მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან გაუქმების საკითხზე მიმდინარე სასამართლოზე მოსამართლე გიორგი არევაძემ დასაშვებად ცნო სააკაშვილის ჯანმრთელობაზე პენიტენციური სამსახურის დაკვეთით სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ მომზადებული დასკვნა. დოკუმენტი ეწინააღმდეგება ცენტრ „ემპათიის“ მიერ მანამდე მომზადებულ შეფასებას.
მსჯავრდადებულის ადვოკატები სასამართლოზე ეჭვქვეშ აყენებდნენ აღნიშნული დასკვნის მომზადების კანონიერებას პენიტენციური სამსახურის დაკვეთით. ამასთან, დაცვის მხარე ითხოვდა დასკვნის ავტორების, როგორც მოწმეების აცილებას და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდნენ მათ მიუკერძოებლობას. ამასთან, დაცვის მხარის განცხადებით, დასკვნაში გაკრიტიკებულია ისეთი დიაგნოზები, რომლებიც ცენტრ „ემპათიის“ მიერ მომზადებულ დასკვნაში საერთოდ არ არის ნახსენები.
საბოლოოდ, მოსამართლემ დღევანდელ, 30 იანვრის სხდომაზე აღნიშნა, რომ წარმოდგენილი დასკვნა უნდა დაერთოს საქმეს. მისი თქმით, დოკუმენტის მომზადებისას საკანონმდებლო მოთხოვნები არ დარღვეულა. რაც შეეხება ექსპერტების დაკითხვას, მოსამართლე გიორგი არევაძემ განაცხადა, რომ ვინაიდან საუბარია სპეციფიკურ ცოდნაზე, მისი გადაწყვეტილებით, მხარეებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, საკუთარი მოსაზრებები სასამართლოზე წარმოადგინონ და პენიტენციური სამსახურის მიერ მოთხოვნილი პირები, აკაკი ტყემალაძე, ნოდარ კაკაბაძე და ნანა კეკელიძე უნდა დაიკითხონ სხვა მოწმეებთან ერთად.
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა 26 იანვარს თქვა, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ შეისწავლა ცენტრ “ემპათიის” მიერ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მომზადებული დასკვნა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ ხსენებულ დასკვნაში მოცემული „ფსიქიატრიული, გასტროენტეროლოგიური და ნევროლოგიური დიაგნოზები არ არის სარწმუნო და უტყუარი”. ბრეგაძის თანახმად, ექსპერტიზის დამკვეთის, პენიტენციური სამსახურის ინტერესს წარმოადგენდა, რამდენად მეცნიერულად სარწმუნო და უტყუარი იყო ცენტრ „ემპათიის” დასკვნა და გამოტანილი დიაგნოზები რამდენად შესაბამისობაში იყო საქართველოს კანონმდებლობასთან”.
პერსონალური მონაცემების დაცვის მოტივით, იუსტიციის სამსახური სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნას არ ასაჯაროებს. ცენტრ „ემპათიის“ შეფასებით, “დასკვნაზე დასკვნის” მომზადების იურიდიული საფუძველი საეჭვოა და იუსტიციის სამინისტროს მიკერძოებულ სტატუსზე მიუთითებს.
„ამგვარი მოქმედება სხვა პატიმრის შემთხვევაში ჩვენთვის უცნობია“, — აცხადებს „ემპათია“.
ვრცლად ამ თემაზე წაიკითხეთ.