ახალი ამბები

ენმ-ში გაიმარჯვა წარსულმა, თანამშრომლობის რესურსს ვერ ვხედავთ — ნაცვლიშვილი

31 იანვარი, 2023 • 754
ენმ-ში გაიმარჯვა წარსულმა, თანამშრომლობის რესურსს ვერ ვხედავთ — ნაცვლიშვილი

„ლელოს“ წევრის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ შიდაპარტიულ არჩევნებში გაიმარჯვა წარსულმა და წარსულის მეთოდებმა.

ამიტომ, ნაცვლიშვილის თქმით, ამჟამად „ლელო“ ენმ-სთან სტრატეგიული თანამშრომლობის რესურსს ვერ ხედავს.

„პარტიასთან, რომელიც შედეგებით აჩვენებს, რომ წარსულში ბრუნდება, ჩვენ მასთან თანამშრომლობის მიზანს ვერ ვხედავთ. თუ დავინახავთ, რომ რაიმე რადიკალურ ცვლილება და მომავალზე ორიენტირებაა, საუბრით ყველასთან ვსაუბრობთ, მაგრამ ახლა ვერ ვხედავ სტრატეგიული თანამშრომლობის წინაპირობებს და რესურსებს პარტიასთან, სადაც წარსულმა და წარსულის მეთოდებმა გაიმარჯვა, რომელიც არც მაშინ მომწონდა და არც ახლა მომწონს ამ ხელისუფლების პირობებში“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.


დღეს ცნობილი გახდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის არჩევნებში ლევან ხაბეიშვილმა გაიმარჯვა.

მან 21 656 ხმა მიიღო, რაც საერთო ხმათა რაოდენობის 52.58%-ია. რაც შეეხება მის მთავარ ოპონენტს, პარტიის ცნობითვე, ნიკა მელიას ხმა მისცა 16 477-მა რეგისტრირებულმა ამომრჩეველმა, რაც საერთო ხმათა რაოდენობის 40%-ია.

წინასაარჩევნო პერიოდში ენმ-ის ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებდა, რომ მისი მთავარი კონკურენტი არა ლევან ხაბეიშვილი, არამედ ტელეკომპანია „ფორმულას“ დამფუძნებელი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი იყო. მელიას თქმით, სწორედ ეს ადამიანები დგანან  პარტიაში მიმდინარე მოვლენებისა და ლევან ხაბეიშვილის უკან და პარტიაში არაფორმალური გავლენების მოპოვებას ცდილობენ.

ენმ-ში მიმდინარე პროცესბზე ამ დრომდე საჯარო განცხადება არ გაუკეთებიათ თავად კეზერაშვილს. თუმცა ვანო მერებიშვილის ოფიციალური ფეისბუქიდან ჩანდა, რომ მხარს ნამდვილად ლევან ხაბეიშვილს უჭერდა. კეზერაშვილ-მერაბიშვილის მხარდაჭერას არ უარყოფს თავად ხაბეიშვილიც, თუმცა აცხადებს, რომ კეზერაშვილი მისი პოლიტიკური პარტნიორი არაა.

ვრცლად:

ენმ-ს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა

მასალების გადაბეჭდვის წესი