ახალი ამბები

ხანუმ ჯეირანოვას შვილებს სახელმწიფომ 100 000 ლარი უნდა გადაუხადოს – საფარი

7 ოქტომბერი, 2022 • 710
ხანუმ ჯეირანოვას შვილებს სახელმწიფომ 100 000 ლარი უნდა გადაუხადოს – საფარი

ორგანიზაცია „საფარის“ ინფორმაციით, ხანუმ ჯეირანოვას ორ შვილს სახელმწიფომ კომპენსაციის სახით, ჯამში, 100 000 ლარი უნდა გადაუხადოს.

სასამართლოში მათ ინტერესებს „საფარის“ იურისტი ნინო ანდრიაშვილი იცავდა. მისი განმარტებით, კომპენსაცია ბავშვებმა იმ მორალური ტრავმისთვის მიიღეს, რისი მომსწრენიც მცირეწლოვან ასაკში გახდნენ.

“საფარმა” კომპენსაციის საკითხზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას გაეროს ქალთა კომიტეტის (CEDAW) გადაწყვეტილების შემდეგ მიმართა. კომიტეტმა დაადგინა, რომ “საქართველომ ვერ უზრუნველყო გამოძიება და სამართლებრივი დევნა ქალის მიმართ გენდერული ნიშნით და ღირსების სახელით ჩადენილ ძალადობასთან დაკავშირებით”. გადაწყვეტილების მიხედვით, სახელმწიფოს, ერთი მხრივ, სწორად და ეფექტიანად უნდა წარემართა გამოძიება, მეორე მხრივ კი, ხანუმ ჯეირანოვას შვილებისთვის სამართლიანი კომპენსაცია გადაეხადა“, – ამბობს ორგანიზაცია.

ნინო ანდრიაშვილი ამბობს, რომ CEDAW-ს გადაწყვეტილების შემდეგ კომპენსაციის გადახდაზე სასამართლო დავა დღის წესრიგში საერთოდ არ იდგა და მოსამართლეს მხოლოდ თანხის ოდენობაზე უნდა ემსჯელა.

იურისტი განმარტავს, რომ მსგავს შემთხვევებში გადაწყვეტილება ზეპირი მოსმენის გარეშე მიიღება, თუმცა ამ შემთხვევაში სხდომა ჩაინიშნა, სადაც მოსამართლემ მხარეთა პოზიციები მოისმინა. საბოლოოდ, “საფარის” მიერ მოთხოვნილი ოდენობის – თითოეულ შვილზე 100 000 ლარის ნაცვლად, სასამართლომ თითოეულისთვის 50 000 ლარი განსაზღვრა.


2014 წლის სექტემბერში თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე ხანუმ ჯეირანოვამ, რასაც წინ უძღოდა მის მიმართ ქმრის ნათესავების მხრიდან განხორციელებული ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა.

წლებია სამოქალაქო სექტორი ითხოვდა, რომ ხანუმ ჯეირანოვას საქმე ბოლომდე გამოეძიათ და დამნაშავეები დაეკავებინათ, როგორც ადგილობრივ დონეზე, ასევე საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმების გავლით.

ამასთანავე, ჯეირანოვას ქმარი, აჯი გასანოვი რამდენიმე თვის განმავლობაში ითხოვდა იმ ოთხი პირის დასჯას, რომლებმაც, მისი განცხადებით, ჯეირანოვა ქმრის ღალატში დაადანაშაულეს, სოფელში ჩამოატარეს და სცემეს. აჯი გასანოვმა ერთ–ერთი მოძალადე იარაღით ფეხში დაჭრა და პოლიციას ჩაბარდა. სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ მას მკვლელობის მცდელობისთვის 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. საბოლოოდ კი პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა შეიწყალა.

8 წლის შემდეგ ხანუმ ჯეირანოვას საქმეზე 3 პირს ბრალი წაუყენეს

მასალების გადაბეჭდვის წესი