საზოგადოება

ქალისთვის ნასროლი ქვა

2 ნოემბერი, 2015 •
ქალისთვის ნასროლი ქვა

30 წლის ხანუმ ჯეირანოვას თვითმკვლელობის მიზეზებზე მისი დედა, იეთერ აჰმადოვა საუბრობს. დედა ამბობს, რომ მისი შვილი ამ მდგომარეობამდე საზოგადოებამ მიიყვანა. თვითმკვლელობამდე ორი დღით ადრე ხანუმ ჯეირანოვას მეუღლის ბიძაშვილებმა სოფლის ცენტრში, სახალხოდ – ყველას თვალწინ  სასტიკად ცემეს. მიზეზი ის იყო, რომ მათ დაინახეს, როგორ ჩაჯდა ხანუმი მეზობელ სოფელში მცხოვრები ერთ-ერთი ახალგაზრდა ბიჭის მანქანაში.

ხანუმ ჯეირანოვა
ხანუმ ჯეირანოვა

საქართველოში, ეთნიკური აზერბაიჯანელებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში ჯერ კიდევ ხშირია ქალის მიმართ ძალადობა – საზოგადოება იქ დაუწერელი კანონებით  ხელმძღვანელობს. ამის გამო ყოველწლიურად უამრავი ქალი ხდება სინდისის დანაშაულის მსხვერპლი. გასულ წელს საქართველოში  ძალადობის მსხვერპლი 27 ქალი გახდა. საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სტუდენტების მიერ ადგილობრივ მედიაში ჩატარებული მონიტორინგით ირკვევა, რომ მკვლელობის ყოველი მე-10 შემთხვევა თბილისში, ყოველი მე-17 კი რეგიონებში ხდება.


საერთაშორისო ორგანიზაცია „Amnesty International“ აღნიშნავს, რომ საზოგადოება, რომელიც  სინდისს ანიჭებს უპირატესობას, ქალების მიმართ დაუნდობელია და მათ თავდაცვის უფლებას არ აძლევს. საზოგადოების გაკიცხვისგან თავის დაღწევის მიზნით  და “სირცხვილის” ჩამოსარეცხად ოჯახები, რომლებიც სხვა ალტერნატივას ვეღარ ხედავენ, ქალს ესხმიან თავს. ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებული სხვა მრავალი სოფლის მსგავსად, ნათესავებსა და მეზობლებს იორმუღანლოშიც (იგივე სოფ. გარაჩოფი) თავისუფლად შეუძლიათ სხვა ადამიანის პირად ცხოვრებაში ჩარევა.


იეთერ აჰმადოვა ამბობს, რომ ხანუმ ჯეირანოვა 16 წლის ასაკში გაიტაცეს. 13-წლიანი ქორწინებიდან მას ორი ბიჭი შეეძინა. მიუხედავად იმისა, რომ ხელმოკლედ ცხოვრობდნენ, ხანუმს და მის მეუღლეს ოჯახში სერიოზული პრობლემა არასოდეს ჰქონიათ. თუმცა მათ პირად ცხოვრებაში საზოგადოების ჩარევა ტრაგედიით დამთავრდა. ხანუმ ჯეირანოვამ თავის მოკვლა მთელი სოფლის წინაშე დამცირების შემდეგ გადაწყვიტა. მისი ოჯახი საზოგადოების მხრიდან განსჯას და გარიყვას ხანუმის სიკვდილის შემდეგაც ვერ გაექცა.


„შემთხვევიდან სამი თვის შემდეგ ჩემი ქალიშვილის მეუღლე – აჯი საჩაიეში იყო. სოფლის ერთ-ერთმა მცხოვრებმა, აფგან დეიხანოვმა ხანუმი შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენია. იკამათეს და აჯიმ ის ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა.“


აჯი ჰასანოვს სასამართლოს გადაწყვეტილებით შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს. აჯის და ხანუმის ორ შვილს მეურვეობას ახლა ხანუმის მშობლები უწევენ. ბაბუამ – ზაჰიდ ჯეირანოვმა შვილიშვილებს უთხრა, რომ მამა სამუშაოდ თურქეთში წავიდა.


ერთი წლის წინ, ხანუმის სიკვდილთან დაკავშირებით გაზეთ „კვირის პალიტრისთვის“ მიცემულ ინტერვიუში აჯი ჰასანოვმა განაცხადა:


„ხანუმი კარგი ადამიანი იყო. ის ყოველთვის მეხმარებოდა. შემთხვევის დროს საძოვარზე ვიყავი. ბიძაშვილებს ის სხეულის დალურჯებამდე უცემიათ, მანქანაში ჩაუსვიათ, სოფლის ცენტრში მიუყვანიათ და ხალხის თვალწინ თავიდან უცემიათ.  სოფელში ფეხშიშველი უტარებიათ. სიკვდილის წინ ბავშვების ნახვა უნდოდა, მაგრამ ბავშვები ძმასთან ყოფილან. იმ სირცხვილის გამო თავი ჩამოიხრჩო. ჩემი მეუღლე ასეთ მოქცევას არ იმსახურებდა.“

ზაჰიდ ჯეირანოვი
ზაჰიდ ჯეირანოვი

ხანუმის მამა ამბობს, რომ გარე პირებს მათ ცხოვრებაში ჩარევის უფლება არ ჰქონდათ: „თუ ხანუმის დასჯა იყო საჭირო, ეს მე ან მის მეუღლეს უნდა გაგვეკეთებინა.“


ადამიანების ლინჩის წესით გასამართლება ჯერ კიდევ ბევრ ქვეყანაში გვხვდება. საქართველოში მცხოვრები მუსლიმი მოსახლეობის ნაწილი შარიათის კანონებით ხელმძღვანელობს.


სოფელ იორმუღანლოს (გარაჩოფის) იმამი ჯაბრაილ მირზაევი აცხადებს, რომ ის, რაც  ხანუმს გადახდა თავს, ისლამთან თანხვედრაში არ არის:


„ეს შემთხვევა მე ისლამის ადრინდელ პერიოდს მახსენებს. მაშინ ქალიშვილებს ცოცხლად მარხავდნენ. მუჰამედ წინასწარმეტყველმა ეს აკრძალა. წინასწარმეტყველის ერთ-ერთ ჰადისში ნათქვამია, რომ სამოთხე დედათა ფერხთითაა. ისლამი ადამიანების წინააღმდეგ ძალადობით მოპყრობას კრძალავს. ეს დაუშვებელია.“


იორმუღანლოს (გარაჩოფის) დაწყებითი კლასის მასწავლებელი, ზოჰრა ხეირი ხაბაროვა ამბობს, რომ ხანუმის და აჯის ოჯახის ტრაგედიამ მათ შვილებს დიდი ტრავმა მიაყენა:


„დედის გარდაცვალების შემდეგ ჩვენ მათზე უფრო მეტად ვზრუნავთ, მაგრამ დედას ვერავინ შეცვლის.“


ზაჰიდ ჯეირანოვი შვილისა და სიძის საქმის ძიებით უკმაყოფილოა. ამბობს, რომ, მიუხედავად იმისა, გამოძიება ერთ წელზე მეტია გრძელდება,  მას შედეგი არ აქვს:


„ხანუმის თვითმკვლელობამდე მიყვანის ინიციატორები: თელმან ჰასანოვი, აივაზ ჰასანოვი, ნოვრუზ ჰასანოვი, ელჩინ დეიხანოვი და აფგან ჰუსეინოვი პასუხისგებაში უნდა მისცენ. ისინი კვლავ თავისუფლები არიან. ეს პირები თავის დროზე რომ პასუხიგებაში მიეცათ, აჯი ახლა შვილების გვერდით იქნებოდა. აჯი დააკავეს, მაგრამ ის ადამიანები, რომლებმაც ჩემი შვილი სიკვდილის პირას მიიყვანეს, არ დაუკავებიათ. მათ რატომ არ აპატიმრებენ? ჩემს კითხვას პასუხი გასცენ!“


როცა ხანუმს სოფელში სცემდნენ, შემთხვევის ადგილზე პოლიცია არ მისულა. სოფლის პოლიციაში ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ. საქართველოს მთავარი პროკურატურის პრესმდივანი, ნათია სუხიაშვილი განმარტავს, რომ გამოძიების დასრულებამდე თვითმკვლელობასთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეზე კითხვებს პასუხს ვერ გასცემს.


მიუხედავად იმისა, რომ ხანუმის ქუჩაში ცემის ფაქტი სოფლის მოსახლეობის თვალწინ მოხდა, არავის სურს ამ თემაზე გამოძიებასთან საუბარი. იურისტი დიმიტრი ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ პროკურატურის ინფორმაციით, მოწმეთა ჩვენებები საკმარისი არ არის:


„საქმესთან დაკავშირებით მხოლოდ ხანუმის მცირეწლოვანი შვილები დაიკითხნენ. პროკურატურას საქმის პერსპექტივის არ სჯერა.“


დემოკრატიული კავშირის-  „მტრედის“ თავმჯდომარე საბინა თალიბოვა ამბობს, რომ საზოგადოებაში ქალთა წინააღმდეგ არსებული ძალადობის თავიდან ასაცილებლად პირველ რიგში კანონის გამოყენებაა მნიშვნელოვანი:


„პოლიცია რომ თავის დროზე ჩარეულიყო, მაშინ, როცა ხანუმს ქუჩაში ცემდნენ, მოვლენები ასე არ განვითარდებოდა. ჩანს, პოლიციის მრიდან დაუდევრობას ჰქონდა ადგილი. მომხდარზე პოლიციასაც ეკისრება პასუხისმგებლობა. ერთი-ორი ადამიანი თუ დაისაჯა ასეთი ქმედების გამო, შედეგს  მივაღწევთ.“


ზაჰიდ ჯეირანოვი აცხადებს, რომ სანამ დამნაშავეებს  საკადრის სასჯელს არ მიუსჯიან, სიმშვიდეს ვერ იპოვის: „თუ პროკურატურამ საქმე არ გამოიძია, იმ ადამიანებს, ვინც ხანუმი თვითმკვლელობამდე მიიყვანეს, მე თვითონ დავსჯი.“


ოჯახის ადვოკატი, არასამთავრობო ორგნიზაციის – „საფარის“ დირექტორი, ბაია პატარაია აცხადებს: „ჩვენ არ ვაპირებთ გავჩერდეთ ეროვნულ დონეზე და სამართლის მისაღწევად გაეროს მექანიზმების გამოყენებას ვაპირებთ“.

 


სტატია მომზადებულია თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის პროექტის ფარგლებში, რომელიც საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი. ავტორის/ავტორების მიერ სტატიაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს პოზიციას.

მასალების გადაბეჭდვის წესი