ახალი ამბები

ხანუმ ჯეირანოვას საქმეზე 8 წლის შემდეგ 4 პირს პატიმრობა მიუსაჯეს

10 იანვარი, 2023 • 1285
ხანუმ ჯეირანოვას საქმეზე 8 წლის შემდეგ 4 პირს პატიმრობა მიუსაჯეს

საქართველოს მთავარი პროკურატურის ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა 4 პირს, რომლებმაც 2014 წელს ჯგუფურად, ფიზიკურად და სიტყვიერად იძალადეს ხანუმ ჯეირანოვაზე. ამის შემდეგ ჯეირანოვამ სიცოცხლე სუიციდით დაასრულა. მას ქმარი და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

პროკურატურის ინფორმაციით, 2014 წლის 16 სექტემბერს საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში ბრალდებულებმა, მიიჩნევდნენ რა, რომ დაზარალებული სჩადიოდა ქალისთვის შეუფერებელ საქციელს, იგი ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩააყენეს, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შემდეგაც იძულებით ჩასვეს ავტომანქანაში და სოფლის ცენტრში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას მიიყვანეს. ბრალდებულები დაზარალებულს სოფლის მოსახლეობის თანდასწრებით დამამცირებელი სიტყვებით მოიხსენიებდნენ, შეურაცხყოფას აყენებდნენ და აცხადებდნენ, რომ ქალისთვის შეუფერებელი საქციელის გამო უნდა დასჯილიყო.

დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების ქმედებამ დაზარალებულის მორალური ტანჯვა გამოიწვია, რის გამოც 2014 წლის 18 სექტემბერს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

როგორც პროკურატურა აცხადებს, სასამართლომ ოთხივე პირი დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144 ტერცია მუხლის მეორე ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით (დამამცირებელი მოპყრობა, ჩადენილი ჯგუფურად და სქესის ნიშნით ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევით) და სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ამ სისხლის სამართლის საქმეზე თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე ბრალდება წარდგენილი აქვს ასევე ერთ პირს, რომლის საქმეც თბილისის საქალაქო სასამართლოში ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით იხილება.


2014 წლის სექტემბერში ხანუმ ჯეირანოვამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, რასაც წინ უძღოდა მის მიმართ ქმრის ნათესავების მხრიდან განხორციელებული ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა.

წლებია სამოქალაქო სექტორი ითხოვდა, რომ ხანუმ ჯეირანოვას საქმე ბოლომდე გამოეძიათ და დამნაშავეები დაეკავებინათ, როგორც ადგილობრივ დონეზე, ასევე საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმების გავლით.

ამასთანავე, ჯეირანოვას ქმარი, აჯი გასანოვი რამდენიმე თვის განმავლობაში ითხოვდა იმ ოთხი პირის დასჯას, რომლებმაც, მისი განცხადებით, ჯეირანოვა ქმრის ღალატში დაადანაშაულეს, სოფელში ჩამოატარეს და სცემეს. აჯი გასანოვმა ერთ–ერთი მოძალადე იარაღით ფეხში დაჭრა და პოლიციას ჩაბარდა. სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ მას მკვლელობის მცდელობისთვის 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. საბოლოოდ კი პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა შეიწყალა.

ხანუმ ჯეირანოვას შვილებს სახელმწიფომ 100 000 ლარი უნდა გადაუხადოს — საფარი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი