ახალი ამბები

„უკანონო მოსმენები კვლავ დიდი გამოწვევაა“ — ადამიანის უფლებათა ცენტრის ანგარიში

31 იანვარი, 2023 • 631
„უკანონო მოსმენები კვლავ დიდი გამოწვევაა“ — ადამიანის უფლებათა ცენტრის ანგარიში

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ 2022 წლის ანგარიშის მიხედვით, ქვეყანაში კვლავ დიდი გამოწვევაა უკანონო მოსმენები. ორგანიზაციის შეფასებით, პრობლემურია როგორც თავად მოსმენის ფაქტები, ასევე, გამოძიებასთან დაკავშირებული საკითხები.

ორგანიზაციის განცხადებით, „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ სამართლებრივ დახმარებას უწევს ჟურნალისტებს – ანა ჭეიშვილსა და ხვიჩა ვაშაყმაძეს, ასევე, ადვოკატებს – გიორგი ფანცულაიას, მია ზოიძესა და მიხეილ რამიშვილს, რომლებიც 2021 წლის 13 სექტემბერს, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გავრცელებულ საიდუმლო ფაილებში არიან ნახსენები.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ აღნიშნავს, რომ ადვოკატები გიორგი ფანცულაია, მია ზოიძე და მიხეილ რამიშვილი დაკავშირებულნი არიან ისეთ გახმაურებულ საქმეებთან, როგორიცაა ე.წ. ციანიდის საქმე, თამარ ბაჩალიაშვილის საქმე და ა.შ.

ანგარიშის ავტორების თქმით, ცენტრის იურისტებს, ერთი მხრივ, დიდი ძალისხმევა დასჭირდათ მათი დაცვის ქვეშ მყოფთათვის დაზარალებულის სტატუსის მისანიჭებლად, მეორე მხრივ კი, მასალების გაცნობა მხოლოდ ადგილზე შეუძლიათ, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას.

ამასთან, ანგარიშის ავტორები ხაზს უსვამენ, რომ ქვეყანაში გაუარესდა ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტები ფარული საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში.

უფრო კონკრეტულად, დოკუმენტის ავტორების თქმით, გაფართოვდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედების არეალი და სუბიექტისთვის შეტყობინების ვადები.

„მაგალითისთვის შეგვიძლია გამოვყოთ, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედებების გავრცელება შესაძლებელი იქნება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლთან მიმართებითაც. გასათვალისწინებელია, რომ საქართველოში შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლებასთან დაკავშირებით გარკვეული გამოწვევები არსებობს.

მათ შორისაა სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლის მიზეზით შეკრების მონაწილეთა დაკავების მავნე პრაქტიკა, რაც ხშირად არამართლზომიერია“, – ვკითხულობთ ანგარიშში.

ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის (ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს, ან მასში აქტიური მონაწილეობა) ერთ-ერთ საფუძვლად სწორედ ხელისუფლების წარმომადგენლის (პოლიციის, პროკურატურის თანამშრომლის და ა.შ.) კანონიერი მოთხოვნისადმი აშკარა დაუმორჩილებლობა ითვლება.

ანგარიშის ავტორები განმარტავენ, რომ შესაძლოა, აშკარა დაუმორჩილებლობა გამოიხატოს ორგანიზატორ(ებ)ის მხრიდან მონაწილეების მოწოდებაში, არ შეასრულონ ეს ბრძანება ან/და არ დატოვონ დაკავებული ადგილი:

„ამ ცვლილებებს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო და მოტივირებული შენიშვნებით კანონპროექტი საქართველოს პარლამენტს დაუბრუნა. საქართველოს პრეზიდენტის დამოკიდებულება გაიზიარა ვენეციის კომისიამაც, რომელმაც უარყოფითად შეაფასა როგორც კანონპროექტის მომზადების პროცესი, ასევე – შინაარსი.

მითითებულ ცვლილებებს გამოეხმაურა გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტიც, რომლის შემაჯამებელ დასკვნაში ვკითხულობთ, რომ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დასაცავად საქართველოში არ არსებობს დაცვის ეფექტიანი გარანტიები და კომიტეტი წუხს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსთან მიმართებით განხორციელებულ ცვლილებებზე. მიუხედავად ეროვნული თუ საერთაშორისო აქტორების კრიტიკისა, 2022 წლის 6 სექტემბერს პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია“ — წერია ანგარიშში.

ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ იმ ფონზე, როცა საქართველოში რამდენჯერმე გამოვლინდა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევის მასშტაბური ფაქტები, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედებები კიდევ უფრო მეტად აფართოებს ამგვარი მოქმედებების არეალს, რასაც მინიმუმამდე დაჰყავს ფარული საგამოძიებო მოქმედებების კანონიერების შემოწმების შესაძლებლობა.

შესაბამისად, ანგარიშის ავტორების მიიჩნევენ, რომ რაკი 2014 წლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის რედაქციის მოქმედების დროსაც მიმდინარეობდა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევა, 2022 წლის ცვლილებები უკვე უფლებას აძლევს საგამოძიებო ორგანოებს, კანონის ფარგლებში განახორციელონ პირადი ცხოვრების უფლების არამართლზომიერი შეზღუდვა, რაც მათი პასუხისმგებლობის დადგომის შანსებსაც ამცირებს.

ანგარიშს სრულად გაეცანით ბმულზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი