავისუფლების აღკვეთისა და დამამცირებელი მოპყრობის მუხლებით.

პროკურატურა განცხადებაში ხაზს უსვამს, რომ სახეზეა გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით ჩადენილი დანაშაული.

„2014 წლის 16 სექტემბერს საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში ბრალდებულებმა ხანუმ ჯეირანოვა ავტომანქანიდან ძალის გამოყენებით გადმოიყვანეს და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შემდგომაც, მოსახლეობის წინაშე დამცირების განზრახვით, ბრალდებულებმა დაზარალებულს თავისუფლება აღუკვეთეს, მისი ნების საწინააღმდეგოდ ავტომანქანაში ჩასვეს და სოფლის ცენტრში მიიყვანეს. სოფლის მოსახლეობის თანდასწრებით, დამამცირებელი სიტყვებით მოიხსენიებდნენ და აცხადებდნენ, რომ ქალისთვის შეუფერებელი საქციელის გამო იგი უნდა დასჯილიყო.

ისინი მოქმედებდნენ გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით და მიაჩნდათ, რომ დაზარალებულზე, როგორც ქალის ნებაზე, ზემოქმედების და მისი ბედის განკარგვის უფლება ჰქონდათ. ბრალდებულების და ჯგუფის სხვა წევრების ქმედების შედეგად,2014 წლის 18 სექტემბერს ჯეირანოვამ თავი მოიკლა,“.

სამივე პირს ბრალდება  143-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) და 144-ე ტერცია მუხლის მეორე ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით (დამამცირებელი მოპყრობა, ჩადენილი ჯგუფურად და სქესის ნიშნით ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევით) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად შვიდიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

2014 წლის სექტემბერში თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე ხანუმ ჯეირანოვამ, რასაც წინ უძღოდა მის მიმართ ქმრის ნათესავების მხრიდან განხორციელებული ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა.


წლებია სამოქალაქო სექტორი ითხოვდა, რომ ხანუმ ჯეირანოვას საქმე ბოლომდე გამოეძიათ და დამნაშავეები დაეკავებინათ, როგორც ადგილობრივ დონეზე, ასევე საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმების გავლით.

ამასთანავე, ჯეირანოვას ქმარი, აჯი გასანოვი რამდენიმე თვის განმავლობაში ითხოვდა იმ ოთხი პირის დასჯას, რომლებმაც, მისი განცხადებით, ჯეირანოვა ქმრის ღალატში დაადანაშაულეს,  სოფელში ჩამოატარეს და სცემეს. აჯი გასანოვმა ერთ–ერთი მოძალადე იარაღით ფეხში დაჭრა და პოლიციას ჩაბარდა. სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ მას მკვლელობის მცდელობისთვის 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. საბოლოოდ კი ის პრეზიდენტმა  გიორგი მარგველაშვილმა შეიწყალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი